პირველ აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოხალისედ წასული ცხინვალელი მომღერალი, დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი, დაიღუპა.
ოსური მედიის ცნობით, ყულუმბეგოვთან ერთად, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად რამდენიმე დღის წინ, მეგობრებთან ერთად წავიდა, ერთი აფხაზი და ერთი რუსი მოხალისეც დაიღუპა.
ყულუმბეგოვისგან განსხვავებით 300-მდე მებრძოლი, რომელიც არა მოხალისედ, არამედ ცხინვალის რუსული ბაზიდან იყო უკრაინაში საომრად გაგზავნილი, შინ დროზე ადრე, ცოცხალი დაბრუნდა.
ფრონტიდან ისინი ნათესავებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდნენ, სადაც ომის ამბებზე ყვებოდნენ. ეს მესიჯები მალე მთელ ცხინვალში სწრაფად გავრცელდა და სოციალურ ქსელებშიც გასაჯაროვდა. უკრაინაში გაწვეული ჯარისკაცები ამბობდნენ, რომ ისინი სასაკლაოზე დაყარეს, სათანადო აღჭურვილობისა და იარაღის გარეშე და აფრთხილებდნენ ნაცნობ-მეგობრებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად აღარ წასულიყვნენ.
ომიდან დაბრუნებული ცხინვალელი ჯარისკაცების ამბავი ბევრმა სიხარულით მიიღო, მაგრამ მათი საქციელი არაერთმა დაგმო კიდეც.
ამ დრომდე სოციალურ ქსელებში არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, დეზერტირები არიან ეს ახალგაზრდები თუ არა? ფაქტია, რომ მათ უარი თქვეს ომში ჩართვაზე და შინ დაბრუნდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ჯარისკაცების ნათესავებს სთხოვა, თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რამაც შეიძლება გაართულოს უკვე დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს და ადანაშაულებს არასწორი გადაწყვეტილებების გამო, გაიმეორა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთისთვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დახმარებას გააგრძელებს“.
პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, ცხინვალელი ჯარისკაცების პირველი ნაკადი უკრაინიდან 30 მარტს დაბრუნდა. შეიარაღებული ძალები ომში ორ ნაკადად გაიწვიეს. პირველად მძიმე ტექნიკა და საბრძოლო ჯავშანმანქანები 16 მარტს გაიყვანეს. რამდენიმე დღეში პირადი შემადგენლობა კამაზების მარკის ავტომანქანებით და ავტობუსებით გაიყვანეს უკრაინისკენ.
„ეტაპირება სიკვდილისკენ“
ასე უწოდებდნენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ცხინვალელი ჯარისკაცები, ნათესავებისთვის მიწერილ მესიჯებსა და ხმოვან შეტყობინებებში, ხოლო საკუთარ თავს „საზარბაზნე ხორცად“ მოიხსენიებდნენ. ოსი მებრძოლები აცხადებენ, რომ სერიოზული კითხვები აქვთ მათთან, ვინც ისინი უკრაინაში გააგზავნა.
„ეხო კავკაზასთან“ ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს, რომ სამხედროებს არ მიეცათ საშუალება, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლის სხეულის ნაწილები გამოეტანათ ბრძოლის ველიდან. ამ მოთხოვნაზე უფროსმა უპასუხა: თუთიის ცარიელ კუბოს ახლობლებს გავუგზავნით, უკვე ყველამ იცის, რომ დაიღუპაო. აღშფოთებულმა ოსმა მებრძოლებმა ის კინაღამ ადგილზე მოკლეს, რის შემდეგაც სარდალმა რუს ჯარისკაცებს დახმარებისთვის უხმო. ერთ-ერთი მებრძოლი ასევე ამბობს, რომ ისინი ბრძოლაში რუკის გარეშე გაგზავნეს და საბოლოოდ ჯგუფი ე.წ. მეგობრული ცეცხლის ქვეშ მოყვა. ხმოვანი შეტყობინებების დიდ ნაწილში ერთი და იგივე აზრი ისმის: სასაკლაოზე გაგვაგდეს, ვიბრძოდით, არ შეგვშინებიაო.
1000 ცხინვალელი მებრძოლი
დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი არმიის ფაქტობრივი გაუქმება და ოსი ჯარისკაცების რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით გადაყვანა გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ ბაზიდან თითქმის 1000 ცხინვალელი მებრძოლი წაიყვანეს უკრაინის ომში, ცხინვალიდან გასვლისას ისინი თავადაც ხაბიზგინებითა და ლუდით გააცილა. ჯარის დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე, როგორც ჩანს, კოკითიმ უკვე იცოდა, რომ უკრაინაში გაგზავნილი სამხედროები უკან ბრუნდებოდნენ და მხარდამჭერებთან შეხვედრისას თქვა, რომ ცხინვალელი ჯარისკაცები უკიდურესად ცუდ პირობებში მოხვდნენ:
„ეს ბიჭები ნორმალურად ჩაცმულებიც კი არ არიან, არ აქვთ ნორმალური იარაღი. მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მათი ტექნიკის უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული. და სად ვაგზავნით მათ? დიახ, ჩვენ რუსეთთან ვართ, მაგრამ ვეგუებით ჩვენი შვილების ასე დაღუპვას?.. უკვე დავრეკე მოსკოვში და ავუხსენი, რომ ახალგაზრდები მიდიან და უკან არ იხევენ, მაგრამ მაინც სჭირდებათ ცოტაოდენი პირობები... კურორტზე არ გაგვიშვია, მათ იციან და იცოდნენ სად მიდიოდნენ. ახლა ვიღაც ცდილობს ქუჩის აქციების მოწყობას, მშობლების ორგანიზება მიმდინარეობს. ყველაფერი გავაკეთოთ კულტურულად, ლეგალურად და ცივილიზებულად. ოღონდ ბიჭებს არავის დავაჩაგვრინებთ“... - განაცხადა კოკოითიმ.
ცხინვალში კი შიშობენ, რომ ომიდან წამოსულ თუ გამოქცეულ მებრძოლებს, სამხედრო ბრძანების შეუსრულებლობასა და დეზერტირობაში დაადანაშაულებენ. ამის გამო კი სამხედრო ტრიბუნალს გადასცემენ, ამიტომ სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდება მოწოდებები, მათ დასაცავად საპროტესტო აქციების მოწყობის შესახებ.
უკრაინაში გაგზავნილი ჯარისკაცების მშობლები ასევე ცდილობდნენ გასაუბრებოდნენ მე-4 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას, რათა გაეგოთ, ვინ მოაწერა ხელი მათი მივლინების ბრძანებას. თუმცა ამაზე პასუხი ვერ მიიღეს. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ უკრაინიდან წამოსული ახალგაზრდები, როკის გვირაბთან, რუსეთის საზღვარზე დატოვეს და უთხრეს, აქედან როგორც გინდათ ისე წადით ცხინვალამდეო. ამიტომ მათი მშობლები ვლადიკავკაზიდან მომავალ ტაქსებს თანხას სთავაზობდნენ, რომ შვილები სახლამდე ჩამოეყვანათ.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლარისა ბეკოევამ, სოციალურ ქსელში დაწერა:
„არ მეგონა, ამ დღეს თუ მოვესწრებოდი, ესენი არიან ჩვენი შვილები, ჩვენი დამცველები. მეომრები სახელმწიფოს სახეა, რის გარეშეც ერი ვერ იარსებებს. რატომ ვექცევით მათ ასე? რატომ წავიყვანეთ ომში ისინი საზარბაზნე ხორცად? მერე კი ნაგავივით დაყარეს საბაჟოზე? რატომ?რა ხდება, ვეღარ გავიგე?“
დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გააკრიტიკა მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა და კონკურენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ალან გაგლოევმა.
„ჩვენც ავედით (საბაჟოზე), ბიჭებს სახლამდე ჩამოსვლაში მივეხმარეთ. ძალიან გამიხარდა, რომ ისინი შეხვდნენ ახლობლებს. მინდა დავამატო: მე მეგონა, ჩვენს პრეზიდენტს გაუხარდებოდა, რომ ოსი ბიჭები შეხვდნენ ახლობლებს, შვილებს, მშობლებს. და მეგონა, რომ ის მათ სულ მცირე ორ სიტყვას ეტყოდა“.
თუმცა სამხრეთ ოსეთში ყველა არ იყო კმაყოფილი მოვლენების ასე განვითარებით. სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოსტები, რომლებშიც გმობდნენ ჯარისკაცების უკან დაბრუნებას. მათ გაავრცელეს ოსურ დროშაზე დაბეჭდილი მესიჯი: „სიკვდილი სჯობს სირცხვილს“.
მოხალისეების ნაწილი უკრაინაში დარჩა და ცხინვალში არ დაბრუნებულა. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ერთ-ერთი მებრძოლის დამ თქვა, რომ თვეზე მეტია, იქ არის მისი ძმა. „ჩვენ უკვე ბევრი რამ გამოვიარეთ, 90-იან წლებში საქართველოდან დევნილები გავხდით და ახლა კიდევ ეს ამბავი. დიდი ხანია არ დაურეკავს და ცოტა ხნის წინ უცებ ვიდეოზარით მიპასუხა. დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო. მერე ვიცანი. ძმა მთლად გაჭაღარავებულა. თქვა, რომ იქ ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ დაბრუნებას არ აპირებდა. მე ვთხოვე, თმები დაეფარა, როცა დედას დაურეკავდა, ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ თავს გადაიპარსავს“.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ადგილობრივი ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში. მისი აზრით, ისინი ცხინვალის დაცვის მოტივით უნდა დაეტოვებინათ და ამ ამბავს დისკუსიაც არ მოჰყვებოდა.
„დიახ, ბევრი ლანძღავს ამ ბიჭებს ახლა. გამოქცეულებს და ლაჩრებს უწოდებენ, მაგრამ მათი ახლობლების აზრით, ისინი სასაკლაოზე იყვნენ გაწვეულები და თავი უნდა გადაერჩინათ. ბიბილოვმა ერთი სიტყვაც კი არ თქვა მათი დაბრუნების შემდეგ, მაშინ როცა დიდი ზარზეიმით აცილებდა მათ. არადა, მას შეეძლო, ეს ბიჭები აქ დაეტოვებინა და, როგორც მცირე ერის წარმომადგენლები, რუსებს უკრაინისკენ საერთოდ არ გაეწვიათ. მაგრამ ბიბილოვი კრემლის მაამებელია და ასე გაუშვა ბიჭები. ახლა ყველა ელოდება, რომ ამ ბიჭების დევნას ბრძანებების შეუსრულებლობისა და დეზერტირობის მუხლით დაიწყებენ. ჯერ იყო და მათი მშობლები ღმერთს მათ გადარჩენას სთხოვდნენ, ახლა კი კიდევ ერთი სატკივარი დაემატათ. არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ მათ მიადგნენ და დააკავონ“, - ამბობს ცხინვალელი წყარო.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი რადიო თავისუფლებას ცხინვალელი კოლეგების მონათხრობს უზიარებს.
„წინა დღეებში რუსულ ბაზაზე ომში წაყვანილი ბიჭების მშობლები მივარდნენ და ხელმძღვანელებს სთხოვდნენ პასუხს. მშობლებს უკვე ჰქონდათ უკრაინიდან გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც ეს ბიჭები იტყობინებოდნენ, რომ დაბომბვაში მოყვნენ და პატრონი არავინ ჰყავდათ. სადღაც მინდორში მიუტოვებიათ და ვერც მეთაურს პოულობდნენ. ამიტომ ამბობდა ხმამაღლა წინა დღეებში კოკოითი, საზარბაზნე ხორცად იყენებენ ჩვენს ბიჭებსო. მერე დონეცკისკენ ბალა ბესტაუთი (მეტსახელად ბალა, კონფლიქტის ზონაში ცნობილი ოსი მებრძოლი) გაუგზავნია და მან მოახერხა ამ სამასი ბიჭის გამოყვანაო. ძალიან არიან აღშფოთებულები, სამხედრო ტრიბუნალს ელოდებიან, მაგრამ ბაზის რუსი ხელმძღვანელები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ“.
ცხინვალიდან გავრცელებული ცნობებით, უკან დაბრუნებული ჯარისკაცები სახლში არიან და ჯერ ბაზაზეც არ გამოცხადებულან, ისინი ახლა დუმილს ინარჩუნებენ და არ ამბობენ, ვინ და რამდენი დაიღუპა ბრძოლის ველზე. სავარაუდოდ, უკრაინაში კიდევ 800-მდე ოსი მებრძოლია დარჩენილი.