ეს დიალოგი თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 ივნისს გაიმართა, „სირცხვილიას” აქტივისტ გიორგი მჟავანაძის საქმის განხილვისას მოსამართლესა და მოწმის სტატუსით დასაკითხ ერთ-ერთ პოლიციელს შორის. პოლიციელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ 17 მაისს ნაძალადევის რაიონულ პოლიციის სამმართველოში მისულმა გიორგი მჟავანაძემ მათ ვინაობა არ გაუმხილა, შეურაცხყოფა მიაყენა, უწმაწური სიტყვები გამოიყენა და იძულებული გახადა მორიგე ინსპექტორი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დაეკავებინა. მჟავანაძე ამბობს, რომ პოლიციის შენობაში მას ბორკილებდადებულს სცემეს, აგინეს და ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
საქალაქო სასამართლო ამ ეტაპზე გიორგი მჟავანაძის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს არ განიხილავს - ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სწავლობს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მჟავანაძის ბრალეულობის საკითხი - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ამ საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე, 24 ივნისს გამოაცხადებს.
1 ივნისს მოწმის სტატუსით 5 პოლიციელი დაიკითხა - სასამართლოში მიცემული ჩვენებების მიხედვით, ყველა მათგანს იმ დღეს, როცა მჟავანაძე პოლიციის სამმართველოში იყო მისული, თავისი საქმე და როლი ჰქონდა:
- ნიკა ბუთლიაშვილმა ნიკოლოზ მჟავანაძეს დაურეკა და სთხოვა მისულიყო პოლიციის განყოფილებაში სასამართლოს განჩინების ჩასაბარებლად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მჟავანაძემ პოლიციაში მისვლამდე 5 წუთით ადრე მას უთხრა, რომ მიდიოდა, ის სამმართველოში არ დახვდა და მხოლოდ მაშინ შეხვდა გიორგი მჟავანაძეს, როცა უკვე ბორკილებდადებული წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ.
- ანზორ გულუა მორიგე ინსპექტორია, რომელიც პოლიციაში შესულ მოქალაქეებს ხვდება. მან გიორგი მჟავანაძესაც ჰკითხა, რატომ და ვისთან იყო მისული - გულუას მტკიცებით, მჟავანაძემ მას არც ვინაობა გაუმხილა, არც ის უთხრა, პოლიციაში რა უნდოდა და „სულ ბიჭოთი ელაპარაკებოდა”. გულუა მჟავანაძემ, რომელიც სკამში „მიწოლით მჯდარი” ელაპარაკებოდა, გააღიზიანა, აიძულა ხმამაღლა და მკაცრად ელაპარაკა მასთან და საბოლოოდ დაეკავებინა ადმინისტრაციული წესით. გულუას მჟავანაძის დაკავებაში კოლეგა, ჯონი სამხარაძე დაეხმარა. დაკავების ოქმიც სამხარაძის შედგენილია, იმის მიუხედავად, რომ ის, ყველა დანარჩენი პოლიციელის თქმით, ეპიზოდურ როლს ასრულებდა ამ ამბავში.
- დავით კანკავამ, პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მისი მონათხრობის მიხედვით, მჟავანაძე პირველად მაშინ ნახა, როცა პოლიციის შენობაში ხმამაღალი საუბრის ხმა მოესმა და მისაღებში გამოსულს ანზორ გულუასთან უხეშად მოლაპარაკე მოქალაქე დახვდა. კანკავამ გულუას უთხრა, რომ მჟავანაძე დასაკავებელი იყო და უკან, თავის ოთახში შებრუნდა. რამდენიმე წუთში მორიგე ინსპექტორმა ანზორ გულუამ უპატაკა, რომ მოჩხუბარი მოქალაქე დაკავებული იყო და კანკავამ კიდევ ერთი ბრძანება გასცა: დროულად მოეწესრიგებინათ მისი დოკუმენტები და დაუყოვნებლად გადაეყვანათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მანვე ნახა პოლიციელების შიდა სისტემაში მჟავანაძეზე პირადი ინფორმაცია, თუმცა საქმეზე დართულ მტკიცებულებაში ჩანს, რომ ეს ინფორმაცია ნიკა ბუთლიაშვილმა ამობეჭდა 17:13 წუთზე, ანუ მაშინ, როცა მისივე ჩვენების მიხედვით, პოლიციის შენობაში არ იმყოფებოდა.
- ზაზა ზურაბიშვილი, გამომძიებელი, რომელიც მაშინ, როცა მჟავანაძე პოლიციის შენობაში მივიდა, ნულოვან სართულზე კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა და ზემოთ მხოლოდ მას შემდეგ ამოვიდა, რაც მისაღებიდან ხმამაღალი საუბრის და ჩხუბის ხმა შემოესმა. ის და მასთან ერთად მყოფი ორი სხვა პოლიციელი, გიორგი ჟორდანია და სოლომონ ლომსაძე მისაღებში, „გარკვეული დისტანციიდან” აკვირდებოდნენ გიორგი მჟავანაძეს და მას დაკავების მერე ყურადღებას აქცევდნენ, რომ თვითდაზიანებები არ მიეყენებინა.
- სოლომონ ლომსაძესაც ეპიზოდური როლი აქვს მჟავანაძის საქმეში. ის სარდაფიდან ხმაურზე ამოვიდა და ნახა „აღელვებული მოქალაქე, რომელიც პოლიციის მისამართით იგინებოდა და ილანძღებოდა”. სოლომონ ლომსაძე ამბობს, რომ მან მჟავანაძეს გენერალურ ინსპექციაში დარეკვა შესთავაზა - ამას მისი სხვა კოლეგებიც ადასტურებენ.
პოლიციელების ჩვენებები, იმის მიუხედავად რომ წინასწარ შეთანხმებულის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციასაც შეიცავს და უპასუხოდ ტოვებს რამდენიმე კითხვას.
- ხუთივე პოლიციელმა თქვა, რომ არაფერი იციან სამმართველოში არსებული კამერების შესახებ - ეს მათ კომპეტენციაში არ შედის; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს იძიებენ, გიორგი მჟავანაძეს და მის ადვოკატს უთხრეს, რომ პოლიციის ამ სამმართველოში იმ დღეს მხოლოდ 1 კამერა მუშაობდა და მის ჩანაწერშიც მესამე სართულზე ცარიელი მაგიდები ჩანს მხოლოდ. იცოდნენ თუ არა პოლიციელებმა, რომ მისაღებში მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევაში მათ მტკიცებულებები არ ექნებათ - ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ნიკა ბუთლიაშვილმა მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას უთხრა, რომ არც ერთი კამერა არ მუშაობდა იმ შენობაში, სადაც ის დააკავეს - 1 ივლისს, სასამართლოში დაკითხვისას პოლიციელმა ამგვარი დიალოგი უარყო. სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს იმაზე, რომ პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები უნდა იყოს დამონტაჟებული ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა;
- პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მათ დაკავებამდე და დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგაც არ იცოდნენ გიორგი მჟავანაძის ვინაობა იმის გამო, რომ ის ამ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობდა - მჟავანაძის თქმით, ეს სიცრუეა. მან უარი პოლიციელებს მხოლოდ სამუშაო ადგილის დასახელებაზე უთხრა. პოლიციელებს 17:13 წუთზე უკვე ამობეჭდილი ჰქონდათ მის შესახებ სრული ინფორმაცია, დაკავება კი, ოქმის მიხედვით, 17:15 წუთზე მოხდა.
- სამივე პოლიციელი, რომელიც ეპიზოდურად მონაწილეობდა მჟავანაძის დაკავების ეპიზოდში, ამტკიცებს, რომ ახსნა-განმარტებითი ბარათი საკუთარი ინიციატივით, ყველანაირი მითითების და კარნახის გარეშე დაწერეს - მათი ტექსტები თითქმის იდენტურია. „რა კარნახი უნდოდა, რასაც შევესწარი, დავწერე“, - უთხრა სასამართლოს პოლიციელმა სოლომონ ლომთაძემ.
სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაკითხული ხუთივე პოლიციელი საუბრობდა იმაზე, როგორ აყენებდა გიორგი მჟავანაძე მათ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფას. მიუხედავად იმისა, რომ არც დაკავების ოქმსა და არც ახსნა-განმარტებებით ბარათებში დაზუსტებული არ არის ვერბალური შეურაცხყოფის ფორმები, სასამართლო დარბაზში ყველა მოწმემ აღწერა, რა სიტყვებით მიმართავდა მჟავანაძე. 5-დან სამმა პოლიციელმა თქვა, რომ მჟავანაძემ დაკავებისას თქვა: „#იგ ხომ არ გაქვთ, ვის აკავებთო” და დედის მისამართით შეიგინა.
„პატაკში რომ არ წერია, რა შეურაცხყოფას გაყენებდათ, რა სიტყვას გეუბნებოდათ?” - ჰკითხა მოსამართლემ ანზორ გულუას.
„სულ თავიდან სულ “ბიჭოთი” მელაპარაკებოდა. არ ვარ შენი ბიჭო-თქო, ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი გამოგვივიდა, მეც ავუწიე ხმას. უწმაწურ სიტყვებსაც იძახდა, დავით კანკავამ მიუთითა, ჭაღარა ადამიანს რატომ ელაპარაკები ასე, მამის ხელა კაციაო”, - უთხრა პოლიციელმა მოსამართლეს და დაამატა: „ბოდიში და ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა.”
„რაც უფრო კულტურულად ელაპარაკებოდა გულუა, მით უფრო ჩხუბობდა მჟავანაძე. ეს რომ დავინახეთ, დავრჩით ამ სართულზე და აღარ წავედით. მის ლაპარაკში იკვეთებოდა დამოკიდებულება პოლიციის და სასამართლოს მიმართ, ჩხუბობდა, რატომ მაჯარიმებთო. ვერ ვხვდებოდი, რაზე ლაპარაკობდა. დამამცირებელი ჟესტებიც მოდიოდა მისგან. თქვა, “თქვენი დედა მოვ###ანო თუ შე###იო, აღარ მახსოვს, მაგრამ დედის მისამართით იგინებოდა. ბორკილებდადებულიც ილანძღებოდა”, - უთხრა სასამართლოს გამომძიებელმა ზაზა ზურაბიშვილმა.
„ხმამაღალი საუბარი მოქალაქეების მხრიდან არ მიკვირს. აგრესიულ უბანში ვართ, პოლიცია არ უყვართ”, - ეს დავით კანკავაა. მჟავანაძე ამტკიცებს, რომ სწორედ მან გასცა მისი დაკავების ბრძანება და ფიზიკურადაც მან იძალადა უკვე ბორკილებდადებულზე.
„ჩემს ოთახში ვიყავი, შემომესმა მორიგეს ხმამაღალი ხმა. გამოვედი, დამხვდა მოქალაქე კეპით, მზის სათვალით, ჩაწოლილი იჯდა, "ბიჭოთი" მიმართავდა ანზორს, ჩემს თანამშრომელს. ეს პოლიცია ხალხმა ააშენა და როგორც მინდა, ისე ვიქნებიო, ამბობდაო. პოლიცია თქვენი აშენებული არ არის!“ - თქვა დავით კანკავამ სასამართლო დარბაზში, როცა მოსამართლემ სთხოვა, გაეხსენებინა, რა მოხდა 17 მაისს მის სამმართველოში.
გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში გიორგი მჟავანაძე 17 მაისს ჯარიმის ჩასაბარებლად იყო მისული - ჯარიმა უკრაინის მხარდასაჭერად „სირცხვილიას“ ორგანიზებულ აქციაზე, ასევე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკისრა სასამართლომ.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რომელიც გიორგი მჟავანაძის საქმეს განიხილავს, 10 მარტს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა „სირცხვილიას“ კიდევ ერთ აქტივისტს, შოთა დიღმელაშვილს, კანცელარიის შენობისთვის პროტესტის ნიშნად ნასროლი კვერცხის გამო.