უკრაინის ტერიტორიის 20%-ც ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ომის მეასე დღე
3 ივნისს მეასე დღე გახდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროის მონაცემებით, რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. ამის შესახებ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის განმავლობაში, 2014 წლის თებერვლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, უკრაინაში დაიღუპა 14 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონი - ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულად იქცა.
ამჟამად რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს უკვე რუსეთი აკონტროლებს, უკრაინა წინააღმდეგობას განაგრძობს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მდებარე ქიმიურ ქარხანა „აზოტს“ თავს აფარებს 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვებიც. ქარხნის ტერიტორიაზე რუსეთი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს, თუმცა „აზოტს“ უკრაინის არმია აკონტროლებს.
თვალი ადევნე სიახლეებს უკრაინაში ომის მეასე დღეს, რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდან
გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას ნიკა გვარამიას ადვოკატები მესამე დღეა დეტალურად სწავლობენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 142-გვერდიან დოკუმენტში არა მხოლოდ საქმის დეტალებსა და დანაშაულის მოტივებს ეხება, არამედ მის და სასამართლო სისტემის მიმართ ბრალდებებსაც პასუხობს. დოკუმენტი რადიო თავისუფლებამაც შეისწავლა.
გვარამიას ადვოკატები აბსურდულად მიიჩნევენ რასაბუთებას არაერთ ნაწილში, მათ შორისაა ე.წ “Porsche Macan S”-ის ეპიზოდი. განაჩენის დასაბუთებაში მოსამართლე ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა მიიღეს ძვირადღირებული ავტომობილი, ხოლო ტელეკომპანიამ 66 271 ლარი იზარალა. დოკუმენტის თანახმად, ნიკა გვარამიამ Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროისა და სამომავლოდ, რეკლამის შეღავათიან ფასში განთავსების სანაცვლოდ მიიღო.
„ეს ეხება ეპიზოდს, რომელზეც პატიმრობა გამოიყენეს. ერთი მხრივ, იქ ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლად, ლეგალურად შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ დანაშაულებრივი სქემა მოიფიქრა. ისე გამოვიდა, თურმე ამის გაკეთება შესაძლებელი იყო, მაგრამ სპეციალურად მოიფიქრა დანაშაულებრივი სქემა, რომ ციხეში მოხვედრილიყო, ანუ სრული აბსურდია“- ამბობს გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
როგორ დაასაბუთა მოსამართლემ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ბრალი? წაიკითხე გვანცა ნემსაძის სტატიაში.
უნდა გაჩნდეს თუ არა კანონში ტერმინი „ფემიციდი“ - უვადო პატიმრობა ფემიციდისთვის
ქალთა უფლებადამცველებს და იურისტებს სურთ, რომ „ფემიციდი“ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დეკლარირებულ ტერმინად გაჩნდეს. ამის მიზეზია ქალთა მკვლელობების მზარდი სტატისტიკა.
ინიციატივა ახალი არაა, ის პირველად 2014 წელს გაჩნდა. იმ წელს, ქმრებმა, ყოფილმა ქმრებმა თუ პარტნიორებმა, 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. მას მერე ქალთა მოძრაობა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში გააქტიურდა. ქვეყანამ მიიღო არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, თუმცა გასულ წელს სისტემამ პარტნიორისგან ვერ დაიცვა 31 ქალის სიცოცხლე.
ქალთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ კანონში ტერმინი „ფემიციდის“ გაჩენით სახელმწიფო აღიარებს, რომ ის არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სოციალური ფენომენი - გენდერული მოტივით ჩადენილი მკვლელობა, რომელიც უმეტესწილად ქალის მესაკუთრეობის თუ მისი ქცევის კონტროლითაა ნაკარნახევი.
როგორია პოლიტიკური მზაობა ამ ცვლილებისთვის და რა საკანონმდებლო ბაზა არსებობს ამგვარი ცვლილებისთვის? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
ევროკავშირმა მიიღო სანქციათა მეექვსე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. მასში არ არის პატრიარქი კირილი
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელიდან იტყობინება რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.
მისი თქმით, მორიგი სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეზე, რასაც ევროკავშირის არაერთი ქვეყანა უჭერდა მხარს.
"ახალი სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ხვალ [3 ივნისს] უნდა გამოქვეყნდეს", - აღნიშნავს იოზვიაკი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პატრიარქ კირილეს სანქცირებულ პირთა სიიდან ამოღებას უნგრეთი ითხოვდა.
რა ეტაპზეა სააკაშვილის საქმე - სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ვინმეს შესაძლო დანაშაული არ არის გამოკვეთილი და დანიშნულია დამატებითი ექსპერტიზა.
"აღნიშნულ საქმეზე, გამოძიების დაწყების დღიდან დანიშნული სხვადასხვა სახის კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ჰაბიდოსკოპიური(ფონო), ვიდეოსკოპიური, ფსიქოლოგიური და კომისიური სამედიცინო ექსპერტიზებიდან, ამ დროისთვის გამოძიებამ მხოლოდ ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნული ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის პასუხები მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან დღემდე სულ გამოკითხულია 49 ადამიანი, გამოძიება კი გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.
მღელვარება ანჩისხატის გამო - საპატრიარქო ადასტურებს, რომ მისი მიზანი ხატის ეკლესიისთვის დაბრუნებაა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის შესასვლელში წლების განმავლობაში მორიგეობით მყოფი ადამიანები ღელავენ იმაზე, რომ მუზეუმში დაცული ხატები ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გადააქვთ. მათი სურვილია, რომ ანჩისხატი, თუკი ადგილს შეიცვლის, განთავსდეს ანჩისხატის ეკლესიაში სპეციალურად მისთვის გამზადებულ სახატე ვიტრინაში, რომელიც ტაძარში 2021 წლის მარტში დადგეს.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოს მიზანი ნამდვილად არის ხატის ეკლესიაში დაბრუნება.
ანჩისხატის და სხვა ხატების მუზეუმიდან გადატანის გამო მღელვარება უკავშირდება ფონდების ევაკუაციის პროცესს. ეროვნულმა მუზეუმმა მაისში თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების შესაფუთი მასალა იყიდა იმისთვის, რომ ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობიდან ფონდები სხვა, უფრო უსაფრთხო დროებით სივრცეში გადაიტანონ. ექსპონატებს შორის არის ხატები, რომელთა ნაწილიც დაზიანებულია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
„ომზე როგორც კი ჩამოვარდება საუბარი, უცებ სოლოვიოვად გადაიქცევა” - რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემა უნდათ
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა ინტერნეტით უნდა შეძლონ. რუსეთში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ეს ყველას ძალიან გაუხარდება. მათ შორის იმიტომ, რომ პოლიტიკაზე თამამად ლაპარაკი მხოლოდ ვიწრო წრეებში შეუძლიათ.
ზუსტად არავინ იცის, რამდენი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს რუსეთში. არც იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაუთვლია ვინმეს.
ცესკოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა აღარ შეუძლიათ. ქართველები არჩევნების დროს ხშირად საქართველოში ჩამოდიან ხმის მისაცემად.
რუსეთში პოლიტიკაზე არ საუბრობენ. ვიწრო წრეში შეიძლება უსაფრთხოდ საუბარი იქ მყოფთათვის მტკივნეულ თემებზე. შიშთან ერთად ქართულ დიასპორას ადუმებს რუსული პროპაგანდაც.
„შეხედავ და განათლებული ადამიანია. მაგრამ უკრაინაში ომზე როგორც კი ჩამოვარდება საუბარი, უცებ ვლადიმერ სოლოვიოვად [რუსი ტელეწამყვანი] გადაიქცევა ხოლმე”, - ამბობს ლევანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და სტატიაში მისი სახელიც შეცვლილია.
წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.