ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის, ნანა მანჯავიძის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა, პანსიონის ამბების გახმაურებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 9 ივნისს უნდა გაიმართოს - ნანა, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, რომლის უფლებებსაც კავშირი „საფარი“ იცავს, სახელმწიფოსგან მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას ნინოწმინდის პანსიონში მიღებული ტრავმების და მასზე ძალადობის გამო. თუმცა, როგორც ნანას, ისე პანსიონის სხვა აღსაზრდელების უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ამ საქმეზე გამოძიება არაეფექტიანად მიდის, რასაც ისინი საპატრიარქოს მიმართ სახელმწიფოს ლოიალურ დამოკიდებულებას მიაწერენ.
დღეს პანსიონში 14 აღსაზრდელი რჩება. მათი გარეთ მყოფი მეგობრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დღეს იქ დარჩენილ ბავშვებს შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ერთი წლის წინ. ყველა ფრთხილობს, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც შარშან და წინა წლებში.
„აღმზრდელებს ტრენინგებს უტარებენ. ბავშვებს შეუძლიათ პანსიონის გარეთ თავისუფლად გადაადგილება, რაც ადრე ძალიან რთული იყო“, - გვეუბნება ნანა მანჯავიძე, რომელსაც პანსიონელ ნაცნობებთან კავშირი დღემდე აქვს.
თუმცა ნინოწმინდის პანსიონში ერთი წლის წინ გახმაურებული ბავშვებზე ძალადობის ამბავი, ჯერ არ დასრულებულა - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ იქ მომხდარი, სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულის, მათი შეფასებით კი, წამების ფაქტებს, პროკურატურა ფორმალურად იძიებს.
„გამოძიებამ ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონის 70-მდე აღსაზრდელი გამოკითხა, მაგრამ შედეგი არ არის. ჩემი აზრით, ბავშვებს საქართველოში განზრახ და შეთანხმებულად აიგნორებენ. განსაკუთრებით მათ, ვისაც არ ჰყავს მხარდამჭერი“.
საქართველოში ათასობით ბავშვი ისევ აგრძელებს ცხოვრებას „მავნე პრაქტიკის მქონე“ დიდი ზომის ბავშვთა სახლებში. ეს კი, ბავშვთა დამცველების შეფასებით, ძალიან შორს არის დაპირებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისგან. ეს პროცესი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ბავშვები უნდა გადაიყვანოს ისეთ გარემოში, სადაც ისინი თავს იგრძნობენ ბედნიერად და უსაფრთხოდ - ამას მოითხოვდა ერთი წლის წინ როგორც სახალხო დამცველი, ისე არასამთავრობო სექტორის ნაწილი.
„მიუხედავად სასამართლოს ნათქვამისა, რომ ის ხედავდა საფრთხეს და მოითხოვდა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანას, დღეს იქ მაინც რჩებიან არასრულწლოვნები“, - ამბობს ანა აბაშიძე, რომლის აზრითაც, დღეს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის სისტემა ჩამოშლილია.
სასამართლოში უკვე ერთი წელია დევს სარჩელი, რომლითაც ბავშვთა უფლებების დამცველები მოითხოვდნენ ბავშვების დაუყოვნებლივ გადაყვანას მათ ოჯახებში ან, სადაც ეს ვერ მოხერხდებოდა, სხვა ადეკვატურ გარემოში.
„საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია ეჭვობს, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად არ იძიებს ამ შემთხვევებს.
„ის, რაც ნინოწმინდის პანსიონში წლების განმავლობაში ხდებოდა, პოლიციამ 2018 წლიდან იცოდა, აღსაზრდელებისგან ჩვენებებიც ჰქონდათ აღებული, თუმცა არც მაშინ და არც შემდეგ, როცა პროცესში ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი ჩაერთო და ამბავიც გახმაურდა, გამოძიება წინ არ წასულა“.
დღეს ნინოწმინდის ბავშვების საქმეებს მხოლოდ ძალადობის კვალიფიკაციით იძიებენ, თუმცა ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ეს იყო მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება.
პროკურატურა ბრალის კვალიფიკაციას არ ცვლის.
იმ ათამდე ყოფილი აღსაზრდელიდან, რომელთა უფლებებს დღეს „საფარი“ იცავს, ნაწილი ამ დრომდე გამოკითხულიც კი არ არის.
არც ექსპერტიზები დანიშნულა, ხოლო სადაც ექსპერტიზა ჩატარდა, პასუხები ამ დრომდე ან არ მიუღიათ, ან თქვეს, „რომ არანაირი ტანჯვა ამ ბავშვებს არ განუცდიათ“:
„და ეს მაშინ, - ამბობს ბაია პატარაია, - როცა მათი მონათხრობი არის დაზიანებული ადამიანების მონათხრობი. მათ განიცადეს ისეთი ტანჯვა, რამაც მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და დღეს ძალიან სერიოზული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია სჭირდებათ. სახელმწიფო მათ არც ამ კუთხით სთავაზობს რამეს“.
არასამთავრობო სექტორი შიშობს, რომ სახელმწიფო არც აპირებს რეალურ დეინსტიტუციონალიზაციას, რადგან უამრავი ბავშვი დღემდე რჩება რელიგიურ პანსიონებში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა შეიძლება მხოლოდ საპატრიარქოს მიმართ ლოიალობით აიხსნას.
„ეს ყველაფერი შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია - საგამოძიებო თუ სოციალური სამსახურები არაფერს აკეთებენ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზების საძიებლად. ამ დემონსტრაციული გულგრილობის მიზეზი სწორედ საპატრიარქოს მიმართ ჭარბი ლოიალობა მგონია, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხედავთ. ვხედავთ, თუ რა მასშტაბით არის შემოჭრილი საპატრიარქო ჩვენს პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში“.
ამ ლოიალობით ხსნის თამთა მიქელაძე იმასაც, რომ რელიგიური პანსიონების დაშლის პროცესი დღემდე არც დაწყებულა.
ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც ექვემდებარება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასე არ ფიქრობენ - მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არასოდეს საქართველოში ასე ძლიერი ბავშვთა დაცვის სისტემა არ ყოფილა, როგორიც დღესაა, თუმცა, მისი თქმით, დავა შეიძლება იმაზე, არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული.
მან ასევე გვითხრა, რომ დღეს ნინოწმინდის პანსიონში რჩება 14 ბავშვი. მათგან ერთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე არსებობდა სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება, რომ მას უნდა დაეტოვებინა პანსიონი, თუმცა ჯანდაცვის სოციალურმა სამსახურმა ამ ეტაპზე სწორად მიიჩნია მისი იქ დატოვება მანამ, სანამ პანსიონში მცხოვრებ მის და-ძმასთან ერთად ალტერნატიულ სერვისს არ უპოვიან და ერთად არ გადაიყვანენ.
თამარ ბარკალაიამ რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ დღეს ნინოწმინდის პანსიონი სამინისტროს მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და იქ ბავშვთა ინტერესები დაცულია. ხოლო ძალადობაში დადანაშაულებული არცერთი აღმზრდელი დღეს ნინოწმინდაში აღარ მუშაობს.
ჩვენ პროკურატურასაც ვკითხეთ, რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ გაჭიანურდა ის ამდენ ხანს. პასუხს ამ დრომდე ველით.