Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნებს გაეგზავნა რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების პროექტი


ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს წარუდგინა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც. ამის შესახებ სააგენტოები AFP და dpa იუწყებიან ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოებისთვის გვიან ღამით გაგზავნილი პროექტით, რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად, 6-8 თვის განმავლობაში უნდა აიკრძალოს. გამონაკლისი დაიშვება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც სხვებზე მეტად არიან დამოკიდებული რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, ევროკომისიის მიერ შეთავაზებული პროექტი შესაძლოა, ახალი დავის საგნად იქცეს, რადგან გამონაკლისის დაშვებას მოითხოვენ ჩეხეთი და ბულგარეთიც. ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი ეკონომიკაც ძლიერადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა ევროკავშირის სახელმწიფოებმა დღეიდან, 4 მაისიდან უნდა დაიწყონ. გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს ევროკავშირის სანქციების 5 პაკეტი, რომლებიც შეეხო საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და მათთან დაახლოებული ოლიგარქებს. უკრაინა ევროკავშირისგან მოითხოვს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტის სრულად აკრძალვას.

XS
SM
MD
LG