Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმზე კარასინს ესაუბრა


 ფოტო არქივიდან: ზურაბ აბაშიძე (მარცხნივ) გრიგორი კარასინი (მარჯვნივ). პრაღის შეხვედრა. 27 თებერვალი, 2019 წელი
ფოტო არქივიდან: ზურაბ აბაშიძე (მარცხნივ) გრიგორი კარასინი (მარჯვნივ). პრაღის შეხვედრა. 27 თებერვალი, 2019 წელი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ „ქართველ პარტნიორებს“ ესაუბრა რუსეთთან შეერთების საკითხზე „სამხრეთ ოსეთში“ დანიშნულ „რეფერენდუმზე“.

„მოკლედ განვიხილეთ“, - უთხრა სააგენტო „ტასს“ კარასინმა, რომელიც ქალაქ ყაზანში მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ სამიტში: „რუსეთი-ისლამური სამყარო“.

„ეს (რეფერენდუმი) ერთ-ერთი თემაა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აღელვებთ. ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა კარასინმა. ვის, სად და როდის ესაუბრა, „ტასის“ ინფორმაციიდან გაურკვეველია. რუსული სააგენტოს თანახმად, მას კარასინი „სამიტის კულუარებში“ ელაპარაკა.

კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტოს კარასინმა ისიც უთხრა, რომ ისევ აქვს ხშირი კავშირი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან. „ხმები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ, ნაადრევია. ჩვენ საკმაოდ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ტელეფონით, ვიდეო-კონფერენც-კავშირის რეჟიმში“, - აცხადებს კარასინი. მისივე თქმით, უშუალო შეხვედრის დრო ჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ იმედი აქვთ, რომ უახლოეს თვეებში შედგება.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ გრიგორი კარასინთან მოკლე სატელეფონო საუბარი ჰქონდა 18 მაისს, თუმცა არ აზუსტებს, ვინ იყო საუბრის ინიციატორი.

გუშინ შედგა მოკლე სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან, ბატონმა კარასინმა გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ეს უყურადღებოდ არ რჩება მათი მხრიდან. მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს დღის წესრიგში არ დგას. „ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამის დრო არ არის“. მისივე სიტყვებით, არ განხილულა საავიაციო მიმოსვლის საკითხი.

„მოკლედ განვიხილეთ საკითხი ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარეს ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ვერ ატარებენ სატვირთო ავტომობილების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა, მათ შორის, სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალმა სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად“, - უთხრა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

ე.წ. პრაღის ფორმატით, გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა 2022 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზურაბ აბაშიძემ მედიას უთხრა, რომ შეხვედრა გადაიდო, რადგან ამ ვითარებაში მისი გამართვა მიზანშეწონილი არ არის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს მოაწერა ხელი განკარგულებას რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეულმა ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მასთან შეუთანხმებლად რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნა გააკრიტიკა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის შედეგებს.

31 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა". ამასთან დასძინა, რომ საქართველო "არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად".

XS
SM
MD
LG