„NashStore”, იგივე „ჩვენი მაღაზია”, ახალი რუსული ციფრული მაღაზიაა ანდროიდის ტელეფონებისთვის. იქ ატვირთულია ყველა ის აპლიკაცია, რომელზე წვდომაც რუსებს სანქციებმა შეუზღუდა.
აპლიკაციების შემქმნელებისთვის ის ამუშავდა 9 მაისს, როდესაც რუსეთი „ფაშიზმზე გამარჯვების დღეს” აღნიშნავს. დანარჩენებისთვის - 15 მაისს.
დღეისთვის მაღაზიაში 600-მდე აპლიკაციაა. ისინი დაყოფილია კატეგორიების მიხედვით.
მთლიანობაში მაღაზია იმავენაირად მუშაობს, როგორც გუგლის Play Store. გუგლისგან განსხვავებით, ის რუსული ბანკების მიერ გაცემულ საკრედიტო ბარათებსაც „აღიქვამს“.
მაგრამ გუგლი „Nashstore”-ს არ აღიარებს, ამიტომაც ტელეფონის პარამეტრებში მას დაყენების ნებართვა უნდა მისცეთ.
შედარებისთვის, გუგლის მაღაზიაში, Statista-ს თანახმად, მარტში 2.6 მილიონი აპლიკაცია იყო.
სანქციები ინტერნეტში
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს.
კომპანია Aplhabet Inc-მა, რომელიც ფლობს მაღაზია „გუგლ ფლეისა“ და იუტუბს, რუსეთს ფასიან აპლიკაციებზე წვდომა შეუჩერა. ანუ რუსებს აღარ შეუძლიათ, გამოიწერონ ონლაინგამოცემები, წიგნები, ვიდეო- და აუდიოკონტენტი, რომელიც ანდროიდის ტელეფონებისთვის ვრცელდება.
ციფრული მაღაზიიდან გაქრა ყველა სანქცირებული კომპანიის, მაგალითად, „აეროფლოტის“, „ალფა ბანკის” და სხვების აპლიკაციები. იუტუბმა კი გაუთიშა მონეტაზიცია რუს ვლოგერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რეკლამისგან შემოსავალს ვერ მიიღებენ.
ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, კომპანია მეტამ, რომელიც ფლობს ინსტაგრამს და ვათსაპს, ნება დართო უკრაინას, საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, უსურვონ სიკვდილი პუტინსა და რუს ჯარისკაცებს. კრემლმა ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა ინსტაგრამი, ფეისბუკი და ტვიტერი და მათზე წვდომა დაბლოკა.
შედარებით „მოკრძალებული” სანქციები დააწესა Apple-ის მაღაზიამ, App Store-მა. მან გათიშა გადახდის ფუნქცია რამდენიმე რუსული მობილური ოპერატორის აბონენტებისთვის.
“ჩვენი პასუხი დასავლეთს”
„ჩვენი მაღაზია” შექმნა რუსულმა კომპანია Digital Platforms-მა. მისი წარმომადგენელი ვლადიმირ ჟუკოვი აცხადებს, რომ მომხმარებლებისთვის ალტერნატივის შეთავაზება მხოლოდ ერთი ამოცანაა. მეორეა - არ დატოვონ რუსული IT ინდუსტრია შემოსავლის გარეშე. მარკეტებიდან აპლიკაციების გაქრობამ ბევრი რუსული კომპანიის ჯიბეს „დაარტყა”.
„Nashstore“-ი რუსეთში შექმნილი პირველი ციფრული მაღაზია არაა. აპრილის შუა რიცხვებში შეიქმნა „Ru Market“-ი ანდროიდისთვის.
რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრმა, მაქსუტ შადაევმა კი განაცხადა, რომ კიდევ ერთი მაღაზიის შექმნაზე მუშაობს კომპანია VK, რომელიც ფლობს რუსეთში უმსხვილეს სოციალურ ქსელს, „ვკონტაქტეს“.
იქამდე, 16 მარტს, გაირკვა, რომ კომპანია ასევე აპირებს 2000-იანების დასაწყისში პოპულარული მესენჯერის, ICQ-ს გაცოცხლებას.
დაბლოკილი აპლიკაციების ჩასანაცვლებლად, რუსეთში სხვა აპლიკაციებიც შეიქმნა. მაგალითად, Rossgram-ი - ინსტაგრამის კლონი. ოღონდ საიტი უკვე ორ თვეზე მეტია არსებობს, მაგრამ აპლიკაცია დღემდე არ ამუშავებულა.
რუსეთში ინტერნეტთავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „რუსეთის ციფრული პასუხი დასავლეთს” აეჭვებთ, რადგან უცნობია, რამდენად კარგად იქნება აპლიკაციებში დაცული უსაფრთხოების პარამეტრები. „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების” დირექტორის, მიხაილ კლიმარიოვის შეფასებით, რუსეთი შეეცდება გაიმეოროს ჩინეთის გზა, რომელსაც საკუთარი ანალოგი აქვს შექმნილი დასავლეთში პოპულარული ყველა ვიდეოპლატფორმის, მესენჯერისა თუ სოციალური ქსელებისთვის. პეკინი მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს, რაც იქ ქვეყნდება.