Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება


ანდრეი რუდენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ანდრეი რუდენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„გაერთიანების შესახებ საკითხი ორი მხარის მონაწილეობას მოითხოვს. თავიდან შევხედავთ იმას, თუ რეფერენდუმის ჩატარების დროს როგორ მისცემენ ხმას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და შესაბამისად, დაველოდებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეაქციას. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორების მთელი ერთობლიობა, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, მაინცდამაინც დღეს ამ გადაწყვეტილების მიღების დროულობის და მიზანშეწონილობის საკითხი“, – განაცხადა რუდენკომ.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი დააკვირდება 17 ივლისს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისთვის მზადებას. რუდენკომ ასევე ისაუბრა ცხინვალის მხრიდან უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერაზე.

ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს მოაწერა ხელი განკარგულებას რუსეთთან გაერთიანების საკითხზე ე.წ რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ. ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება", რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ. „შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთი ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - აცხადებს ბიბილოვი.

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, - რუსულ სააგენტო ტასს-თან ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიცირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.

„რაც შეეხება რეფერენდუმს, ის მათი (დე ფაქტო ხელისუფლების) ნების საკითხად რჩება. ამასთან, ვფიქრობ, რომ ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევი დალოდებას არჩევს. მართალია, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაეტარებინა ასეთი რეფერენდუმი, მაგრამ აქ ეს დიდწილად მათზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთზეა, რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი გააფართოონ სამოკავშირეო სახელმწიფო“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი განცხადება ცხინვალში უკვე აღიქვეს, როგორც მთავარ გზავნილად და რეკომენდაციად, ვიდრე უბრალო მოსაზრებად. ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (ერთიანი რუსეთი) კონსტანტინ ზატულინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის აუდგილოა: „მე პატივს ვცემ ანატოლი ბიბილოვს, მაგრამ ახლა მისი ქმედება მთლად კორექტული არ არის: შენ თუ არჩევნები წააგე, რეფერენდუმი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და თუ ეს საბოლოოდ რაღაცის გაკეთების სურვილიდან მოდის, არ არის ლამაზი. ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა“, - განუცხადა ზატულინმა „ვედომოსტს“.

24 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართება და ამის შემდეგ ის უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს.

XS
SM
MD
LG