რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი არ აპირებს რაიმე ნაბიჯის გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერთების თაობაზე, წერს სააგენტო "რია ნოვოსტი".
„ამ თემაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არ იგეგმება“, - განაცხადა მან.
პესკოვმა ასევე მიანიშნა კაზუსზე, რომლის გამოც, მისი სიტყვებით, საჭიროა "ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით დაფიქრება."
„თქვენ იცით, რა თქმა უნდა, თუ ამას სერიოზულად მივუდგებით, იურიდიულად უნდა გაირჩეს ეს საკითხი. რადგან, თუ სწორად გვესმის, სარეფერენდუმო საკითხი იურიდიულად ჩამოყალიბებულია, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანება, ანუ იურიდიულად ეს გარკვეული კაზუსია, ვინაიდან, თუ ეს გაერთიანებაა, ე.ი. საუბარია რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნაზე, რაც, ცხადია, შეუძლებელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, საჭიროა ცოტათი, ალბათ, ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით, უბრალოდ, დაფიქრება“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა საკითხზე, „უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთთან გაერთიანებას?“ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტო ალან გაგლოევი, რომელიც დღეს, 24 მაისს შეუდგა „პრეზიდენტის უფლებამოსილების“ შესრულებას, მიიჩნევს, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით აჩქარება არაა საჭირო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეფერენდუმის საკითხის განხილვისას საჭიროა „მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების“ გათვალისწინება.