პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თბილისში 20 ივნისს გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა. მან აქციის ორგანიზატორებად "ბაკურიანის გეგმის" განმახორციელებლები დაასახელა, მონაწილეებად კი ხალხი, ვისაც ევროინტეგრაცია სურს.
„ვისი ორგანიზებული იყო, აქ დაისვა კიდევ ერთხელ კითხვა. რა თქმა უნდა, ეს იყო "ნაცმოძრაობის", „სირცხვილიას“ და მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაისახეს მისი განხორციელება, თუმცა ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განმარტებით, „ბაკურიანის გეგმის“ მიმდევრებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას (უკრაინას და მოლდოვას) ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიენიჭებოდა, საქართველოს კი - არა. ეს „საიდანღაც წინასწარ იცოდნენ. ამას უნდა მოჰყოლოდა აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი“. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს გეგმა კვლავ ძალაშია.
ამასთან, მან ისაუბრა 20 ივნისის აქციის მონაწილეებზეც.
„გუშინ ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და, როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც, ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის 3 მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში, დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს, ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85% და ეს მიზანი - ევროინტეგრაცია - პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან გამოსვლის ბოლოს აქციის ორგანიზატორების მიერ წაკითხული მანიფესტიც შეაფასა.
„გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა. ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისთვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომლის გარეშეც ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“, - თქვა კობახიძემ.
გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.
აქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.
აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე, წაიკითხეს მანიფესტი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, 2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, "ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე". მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.