ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინისკენ ადგილობრივი ჯარისკაცების უკვე მეორე პარტია წაიყვანეს. ამის შესახებ კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა და ჩანს, როგორ ტოვებენ ჯარისკაცები, ავტობუსებითა და კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანებით, ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო ბაზის ტერიტორიას. მათ ხელში დე ფაქტო რესპუბლიკის დროშები უჭირავთ და ოჯახების წევრებს ემშვიდობებიან.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ეს ჯარისკაცების გაყვანის მეორე შემთხვევაა. პირველი კადრები 16 მარტს გავრცელდა. მაშინ, ცხინვალში განთავსებული, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ცხინვალელი ახალგაზრდების წაყვანას ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი გვერდი „ირონ ბონვარონი“ გმობს რუსეთის მიერ ცხინვალელი სამხედროების უკრაინის ფრონტზე გადასროლას.
„სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს აღარაფერი სჭირდება - არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა. როგორც ირკვევა ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენვე სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად“, - ვკითხულობთ „ირონ ბონვარონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერიტორიაზე დარჩებოდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და ძალოვანი უწყებების მინისტრებს საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვისა და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა. ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ძალოვნები მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში, დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
რუსეთი არ ინდობს მშვიდობიან მოსახლეობას და მის ავიაიერიშებს, კიევის ცნობით, უკვე ემსხვერპლა 136 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე.