Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცენზურისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია", - "კინოს სახლში" სალომე ჯაშის ფილმის ბოლო ჩვენება გაიმართა


ნინო ძანძავა, სალომე ჯაში, ანნა ძიაპშიპა
ნინო ძანძავა, სალომე ჯაში, ანნა ძიაპშიპა

"კულტურის მოთვინიერების მცდელობაა, კონკრეტული ადამიანის დავალებით დაადეს ფილმს ცენზურა, ამ ფილმის აკრძალვა ერთ-ერთი კომპონენტია იმ პოლიტიკის, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება", - ასე აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებას სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერების" სეანსების გაუქმების შესახებ.

ფილმის ბოლო ჩვენება "კინოს სახლში" დღეს, 28 აპრილს 20:00 საათზე გაიმართა.

"კინოს სახლში" ფილმის სანახავად და პროტესტის გამოსათქმელად მისვლა მოქალაქეებმა 19:00 საათიდან დაიწყეს
"კინოს სახლში" ფილმის სანახავად და პროტესტის გამოსათქმელად მისვლა მოქალაქეებმა 19:00 საათიდან დაიწყეს

ფილმზე დასწრების გარდა, აქ მოსულმა ადამიანებმა კინოაკადემიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

"ვაპროტესტებ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელსაც ის კულტურის სექტორში ახორციელებს და აქ ასევე მოსული ვარ იმისთვის, რომ ვუთხრა "არა" ცენზურას.

კინომცოდნე ნინო ძანძავა პლაკატით ხელში "არა ცენზურას"
კინომცოდნე ნინო ძანძავა პლაკატით ხელში "არა ცენზურას"

ამ ფილმის აკრძალვა ერთ-ერთი კომპონენტია იმ პოლიტიკის, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება. ჯერ კიდევ შარშანდელი წლიდან მოყოლებული, როდესაც კინოცენტრის საქმეები პროკურატურას გადაეცა. უახლოეს წარსულში ჩვენ ვიხილეთ გაგა ჩხეიძის გათავისუფლება კინოცენტრის დირექტორის პოზიციიდან, რაც ასევე, როგორც ჩანს, მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და ის ვადამდე ადრე სრულიად უსამართლოდ გაათავისუფლეს", - ამბობს კინომცოდნე ნინო ძანძავა.

"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს მთელ იმ პროცესს, რომელსაც დღეს კულტურა გადის, მთელ ამ წნეხს და კონტროლს, კულტურის მოთვინიერებას. ეს ფილმიც ამ ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილია და რაღაც მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ ეს ფილმი ბევრი სხვა ფილმისთვის შეიძლება დასაწყისი იყოს, რომელიც ვიღაცას არ მოსწონს და ვიღაცას მიაჩნია, რომ განსხვავებულ აზრს აჩენს.

ანნა ძიაპშიპა
ანნა ძიაპშიპა

ხელოვნება იმისთვისაა, რომ განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეგრძნებები გააჩინოს და სხვადასხვანაირი იყოს. ეს თითქოს ხელოვნების, კინოს კონტროლის მარწუხებში მოქცევა და ცენზურისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. როგორც ჩანს, ვიღაცის პირად ეგოს შეეხო", - ეუბნება რადიო თავისუფლებას Sakdoc ფილმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანნა ძიაპშიპა.

"ფილმი არის ძალიან ნეიტრალური და ასახავს ჩვენი ისტორიის ერთი კონკრეტული მოვლენის განვითარებას, რომელიც ალბათ რომელიმე კონკრეტულმა ადამიანმა ძალიან პირადულად მიიღო. სწორედ ამაშია პრობლემა, რომ კონკრეტული ადამიანის დავალებით ფილმს დაადეს ცენზურა", - გვეუბნება კინორეჟისორი გიორგი მასხარაშვილი და დასძენს, რომ თანამედროვე ეპოქაში ამის გაკეთება სისულელედ მიაჩნია.

თავად ფილმის ავტორი სალომე ჯაში რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კიდევ 5 ჩვენება ჰქონდათ დაგეგმილი და ქართულმა კინოაკადემიამ გააუქმა იმ მოტივით, რომ ფილმი საზოგადოებაში პოლიტიკურ პოლარიზებასა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

სალომე ჯაში
სალომე ჯაში

"ეს არის მიზეზი, რომელიც მითხრეს. ეს მე მოვისმინე კინოაკადემიის ახალი დირექტორისგან, რომელიც ზამთარში აირჩიეს, რომელიც საქართველოში არ იყო და ახლა ჩამოვიდა და მას არ სურს, როგორც თვითონ მითხრა, თავისი დირექტორობა ამ ფილმის ჩვენებით დაიწყოს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამოჩნდა არაერთი ორგანიზაცია, რომელიც მზადაა ფილმს დაუთმოს ადგილი, თუმცა ეს არის კინო, რომელიც კინოთეატრებშია შექმნილი და სამწუხაროა, რომ მისი ჩვენება სხვაგან მოგვიწევს... შეგვიძლია ყველამ ვიმსჯელოთ, რა გადაწყვეტილებაა ეს და საიდან მოდის", - ამბობს სალომე ჯაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, თბილისში სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერების" ჩვენებები გაუქმდა.

კინოაკადემიის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე (მინდია) ესაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "მოთვინიერების" ორი ჩვენება კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში უკვე გაიმართა და დაგვიდასტურა, რომ ჩვენებების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსი გახდა.

"მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ "საქართველოს კინოაკადემია" ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად", - განგვიცხადა ესაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული, კინოაკადემიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არანაირი კომუნიკაცია სამინისტროსთან ამ თემაზე არ ყოფილა.

სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან არის მიტანილი და ჩარგული.

ფილმი კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და სამი ქვეყნის – შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია. ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს.

როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გაგა ჩხეიძემ გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში უთხრა რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური ბაღი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.

"მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს "Sundance"-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. "Sundance"-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ფილმი ასე იყო დახასიათებული: "ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე".

XS
SM
MD
LG