Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ უღირთ ახლა - რატომ გადადებს რუსეთი რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში


რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებას არ ჩქარობს და  17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადებას საკითხის არასათანადო მომზადებითა და წინასწარი შეუთანხმებლობით ხსნის.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთი ამ ეტაპზე, გაერთიანების ნაცვლად, ისევ ძველებურ ურთიერთობებს სთავაზობს. ამავე დროს, კრემლი მიანიშნებს, რომ წერტილი არაფერზე დასმულა და დე იურე ანექსიის პროცესი შესაძლოა ნებისმიერ დროს გაგრძელდეს. ლაპარაკია „გეოპოლიტიკურად სწორი” და ხელსაყრელი დროის შერჩევის შესახებ.

მოელიან, რომ წინამორბედ ანატოლი ბიბილოვის განკარგულებას - რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ - სულ მალე, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი გააუქმებს.

  • რატომ უქმდება უკვე გამოცხადებული რეფერენდუმი და რა განაპირობებს კრემლის თავშეკავებას?
  • რა გეგმით მოქმედებს მოსკოვი უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით?

კრემლის მიზეზები

25 მაისს, ე.წ.-მა ელჩმა სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს ოკუპირებული რეგიონის მიერთებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან ეს საკითხი არასაკმარისად არის შეთანხმებული და მომზადებული.

ინტერვიუში, რომელსაც პრორუსული „სპუტნიკი“ ავრცელებს, კულახმეტოვი ორ მთავარ მიზეზს ასახელებს:

  • „უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პლებისციტის ჩატარების შესახებ, სამხრეთ ოსეთში მიღებულ იქნა რუსეთის მოსაზრებისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე, ჩვენს შეთანხმებასთან შეუსაბამოდ“;
  • „რუსეთი და სამხრეთი ოსეთი შეთანხმდნენ თავიანთი ნაბიჯების სინქრონიზებისა და საერთაშორისო დონეზე ერთობლივად მოქმედების გარშემო, რაც გამყარებულია მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის 18 მარტს გაფორმებული ჩვენი საბაზისო ორმხრივი ხელშეკრულებით. ცხინვალი და მოსკოვი ყოველთვის ცდილობდნენ მიჰყოლოდნენ ამ პრინციპს, რომელმაც მოიტანა თავისი წონიანი შედეგები“.
კულახმეტოვი ამბობს, რომ ანექსიის ნაცვლად, ამ ეტაპზე მოსკოვის მთავარ მიზნებს წარმოადგენს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების კეთილდღეობისა და სოციალური დაცულობის გაზრდა; რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

კიდევ ერთი მიზეზი მოსკოვმა რეფერენდუმის ტექსტშიც გამოძებნა.

კულახმეტოვამდე, პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა თქვა, რომ სიტყვა „გაერთიანება“ თავის თავში ახალი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რაც არ იგეგმება და „ალბათ, საჭიროა უბრალოდ ცოტათი დაფიქრება ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით“.

მიუღებელი სიტყვის ალტერნატივად კრემლი სავარაუდოდ „შეერთებას“ გულისხმობს, თუმცა პესკოვი დეტალებს აღარ უღრმავდება, რადგან, როგორც მან 24 მაისსაც გაიმეორა - „ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არ იგეგმება“.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ რეფერენდუმი კარგად დაფიქრებას მოითხოვდა, მათ შორის, გეოპოლიტიკური პროცესების, შესაბამისი დროისა და მიზანშეწონილობის ფაქტორების გათვალისწინებით.

ბევრისთვის გაიგებარია, რატომ შეიცვალა მოსკოვის პოზიცია ბოლო პერიოდში ასე მკვეთრად, როცა მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აწ უკვე ყოფილი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ ხშირად გახმოვანებულ ინიციატივას ხან დუმილით და ხანაც სხვადასხვა ქმედებით ეთანხმებოდნენ.

2022 წლის 8 აპრილს, სწორედ რეფერენდუმის საკითხებს განიხილავდა ცხინვალში მოსკოვიდან ჩასული დელეგაცია. მათ შორის იყვნენ: რუსეთის ფედერაციის საბჭოში ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი სენატორი - თეიმურაზ მამსუროვი და რუსეთის დუმის წევრები: არტურ ტაიმაზოვი, ზურაბ მაკიევი და კაზბეკ ტაისაევი. იქვე იყო ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ასლანბეგ გუტნევი.

რუსეთის შემადგენლობაში შესვლას უკვე წლებია ითხოვენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები. ჩრდილოელი და სამხრეთელი ოსების "შეერთების" იდეა 2012 წელს წამოაყენა მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი რეფერენდუმის გამართვა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდათ - როცა რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა.
შემდეგ, თითქოს, ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა გამართულიყო 2017 წელს, მაგრამ საბოლოოდ, ე.წ. რეფერენდუმზე სხვა კითხვა გაიტანეს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი ამ ეტაპზე თავს არ აიტკივებდა და რეფერენდუმი იმიტომ შეაჩერეს, რომ „შემდეგ საზოგადოების ფლუსტრაცია არ გამოიწვიონ და პოლიტიკური ქულები არ დაკარგონ“.

„ისედაც დიდი ხარჯი აქვთ და ეს რეგიონიც [ცხინვალის რეგიონი - რთ] რომ მიიერთონ, გამოიწვევს დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს... კარგად იციან, რომ, შეერთების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან ამჟამინდელი ზომიერი პოზიცია შეიცვლება უარესობისკენ, რაც არ უნდათ... შეიცვლება დასავლეთის დამოკიდებულებაც... არ უღირთ ჯერჯერობით, რაში სჭირდებათ?! ისედაც თითქმის ანექსირებული აქვთ ეს რეგიონი“, - გვეუბნება გიორგი გობრონიძე.

19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით ანგარიშს უწევენ ქართულ მხარეს.

კარასინმა აღნიშნა, რომ „ქართველ პარტნიორებს“ ესაუბრა და „ეს (რეფერენდუმი) ერთ-ერთი თემაა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აღელვებთ. ამას ყურადღებით ვაკვირდებით“.

ამ საკითხზე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი რადიო თავისუფლებას დაუდასტურა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ.

ოპოზიცია თბილისში ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ მან ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვია, დაშორდა საერთაშორისო პარტნიორებს და შედეგად იმსახურებს რუსეთის კეთილგანწყობას. "ქართული ოცნება" ოპოზიციას, "უცხოელ ლობისტებთან" ერთად, საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ანალიტიკოსების ერთი ვერსიით, თუკი რუსეთი უკრაინის ან საქართველოს რომელიმე რეგიონს მიიერთებს, ეს დასავლეთის მხრიდან სანქციების გაძლიერებას გამოიწვევს და უკრაინაში ომის ფონზე, მოსკოვისთვის ეს მკვეთრად არასახარბიელო სცენარია და მით უფრო მაშინ, როცა კრემლი, პირიქით, აშკარად ეძებს გზებს სანქციების მოსახსნელად.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რეფერენდუმი რუსეთმა ამ ეტაპზე იმის გამოც გადაიფიქრა, რომ, ისევ ომის ფონზე, რუსეთთან შეერთების იდეის მიმართ რეგიონში მცხოვრებთა მიდგომა ცალსახად დადებითი აღარ არის.

ციმციმი და თადარიგის დაჭერა

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამა თუ იმ რეგიონის რუსეთთან შეერთება მხოლოდ ამ რეგიონის მკვიდრთა გადასაწყვეტია; მაგრამ ამ ეტაპზე ისიც ცხადია, რომ მოსკოვი არ ჩქარობს - როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის რეგიონების მიერთებას.

კრემლი არც უკრაინაში ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერვე დანიშნული კოლაბორაციონისტი ლიდერების მხრიდან შეერთების მოწოდებებს ისმენს ხერსონში, ლუგანსკში, დონეცკსა თუ ზაპოროჟიეში. ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარება ყველაზე რეალისტურად ხერსონში გამოიყურება.
2014 წელს, რუსეთმა ანექსიის წინაპირობად, ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეხებოდა რეფერენდუმები უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.
უკრაინაზე თავდასხმამდე, 21 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

„მოციმციმე საზღვრები“ - ასეთ ტერმინს იყენებს რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, ეკატერინა შულმანი რუსეთის მიერ უკრაინისა თუ საქართველოს ტერიტორიაზე შესაერთებლად მონიშნულ რეგიონებზე საუბრისას.

შულმანისთვის ცხადია, რომ რუსეთი ასეთ ტერიტორიებს სამომავლოდ ამზადებს:

„საინტერესოა, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ტერიტორიებზე დაჩქარებული რუსიფიკაცია - მათი ინკორპორირება, რუსეთის შემადგენლობაში მათ იურიდიულ გაფორმებამდე. თანმიმდევრობა ასეთია: პირველ რიგში, ითიშება უკრაინული და ირთვება რუსული ტელეარხები, იდეოლოგიური დამუშავებისთვის...

შემდეგ, იქ ჩნდებიან რუსეთის ფიჭური ოპერატორები და მუშაობას იწყებს რუსეთის ფიჭური კავშირგაბმულობა; შემდეგ იწყება ლაპარაკი რუბლის შეტანაზე - ჯერ გრივნის პარალელურად, ხოლო შემდეგ მარტო რუბლს დატოვებენ... [რუსული ენის ოფიციალურ ენად გამოცხადება] ხდება ადრეულ ეტაპზე, როგორც იდეოლოგიური შემადგენელი“.

შულმანის შეფასებით, „ტერიტორიული შენაძენი“ ყოველთვის მიმზიდველია რუსეთის მოქალაქეებისთვის და უკრაინაში ომის ცხელი ფაზის დასასრულებლად თუ ადგილობრივ არჩევნებზე ელექტორატის მისამხრობად, რუსეთს სწორედ „მოციმციმე საზღვრების“ მიერთების იმედი აქვს.

სწორედ ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეფასდა საქართველოში ის ფაქტი, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხის წინ წასაწევად მოიცალა და სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ.

19 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას დაუჭირა მხარი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ.

23 მაისს, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტმა ამ საკითხის დამტკიცებისკენ წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა.

გიორგი გობრონიძის დაკვირვებით, რუსეთის მთელი ყურადღება ახლა აფხაზეთისკენ არის მიმართული, რადგან "უფრო უღირს“, მაგრამ "მეტ პრობლემას აწყდება". მისი განმარტებით, საბოლოოდ ყველაფერი უკრაინაში ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„თუკი უკრაინაში ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა [უკრაინის გამარჯვებით - რთ], მაშინ რეფერენდუმების თემა საერთოდ მოიხსნება; მაგრამ თუკი ასე არ დასრულდება, მაშინ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება რუსეთმა მოითხოვოს არა ცხინვალში, არამედ თბილისში“, - გვეუბნება გიორგი გობრონიძე.

ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ რუსეთი უკრაინაშიც იმპერიალისტური გეგმებით მოქმედებს და ასეთივე ინტერესი ვრცელდება საქართველოზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG