Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებზე, რომელიც 25 აპრილიდან რთულდება


25 აპრილიდან საქართველოში მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარება რთულდება. საუბარია "B" და "BE" (ე.წ. მსუბუქი მანქანა - 3,5 ტონამდე წონის) კატეგორიაზე. მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო იქნება დამატებით ერთი გამოცდის - ქუჩაში პრაქტიკის - ჩაბარება.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიძია ყველა იმ აქტუალურ კითხვაზე პასუხი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის ახალ წესებს ეხება.

რა ტიპის გამოცდების ჩაბარებაა საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად?

25 აპრილიდან კვლავ სავალდებულო იქნება ე.წ. თეორიული და პრაქტიკული (შემოსაზღვრულ სივრცეში) გამოცდების ჩაბარება. მხოლოდ ამ ორი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ნიშნავს კანდიდატი ქალაქში პრაქტიკულ გამოცდას.

რომელი ქალაქების ქუჩებში ჩატარდება ახალი, პრაქტიკული გამოცდა?

გამოცდა ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც ახლა ტარდება პრაქტიკული გამოცდა. ეს ქალაქებია: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.

საწყის ეტაპზე გამოცდა არ ჩატარდება ზუგდიდში - ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტებია დაწყებული და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ ქალაქში დამატებითი გამოცდის ჩაბარება.

ისევე, როგორც აქამდე, თბილისში გამოცდა არ ჩატარდება.

რა ღირს გამოცდაზე რეგისტრაცია?

თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირების (სტანდარტული) ღირებულება 40 ლარია. დამატებით თანხას კანდიდატი იხდის იმ შემთხვევაში, თუ ჩაიჭრება. პრაქტიკულ გამოცდაზე რეგისტრაციისთვის დამატებითი საფასურის გადახდა საჭირო არ არის.

რამდენი შეცდომის დაშვების უფლება ექნება გამოსაცდელს?

შეცდომები დაყოფილია მძიმედ და მსუბუქად. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფასდება უარყოფითად, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა:

  • 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა;
  • ერთი მძიმე შეცდომა;
  • ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც დისკვალიფიკაციის საფუძველია.

მსუბუქი შეცდომებია:

  • მანქანის დაძვრამდე კარის არშემოწმება;
  • მანქანის დაძვრამდე სადგომი მუხრუჭის არშემოწმება;
  • მძღოლის სავარძლის ვერდარეგულირება;
  • თუ ღვედი არ იქნება სათანადოდ შეკრული;
  • საჭის ვერდარეგულირება;
  • და სხვა.

მძიმე შეცდომებია:

  • მანქანის მართვისთვის საჭირო მოწყობილობების: გარე სანათების, მოხვევის შუქ-მაჩვენებლის, ხმოვანი სიგნალის, საავარიო შუქ-სიგნალიზაციის, საქარე მინის მინამწმენდის, წყლის შესაშხურებლის, ვენტილაციის არასაჭირო დროს გამოყენება ან პირიქით, საჭირო დროს არგამოყენება;
  • მანქანის უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართვა;
  • სარკეების, სავარძლის და სხვა მოწყობილობების მანქანის მართვის დროს დარეგულირება.

დისკვალიფიკაციის მიზეზებია:

  • საავარიო სიტუაციის შექმნა და მანქანის დროულად ვერგაჩერება;
  • საგამოცდო ელემენტის ვერდასრულება;
  • საგამოცდო პროცესისთვის ხელის შეშლა;
  • გამოცდის ელემენტების თანმიმდევრობის დარღვევა;
  • გამოცდაზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა;
  • და სხვა.

მოუწევს თუ არა გამოსცდელს ქალაქში პარკირება, ე.წ. რვიანების ან სხვა მსგავსი დავალებების შესრულება?

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიზანია, რეალურ საგზაო მოძრაობაში მძღოლობის კანდიდატის უნარ-ჩვევების შემოწმება. კანდიდატს მოუწევს ყველა იმ დავალების შესრულება, რომელიც მართვის დროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე გამოიკვეთება.

ვის არ ექნება დამატებითი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება?

მხოლოდ იმ გამოსაცდელებს, რომლებმაც 25 აპრილამდე ჩააბარეს თეორიული გამოცდა, თუმცა ჩაიჭრნენ პრაქტიკულ ნაწილში. მათ შეეძლებათ, პრაქტიკული გამოცდა ძველი წესით ერთი თვის ვადაში ჩააბარონ.

თუ რომელიმე ეტაპზე კანდიდატი ჩაიჭრა, რა ხდება?

თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში აუცილებელია ახლიდან რეგისტრაცია და დამატებითი თანხის გადახდა. თუ კანდიდატი გამოცდის პირველ პრაქტიკულ ნაწილში ჩაიჭრება, მას 30 დღე აქვს შეცდომის გამოსასწორებლად - კვირაში ერთხელ შეუძლია უფასოდ ჩააბაროს გამოცდა ან ყოველდღე დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

შემდეგი ეტაპია ქალაქში ტესტირება - პრაქტიკული გამოცდის მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე ჩაბარების შემდეგ კანდიდატი რეგისტრირდება ქალაქში გამოცდისთვის. თუ პირველივე გამოცდაზე კანდიდატი ვერ ჩააბარებს ქალაქში მართვის კომპონენტს, მას განმეორებით გამოცდაზე გასვლა თვეში ერთხელ, ერთი წლის განმავლობაში შეუძლია. დამატებით, ფასიანი გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია კვირაში ერთხელ, დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

საკმარისი იქნება გამოსაცდელის ცოდნა იმისთვის, რომ მან ქალაქის ქუჩებში მართოს მანქანა?

თეორიული და პირველი პრაქტიკული გამოცდის შემდეგ მიიჩნევა, რომ კანდიდატი მზად არის გამოცდის შემდეგი ეტაპის ჩასაბარებლად. სწორედ ეს ორი პირობა იყო საჭირო 25 აპრილამდე მართვის მოწმობის ასაღებად.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი პირი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდება - მაგალითად, დაეჯახება ვინმეს ან დააზიანებს მანქანას - ვინ იხდის ხარჯებს?

პასუხისმგებლობა დაზღვეულია, რაც გულისხმობს როგორც სატრანსპორტო საშუალების, ასევე მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას. გარემოებათა შესწავლის შემდეგ სადაზღვევო კომპანია ზარალს აანაზღაურებს.

გამოსაცდელ კანდიდატს გვერდით ეჯდება ინსტრუქტორი, რომელიც სათადარიგო მუხრუჭებით გააკონტროლებს და ეცდება საავარიო სიტუაციების თავიდან არიდებას.

XS
SM
MD
LG