Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როგორმე დაგვამთავრებინონ ეს წელი“, - სტუდენტები თბილისში ბინების დაქირავებას ვერ ახერხებენ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სააუდიტორიო სწავლებაზე გადასვლას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ თბილისში საცხოვრებლის გაძვირების გამო, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს არა აქვთ საშუალება, ჩამოვიდნენ და ბინები იქირაონ.

სტუდენტებმა 20 აპრილს უნივერსიტეტის წინ სოლიდარობის აქცია გამართეს. მისი მონაწილეები ამბობენ, რომ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების უმეტესობა აქციაზეც კი ვერ ჩამოვიდა.

ჩვენ, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები, ვიხდით გაორმაგებულ ქირას, ვიხდით სწავლების გადასახადს, კომუნალურ გადასახადებს. ძალიან კარგად ვიცით, რომ სტუდენტების ნაწილი ფულს ზოგავს საჭმელზე და სამედიცინო საჭიროებებზე“, - ამბობს სტუდენტი ილია ჭანტურია.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სააუდიტორიო სწავ­ლე­ბის განახლებას 2 მა­ის­იდ­ან გეგმავს. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მიღებუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის 2 თვით ად­რე გა­მო­აცხადეს.

მი­ვე­ცით დრო [სტუდენტებს], რომ საცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან თუ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ, - გან­მარ­ტავს თსუ-ის კან­ცლე­რი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე.

გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს. ფაკულტეტები იმსჯელებენ, თუ რა რესურსით შეიძლება მათი საკითხის მოგვარება.

თსუ-ის სტუდენტი ნინი კვიცარიძე ქუთაისელია. ამბობს, რომ უკვე ორი წელია, რაც თბილისში ბინას ქირაობს და ისეთი პრობლემები, როგორიც ახლა შეექმნა, მანამდე არასდროს ჰქონია. როდესაც რუსეთის მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში წამოვიდნენ, ბინების ქირა ფაქტობრივად გასამმაგდა. მაშინ ბინის მეპატრონემ ნინისაც მოსთხოვა, სხვაგან გადასულიყო. მიზეზი არ განუმარტავს.

„გამომაძევეს, ასე რომ ვთქვათ. სახლი ორი კვირის განმავლობაში უნდა დამეცალა. ვმუშაობდი და დროც არ მქონდა, ახალი ბინა მომეძებნა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრებაზეც დავფიქრდი, ლისზე ან ბაგებში. მაგრამ ბაგებზე ისეთი რაღაცეები მქონდა მოსმენილი, იქ ცხოვრება უბრალოდ საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. ლისზე მოხვედრა კი ძნელია, თან მაშინ რეგისტრაცია შეჩერებული იყო.

ბოლო დღეს ძლივს ვიპოვე ბინა. თავიდან უფრო ძვირად ვიქირავე, მერე გაითვალისწინეს, რომ სტუდენტი ვარ და დამიკლეს. ახლა 450 ლარს ვიხდი. უკვე მაშინ ჭირდა 600 ლარზე ნაკლები ღირებულების ბინის მოძებნა. ახლა ეს 600 ლარი 600 დოლარი გახდა“.

დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკატერინე მაისურაძე ამბობს, რომ მათ მიერ შედგენილ პეტიციას, რომლითაც სტუდენტები ჰიბრიდული სწავლების გაგრძელებას მოითხოვდნენ, 5 ათასამდე კაცი აწერს ხელს.

„6 კვირით უნდა ჩამოვიდნენ ბავშვები რეგიონებიდან. სამსახურები დატოვონ, ბინები იქირაონ და ასე შემდეგ. ამის დაახლოებით 5 ათასი სტუდენტი აპროტესტებს. რექტორს რომ შევხვდით, დაგვცინა. ორი წელია დისტანციურ სწავლებაზე ვართ. ამ სემესტრზე გადავედით ჰიბრიდულზე. ვითხოვთ, რომ ასევე გაგრძელდეს. როგორმე დაგვამთავრებინონ ეს წელი და სექტემბრიდან უკვე მოვახერხებთ მობილიზებას“, - ამბობს ეკატერინე მაისურაძე.

თსუ-ში აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ 6 კვირაში არ არის. რეალურად საუბარია 2 მაისიდან 27 ივლისამდე, სამთვიან პერიოდზე, რომელიც გამოცდებსაც მოიცავს. უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ არც სააუდიტორიო სწავლების დაწყების თარიღის სექტემბერში გადატანა იქნება ადვილი, რადგან ჯერ არავინ იცის, ან ომი როდის დასრულდება, ან ეკონომიკური მდგომარეობა შეიცვლება თუ არა უკეთესობისკენ.

მთავარი არგუმენტი, რის გამოც უნივერსიტეტი აუდიტორიულ სწავლებაზე გადასვლას არჩევს, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან ინდივიდუალურია. მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ ისწავლის. მაგრამ როდესაც ადამიანს საშუალება არა აქვს, ჩამოვიდეს, მაშინ გამოსავალი ან ჰიბრიდული სწავლებაა, ან დისტანციური“, - ამბობს აქციის მონაწილე ნინო გოგიტიძე.

აქციაზე ასევე კიდევ ერთხელ წამოიჭრა სტუდენტური საცხოვრებლების საკითხი.

უნივერსიტეტს არ გააჩნია საბინაო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს საერთო საცხოვრებელი ბაგებში, სადაც საზარელი პირობებია. რექტორი გიორგი შარვაშიძე 2018 წლიდან გვპირდება ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას და ეს ჯერ არც კი დაწყებულა“, - ამბობს ილია ჭანტურია.

თსუ-ში აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის ორჯერ გამოცხადდა რეგისტრაციის პროცესი თსუ-ს საერთო საცხოვრებელში ლისის ტბაზე და ბაგებში, სადაც 150 ადგილი იყო თავისუფალი (100 ადგილი ლისზე, 50 - ბაგებში). დარეგისტრირდა მხოლოდ 105 სტუდენტი, შესაბამისად, 45 ადგილი ლისზე კვლავ თავისუფალია. თსუ-ში ირწმუნებიან, რომ მომავალ კვირაში რეგისტრაცია კვლავ განახლდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG