Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ნინოწმინდის პანსიონატს - გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად?


World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი მეექვსე დღეა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობს. სწავლობს იქ არსებულ ვითარებას, ხვდება პანსიონატში მცხოვრებ ბავშვებსა და აღმზრდელებს. უკანასკნელი მონაცემებით, პანსიონატში 28 ბავშვი რჩება. ბოლო ხუთ დღეში პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი. მათგან 11 ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში, ანუ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში, 14 კი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდა.

მაია მგელიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი იმ ფორმითა და მოცულობით, რა ფორმითაც აქამდე არსებობდა, ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, პანსიონატის ტრანზიციის (ცვლილების) სტრატეგია შეიქმნება:

„ეს პანსიონატი ნამდვილად აღარ იქნება დიდი ზომის პანსიონატი. ნინოწმინდის დაწესებულება ამ ფორმით ნამდვილად აღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას. თუმცა, როგორი იქნება მისი ტრანზიციის გეგმა, ეს ჯერჯერობით, არ ვიცით. ამ გეგმაზე მუშაობა დაიწყება უახლოეს პერიოდში. გეგმაზე ვიმუშავებთ როგორც world vision, ისე გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო, რადგან სწორედ ისინი არიან მომსახურების მიმწოდებლები".

რა ფორმას მიიღებს პანსიონატი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხის გაცემა არ შეუძლია მაია მგელიაშვილს. როგორც ის გვეუბნება, 9 ივნისს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და World vision-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პანსიონატის გარდაქმნის კონკრეტული გეგმა არ განხილულა.

მაია მგელიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეხმაურება „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ეჭვსაც იმის თაობაზე, თითქოს World Vision-მა და გაეროს ბავშვთა ფონდმა, სამინისტროს და საპატრიარქოს შესთავაზეს „იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ბავშვთა სახლი აქციონ მცირე საოჯახო ტიპის სახლებად და ასე შეინარჩუნონ პანსიონატი“. ამ შინაარსის პოსტი, 9 ივნისს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტმა ანა აბაშიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ 9 ივნისს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე არ განხილულა ამავე ტერიტორიაზე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის გახსნის საკითხი:

„ნამდვილად არ თქმულა დღევანდელ შეხვედრაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საპატრიარქოს სთავაზობენ, რომ ამავე ტერიტორიაზე შეიქმნას საოჯახო ტიპის დაწესებულებები. ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. რაც ითქვა, არის ის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ზრუნვის ალტერნატიული ფორმები. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ დიდი ზომის დაწესებულებები აღარ უნდა არსებობდეს, სტანდარტებში უნდა მოექცეს. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აღმზრდელები შესაძლოა გადამზადდნენ მიმღებ მშობლებად ან გაიხსნას მცირე ტიპის საოჯახო სახლები, რაც შეეხება ტერიტორიას, შენობას, ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი“.

როგორც მაია მგელიაშვილი ირწმუნება, დღევანდელი მდგომარეობით, იმ 28 ბავშვს, რომლებიც კვლავ პანსიონატში რჩებიან, არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და სოციალური მუშაკების მიერ მიმდინარეობს მათი მდგომარეობის შეფასება იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი გადაყვანილნი იქნან დაწესებულებიდან:

„სოციალურ მუშაკებს ახლა უნდა მიეცეს საშუალება, რომ დაწერონ შესაბამისი დასკვნები. ამ ეტაპზე, იქ მყოფ ბავშვებს ნამდვილად არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ძალიან დიდი მობილიზებაა სოციალური მუშაკების და იქვე რჩებიან ღამით, ამიტომ მათ უნდა მიეცეთ გარკვეული დრო, რომ დაიწეროს ადეკვატური დასკვნები, რათა პანსიონატიდან გადაყვანის პროცესი არ იყოს ნაჩქარევი და დამატებით სხვა პრობლემები არ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. ვისთანაც რაიმე რესურსია, რომ ისინი ბიოლოგიურ ოჯახებს ან მიახლოებულ გარემოს დაუბრუნდნენ, ამას გამოკვეთენ სოციალური მუშაკები და ბავშვები დატოვებენ პანსიონს“.

7 ივნისს, რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში,საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა აცხადებდა, რომ მოზარდების უმეტესობამ პანსიონატი საზაფხულო არდადეგების გამო დატოვა და ისინი შემოდგომაზე კვლავ დაუბრუნდებიან პანსიონატს. საპატრიარქოს ადვოკატის ამ განცხადებაზე, მაია მგელიაშვილი გვპასუხობს:

„ამ ეტაპზე, არ მაქვს ინფორმაცია, ეს ბავშვები დაბრუნდებიან თუ არა დაწესებულებაში, რადგან თვითონ ეს დაწესებულება შემოდგომამდე იარსებებს თუ არა, ამაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა და შესაბამისად, არც ბავშვების დაბრუნებაზე ყოფილა ლაპარაკი. კიდევ ერთხელ ვამბობ, უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს დაწესებულების ტრანზიციის გეგმაზე მუშაობა“.

9 ივნისს განცხადება გაავრცელა გაეროს ბავშვთა ფონდმაც, რომელიც ნინოწმინდის პანსიონატში გამართული საკოორდინაციო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მიესალმება სამინისტროს, საპატრიარქოსა და World vision საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და დიალოგს, რომლის მიზანია ბავშვთა საჭიროებების შეფასება, ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი მომსახურებების და ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრა და ამ პროცესში პრიორიტეტი ოჯახში დაბრუნებას ენიჭება:

"აღნიშნული თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვების მოსაზრებების გათვალისწინება. იუნისეფის აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - ალტერნატიული ოჯახური ფორმის ზრუნვას. იუნისეფს სურს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ნინოწმინდის თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში ძალადობასთან, ცუდ მოპყრობასა თუ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ბავშვების, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მზარდასაჭერად საჭიროა გაძლიერდეს ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები. ყველა მონაწილეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაიცვან ყველა ბავშვისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. იუნისეფი გააგრძელებს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას, დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას", - ნათქვამია 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო. 5 ივნისს კი ამ პროცესს თან დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მან უფლებადამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცა და რომელიც ნინოწმინდის პანსიონატიდან, პირველ რიგში, შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას ეხებოდა, რაკიღა PHR-ი სწორედ შშმ ბავშვების საქმეების სპეციალური მოსარჩელეა.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

დეინსტიტუციონალიზაცია - უარი ბავშვთა დიდი სახლებს

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში 2005 წლიდან იწყება. სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება და ის მიმართულია მიუსაფარ ბავშვთა ინსტიტუციების ლიკვიდაციისკენ. 2007 წელს, დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით იქმნება პირველი, 8 ბავშვზე გათვლილი, საოჯახო ტიპის სახლი. იქ მოზარდები 18 წლის ასაკამდე რჩებიან. სახლებში დედობილ-მამობილები მუშაობენ და ისინი მაქსიმუმ 8-10 ბავშვის აღზრდაზე არიან ორიენტირებულნი.

მიუხედავად 15 წლის წინ დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში არსებულ დიდ საბავშვო დაწესებულებებში, 900-მდე ბავშვი რჩება. იქნება ეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ფრთის ქვეშ შექმნილი დაწესებულებები, შშმ ბავშვთა სახლები, თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული ე.წ. კუსტარული ბავშვთა სახლები თუ სკოლა-პანსიონატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამჯერად, ისინი გეგმავენ, თვალყური მიადევნონ დიდ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანისა თუ ბიოლოგიურ ოჯახებში ინტეგრირების საკითხს. ამ მიზნით, მიმდინარე კვირაში, ორგანიზაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას შეეხება და რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ დეინსტიტუციონალიზაცია იქნება.

რამდენი დიდი ზომის ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს ქვეყანაში? მათ შორის, რამდენია სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ქვეშ არსებული პანსიონი? ჯამში, რამდენი ბავშვი ცხოვრობს დიდი ტიპის დაწესებულებებში? სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამ კითხვებზე გაგვცემდა პასუხს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ვებსაიტზე არ დევს. უკანასკნელი მონაცემი, რომელიც უწყებას საიტზე აქვს გამოქვეყნებული, 2018 წლით თარიღდება და მოიცავს მხოლოდ ერთი დაწესებულების, ჩვილ ბავშვთა სახლის მონაცემს, სადაც იმ დროისათვის 73 ბავშვი ირიცხებოდა.

რადიო თავისუფლებამ ინფორმაციის დასაზუსტებლად მიმართა ზრუნვის სააგენტოს. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრინციპის შესაბამისად, კითხვებზე პასუხი მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ.

რაც შეეხება კიდევ უფრო ძველ მონაცემებს, მედიაში, 6 წლის წინ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2015 წელს, აჭარის ტერიტორიაზე სამუფთოს დაქვემდებარებაში 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებდა, სადაც 600-მდე არასრულწლოვანი ცხოვრობდა, აქედან 150 გოგო. საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში კი სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა – ბათუმში, ნინოწმინდასა და ბედიანში, სადაც მთლიანობაში 334 ბავშვი ცხოვრობდა.

როგორც მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შედეგი იყო ის, რომ 2005 წლის შემდეგ, 4 500 ბავშვიდან დიდი ზომის ბავშვთა სახლებში 2015 წლისათვის მხოლოდ 500-მდე ბავშვი რჩებოდა.

2009 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებობდა 25 დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულება, რომელშიც განთავსებული იყო 1400-მდე ბავშვი.

რაც შეეხება მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მცირე საოჯახო ტიპის სახლი იყო ფუნქციონირებდა, სადაც ირიცხებოდა 351 არასრულწლოვანი.

XS
SM
MD
LG