19 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას დაუჭირა მხარი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ. ინიციატივის წარდგენისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების გამორჩეული თვისებაა მისი მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის ცალმხრივი შემოღება.
„პროცედურის პარამეტრებს შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ დაადგენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი“, - განაცხადა რუდენკომ. მისი აზრით, შეთანხმების რატიფიკაცია მეტყველებს „ჩვენი მხარდაჭერის ხაზის შეუცვლელობაზე სამხრეთ ოსეთის მიმართ, ქვეყნის, რომელიც ჩვენი უახლოესი მეზობელია".
რუდენკოს განცხადებით, „ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ცხინვალში 2021 წლის 20 სექტემბერს. ის მიზნად ისახავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის დარეგულირებას არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“. მინისტრის მოადგილის შეფასებით,. „ამ ხელშეკრულების რატიფიცირება იქნება მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“.
რუდენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამჟამინდელი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, რომელიც ახლახან გაიმართა სამხრეთ ოსეთში, ეს გამოავლენს რუსეთის ურყევ სურვილს მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც მისი უახლოესი მოკავშირეა“, სადაც მოქალაქეთა 85%-ზე მეტს ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა.
2021 წლის 20 სექტემბერს ცხინვალში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა, პირველ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. რუსეთი უფლებას ანიჭებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს (დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების დროიდან, 2008 წლის 26 აგვისტოდან), რომლებმაც მიაღწიეს სრულწლოვან ასაკს, განაცხადონ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე. ამავდროულად, მოქალაქეობის მიღების პირობებს, მიღებაზე განცხადებების წარდგენის წესს, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და განაცხადების განხილვის წესს ადგენს რუსეთის პრეზიდენტი. ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის, შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ. მხარეები ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა რატიფიკაციის დოკუმენტების გაცვლის დღიდან. იგი მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს ოფიციალური არხებით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქალაქეების ნაწილი უკვე ფლობს რუსეთის მოქალაქეობას. კრემლმა ე.წ პასპორტიზაციის პროცესი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო. ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვაც დაასახელა. ამჟამად კი ამ ყველაფრის იურიდიულად გაფორმება მიმდინარეობს. ოკუპირებული რეგიონიდან, სადაც ეფექტურ კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ათეულობით ათასი ადამიანი ეთნიკური ნიშნით არის გამოდევნილი. ამის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილებაც მიიღო.