12 მაისს, კლინიკა „ვივამედი“ უკვე მზადყოფნაში იყო: ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, შენობაში დილიდანვე შეიყვანეს ბადრაგები და გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები, რის შემდეგაც მიიყვანეს იქ რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. კლინიკის იმ სართულზე, სადაც, სავარაუდოდ, განთავსებულია მიხეილ სააკაშვილის პალატა, ფანჯრებს გისოსები იცავს.
სააკაშვილი ამ კლინიკაში გადაყვანას რამდენიმე პირობით დათანხმდა.
„ვივამედი“ ის კლინიკაა, რომელთანაც სპეციალური პენიტენციური სამსახური წლებია თანამშრომლობს - საჭიროების შემთხვევაში პატიმრებს ძირითადად იქ მკურნალობენ.
თუმცა როგორია მკურნალობის პრაქტიკა, რამდენად კმაყოფილები არიან პატიმრები, იღებენ თუ არა საჭირო მომსახურებას სრულყოფილად, ამის მონიტორინგი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ ჩაუტარებიათ.
რა ვიცით „ვივამედზე“?
„ვივამედი“ თავის თავს უწოდებს კლინიკას „ნებისმიერი სოციალური ფენისათვის“ და საკუთარ წარდგენაში წერს, რომ ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გაერთიანებულია მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე ამ კლინიკასთან უკვე მრავალი წელია პენიტენციურ სამსახურს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს დადებული.
2021 წელს, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული იყო, რომ 2020 წელს, პენიტენციური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში 585 პატიმარი გადაიყვანეს.
2021 წელსვე, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ პატიმრები საავადმყოფოში განთავსებულნი არიან ცალკე, იზოლირებულად. ხოლო განყოფილება, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, აღჭურვილია გისოსებით. მისივე თქმით, ბადრაგისთვის კონკრეტული ტერიტორიაა გამოყოფილი.
„ჩვენი კლინიკა გახლავთ მრავალპროფილური კლინიკა, აღჭურვილი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ბაზით, კვლევების აპარატურით და ძალიან გამოცდილი სამედიცინო პერსონალით“, - ამბობდა მაშინ ჩხაიძე.
მედიცინის დოქტორმა, მერაბ ქავთარაძემ, რომელიც სახალხო დამცველის აპარატთანაც თანამშრომლობს ექსპერტის რანგში, გვითხრა, რომ ზოგადად, „ვივამედს“ აქვს ნაშიმშილარი ადამიანის მკურნალობის გამოცდილებაც და რადგან ის მრავალპროფილური კლინიკაა, სხვადასხვაგვარი სამედიცინო სერვისების მიწოდებაც შეუძლია. უფრო კონკრეტულად როგორი პრაქტიკა არსებობს პატიმართა მკურნალობის კუთხით ამ საავადმყოფოში, ის ამ ინფორმაციას არ ფლობს.
რადიო თავისუფლებამ სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძესაც ჰკითხა, რა გამოცდილება აქვს ომბუდსმენის ოფისს ამ მხრივ, ხომ არ ჰქონიათ პაციენტი პატიმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევები, რაზეც ბურჯანაძემ გვიპასუხა, რომ სახალხო დამცველს ცალკე ამ კლინიკის მონიტორინგი პატიმართა სამედიცინო მომსახურების კუთხით არ ჩაუტარებია, თუმცა არც პრობლემას შეხვედრიან, განსხვავებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკისგან.
„ვივამედთან“ დაკავშირებით, განსხვავებულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის გამოცდილება: მისი თქმით, სწორედ ამ კლინიკის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა თუ გადმოხტა (ეს დღემდე გაურკვეველია) პატიმარი, რომლის ოჯახის წევრების, როგორც დაზარალებულების უფლებას ახლა ეკა იცავს. გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და არც წინ წასულა.
ადვოკატი გვეუბნება, რომ ოჯახს დღემდე აქვს ეჭვი, რომ პატიმარი მეექვსე სართულიდან თავისით არ გადმომხტარა. რა მოხდა რეალურად „ვივამედის“ მეექვსე სართულზე, დღემდე უცნობია.
ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მისი ნაცნობი პატიმრები ხშირად ჩივიან ამ კლინიკაში მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო და ამბობენ, რომ იქ წასვლას ისევ ციხეში ყოფნა ურჩევნიათ: „გამიგია, რომ იქაურობას ზოგი "სიკვდილის მანქანას" ეძახის“, - გვეუბნება ეკა ქობესაშვილი.
კლინიკა „ვივამედი“ მედიის ყურადღების ცენტრში 2021 წლის ივლისშიც მოექცა, როდესაც 26 წლის ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირი, ბესიკ თორდუა სწორედ იქ მკურნალობიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.
მაშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ 30 ივნისს, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში თავის ტვინის ინფარქტის დიაგნოზით მოთავსდა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა და სასწრაფო ოპერაციისა, ბესიკ თორდუა 14 ივლისს გარდაიცვალა.
კლინიკა „ვივამედი“ ყოფილი კლინიკა „ლანცეტია“, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ლიცენზია ჩამოართვა გახმაურებული საქმის გამო.
ექვსი წლის წინ, 2016 წელს, კლინიკა „ლანცეტში“ აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ექიმმა ღვიძლის გადანერგვის 2 ოპერაცია ჩაატარა, ორივე პაციენტი ოპერაციიდან 1 კვირაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც დააკავეს კლინიკის დირექტორი, „ლანცეტის“ 50%-იანი წილის მფლობელი ფარმან ჯეირანლი.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ადვოკატ ნესტან ლონდარიძესაც (რომელიც სწორედ "ლანცეტში" გარდაცვლილი ორი პირის ოჯახის ინტერესებს იცავდა და ეს საქმე მოიგო კიდეც) - რადგან მას პატიმრებთანაც ხშირი შეხებას აქვს, ვკითხეთ, რას ამბობენ თავად პატიმრები, რამდენად სრულყოფილ სამედიცინო სერვისებს იღებენ ისინი ამ კლინიკაში. თუმცა ნესტანმა გვითხრა, რომ, როგორც წესი, პატიმრები ამ კლინიკაში მიჰყავთ მცირე დროით, მხოლოდ გამოკვლევებზე და მათ არა აქვთ შესაძლებლობა რამენაირად გადაამოწმონ ამ გამოკვლევების შედეგები. როგორც წესი, მათ მალევე აბრუნებენ ციხის საავადმყოფოში, მე-18 დაწესებულებაში.
რა ელის სააკაშვილს "ვივამედში"
რამდენ ხანს დარჩება მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ ან რა ტიპის მკურნალობას ჩაუტარებენ, ეს ჯერ უცნობია - მისმა თანაგუნდელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძემ გვითხრა, რომ არ გაუკვირდება, თუ მას დღესვე უკან, ციხეში დააბრუნებენ.
„მას ახლა სჭირდება არა გამოკვლევა, არამედ მკურნალობა! და ეს რამდენად მოხერხდება მანდ, რთული სათქმელია“, - გვითხრა ეკა ხერხეულიძემ.
მისცემენ თუ არა კლინიკაში შვილის მონახულების უფლებას ან რამდენ ხანს დარჩება სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში, ამაზე პასუხი არც სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას აქვს. გიული ალასანიას მიაჩნია, რომ მისი შვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანსაც ვკითხეთ, რა იცის „ვივამედში“ პატიმრების მკურნალობის გამოცდილებაზე, თუმცა მარიამ ჯიშკარიანიც ამბობს, რომ თუ არ ჩავთვლით ფრაგმენტულ ჩივილებს პატიმრების მხრიდან, სრული სურათი, როგორ სამედიცინო სერვისებს აწვდიან მათ ამ კლინიკაში, არ არსებობს.
„არც ციხეთა სისტემაში და არც „ვივამედში“, პატიმართა ჯანდაცვის კუთხით დამოუკიდებელ სამედიცინო მონიტორინგს არავინ აწარმოებს“, - უთხრა მარიამ ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება მოლოდინს, ჩაუტარდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს დღეს მისთვის საჭირო მკურნალობა სწორედ ამ კლინიკაში, ამაზე „ემპათიის“ ხელმძღვანელი ასე გვიპასუხებს:
„სახელმწიფოს მხრიდან შვიდი თვე რომ არ იყო ნება, ადამიანისთვის წესიერი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ, მერვე თვეში მოხდება ეს?“.
მარიამ ჯიშკარიანი კვლავაც მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და ამბობს, რომ პატიმარმა ამ კანონიერი უფლებით აუცილებლად უნდა ისარგებლოს.
12 მაისს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო - მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშო“.
„ყველა იმას ამბობს, რომ მისი გაყვანა აუცილებელია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი დამნაშავედ არ მიაჩნია... არც ერთი ექიმი არც ინტერესდება, თუ რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება მოიტანოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამედიცინო თვალსაზრისით სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის სამართლებრივი საფუძველი:
„ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისმა კოლეგამ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კი თქვა, რომ დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის განსაზღვრის შემდეგ ნათელი გახდება, რამდენად არსებობს სააკაშვილისთვის მკურნალობის გაწევის შესაძლებლობა პენიტენციურ სისტემაში ან საქართველოს სამოქალაქო კლინიკებში და თუკი აღმოჩნდება, რომ სერვისის გაწევა საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა პატიმრის უცხოეთში გადაყვანაზე, თუმცა, ამჟამად ამის რაიმე წინაპირობა არ ჩანს.