Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს გააცნო რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციები


ფოტო არქივიდან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტს მიმართავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ბრიუსელი, 2022 წლის 1 მარტი
ფოტო არქივიდან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტს მიმართავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ბრიუსელი, 2022 წლის 1 მარტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს წარუდგინა სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტი, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა აამოქმედოს უკრაინაში ომის გამო.

დღეს, 4 მაისს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის წინადადებაა, ნახევარი წლის განმავლობაში აიკრძალოს რუსული ნავთობის და წლის ბოლომდე - ნავთობპროდუქტების იმპორტი. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, მაქსიმალურად აძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას და ამასთან, ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვა პარტნიორებს აძლევს ალტერნატიული წყაროებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

ამასთან, სააგენტოები AFP და dpa ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსული ნავთობის აკრძალვის მიუხედავად, გამონაკლისი დაიშვება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც სხვებზე მეტად არიან დამოკიდებული რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე.

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტით, საერთაშორისო სისტემიდან, SWIFT-იდან გათიშავენ კიდევ რამდენიმე რუსულ ბანკს, მათ შორის უმსხვილეს „სბერბანკ“-ს. ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვასაც. გარდა ამისა, ფართოვდება სანქცირებული ფიზიკური პირების სია. მათ შორის იქნებიან უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირის მქონე რუსი სამხედროები. სააგენტო AFP წერს, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის პატრიარქ კირილესაც.

კონკრეტული პირების ჩამონათვალი და ახალი სანქციების დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ევროკომისიის წინადადებებს მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფო და დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდება ევროკავშირის ჟურნალში.

XS
SM
MD
LG