ზელენსკი: შემოდგომისთვის უკრაინიდან 75 მილიონი ტონა მარცვლეული ვერ გავა ექსპორტზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს შეახსენებს ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანმხლებ მოვლენას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებას რუსეთის მიერ. ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა გემსაწინააღმდეგო შეიარაღებას ვერ მიიღებს, შემოდგომისთვის 75 მილიონი ტონა მარცვლეული ვეღარ გავა ექსპორტზე უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან.
უკრაინა (ისევე როგორც რუსეთი), მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ლიდერი ქვეყანაა. გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის შეფასებით, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდა, მსოფლიოში შიმშილობის ზღვარზე 47 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება. მას მერე, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოში გაიზარდა სამომხმარებლო კალათის ფასებიც. გაეროს მონაცემებით,საკვების გლობალურმა ინდექსმა მარტში ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია და გაიზარდა 12.6%-ით.
კრემლში ამტკიცებენ, რომ სურსათის მიწოდებაში არსებული პრობლემები, რაც, გაეროს შეფასებით, უკვე მილიონობით ადამიანს ემუქრება შიმშილით, „არის დასავლეთის მცდარი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის, ასევე მათ მიერ ანტირუსული სანქციების შემოღების შედეგი“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ თქვა, რომ უკრაინა თურქეთსა და დიდ ბრიტანეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მესამე ქვეყნის დახმარებით მოხდეს უკრაინული ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა შავ ზღვაში. თუმცა ზელენსკიმ დაამატა, რომ ყველაზე მტკიცე გარანტია იქნებოდა უკრაინული შეიარაღება.
Туман-ი - მეოთხე დადასტურებული - რატომ იღუპებიან რუსი გენერლები უკრაინასთან ომში?
რუსეთის შეიარაღებული ძალები სწრაფი ტემპით კარგავენ ოფიცრებს და მათ შორის - გენერლებს. უკვე დადასტურებულია ოთხი შემთხვევა. გენერლები ძირითადად ფრონტის ხაზის სიახლოვეს, ანდა უშუალოდ ბრძოლაში იღუპებიან.
ის, რასაც რუსეთის მხარე გმირობად და თავგანწირვად წარმოადგენს, სინამდვილეში, ბრძოლის მაღალი სტანდარტებით, დიდი სისუსტისა და აუწყობელი სისტემის მანიშნებელია.
5 ივნისს, მათ შორის - რუსულმა და უკრაინულმა წყაროებმა დაადასტურეს ინფორმაცია კიდევ ერთი გენერალ-მაიორის, იური კუტუზოვის დაღუპვის შესახებ. აშშ-ის სამხედრო დაზვერვა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იუწყებოდა, რომ რუსეთს უკვე, სულ ცოტა, 8 გენერალი დაეღუპა.
30 მაისს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსეთი განიცდის „გამანადგურებელ დანაკარგს“, მათ შორის - მაღალი რგოლის ოფიცრებს შორის.
საერთაშორისო ექსპერტები და მედია გენერლების სიკვდილის მთავარ მიზეზებად ასახელებენ შემდეგს:
- დაუცველი საკომუნიკაციო არხებით სარგებლობა - კავშირგაბმულობის სუსტი უზრუნველყოფის გამო;
- ფრონტის ხაზთან ახლოს გენერლების ყოფნის აუცილებლობა - აუწყობელი სამეთაურო სისტემისა და რუსი სამხედროების სუსტი მორალური სულისკვეთების გამო.
წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე ძალადობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ - მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ დააკავა ერთი ადამიანი. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ირაკლი ხომასურიძეა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.
დავით ბერძენიშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ხათუნა სამნიძესთან ერთად დაზარალებულად ცნეს.
„მოვდიოდით მე და დათო ბერძენიშვილი რუსთაველის გამზირზე, ორი ადამიანი მოვიდა ქაშვეთის ეკლესიასთან, დაგვიწყეს საუბარი პოლიტიკაზე. ასეთ დროს ვჩერდებით ხოლმე და ვესაუბრებით. შემდეგ დაიწყო აგრესიული საუბარი, ვეცადე გავრიდებოდით, ვუთხარით, რომ გვეჩქარებოდა. ამის შემდეგ გადავიდნენ ლანძღვაზე, დედის გინებაზე. გვითხრეს, რომ მოღალატეები ვართ... ერთ-ერთი ფიზიკურად გაიწია დათო ბერძენიშვილზე, მე შუაში ჩავუდექი და მეც ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა ორივემ“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
მაიმუნის ყვავილის ვირუსის ერთი სავარაუდო შემთხვევა უარყოფითია, ერთის გამოკვლევა გრძელდება
საქართველოში სწავლობენ მაიმუნის ყვავილის ერთ სავარაუდო შემთხვევას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. 6 ივნისს კიდევ ერთი შემთხვევის შესწავლის შედეგად ვირუსი არ დადასტურდა.
„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს“, - აცხადებს გამყრელიძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის ვირუსის 780 შემთხვევა მსოფლიოს გარშემო 27 ქვეყანაში, იუწყება გაეროს ჯანდაცვის ეს სააგენტო 5 ივნისს.
ზურაბიშვილი პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურების შესახებ განცხადებას აქვეყნებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. პრეზიდენტი მათ მოქმედებას საქართველოს ევროპული გზის საწინააღმდეგო მიზანმიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს.
„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული. ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან“, - ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის გეგმის ნაწილი, რათა პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე და გამოჩნდეს როგორც ანტიდასავლური და ანტიევროპული სახელმწიფო.
"დოჟდი" სტუდიიდან მაუწყებლობას აპირებს ლატვიაში, საფრანგეთში, საქართველოსა და ნიდერლანდში
ტელეარხი „დოჟდი“, რომელმაც ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სტუდიიდან რამდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობას აპირებს, მათ შორის არის საქართველოც. ამის თაობაზე ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ დაწერა.
„9 ივნისს მაუწყებლობის დაწყებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როდესაც მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს - სხვადასხვა სტუდიიდან ვაპირებთ მაუწყებლობას ლატვიაში, ნიდერლანდში, საფრანგეთსა და საქართველოში. მცირედით დავიწყებთ და გავფართოვდებით საეთერო ბადეში. ძალიან მოგვენატრეთ და ვიმედოვნებთ, თქვენც [მოგენატრეთ]. ყველა დეტალი - მალე!“ - დაწერა ძიატკომ ფეისბუკის გვერდზე.
„არ დააწეროთ „სახალხო არტისტი“ - თემურ ჩხეიძე
„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო: „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ: „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხედო“... ამბობდა თემურ ჩხეიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში 2016 წელს. რეჟისორი 5 ივნისს 78 წლისა გარდაიცვალა.
თემურ ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს იყო დაბადებული, მსახიობების მედეა ჩახავასა და ნოდარ ჩხეიძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. რეჟისორად მუშაობდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის თეატრებში. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი.
„არაფერში არ გარეულა და არ გასვრილა, საბჭოთა ეპოქაშიც კი. ოჯახიდან გამომდინარე ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ პრივილეგიებით ესარგებლა, მაგრამ არაფერი გამოუყენებია“, - ასე აფასებს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური თემურ ჩხეიძეს. ის ამბობს, რომ ჩხეიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ქართული თეატრი შექმნა და სცენის ცენტრში ადამიანი დააყენა, თავისი განცდებით და პრობლემებით.
ვრცლად წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.
„ყველაფერი დაკარგეთ, ყველაფერი განადგურებულია, მთელი ცხოვრება“. ომის დაწყებიდან მალევე ნილუსი და ედუარდი დასავლეთ უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ რექსი თან ვერ წაიყვანეს. ძაღლი სახლს იცავდა და 2 თვის შემდეგ პატრონებსაც უვნებელი დახვდა.