Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო უკრაინაზე: "ვაწვდით არსებით აღჭურვილობას... შევთანხმდით, გავაკეთოთ მეტი"


ნატოს ლიდერების სამიტი. 24 მარტი, 2022 წელი, ბრიუსელი.
ნატოს ლიდერების სამიტი. 24 მარტი, 2022 წელი, ბრიუსელი.

ისევ საიდუმლოდ რჩება, "რას, როდის და როგორ" მიაწვდის უკრაინას, მაგრამ 24 მარტს გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ, ნატო აცხადებს, რომ, რუსეთთან ომში ეფექტიანი თავდაცვისთვის, უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებს.

დაპირებებს შორის სიახლეა ქიმიური და რადიაციული საფრთხეებისგან უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფა. მასობრივი განადგურების საფრთხეებისგან თავდაცვის გაძლიერებას აპირებს თავად ნატოც.

24 მარტს, ბრიუსელში საგანგებო სამიტზე შეკრებილ ნატოს ლიდერებს, მადლობის სიტყვების გარდა, საყვედურებითაც მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც, რუსეთთან ომის ზუსტად ერთი თვის თავზე, უკრაინისთვის მეტ და უფრო ქმედით დახმარებას ითხოვს და ალიანსს შეახსენებს, რომ რუსეთის სამიზნე არიან მისი ქვეყნებიც. ნატო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

  • რას ითხოვს უკრაინა და რას სთავაზობენ მას ნატოელი მოკავშირეები?
  • რა ზომებს მიმართავს ნატო რუსეთის აგრესიის შესაკავებლად?

ესკალაციის საფრთხე

ნატოს ფრთხილი დამოკიდებულება უცვლელია - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავს არიდებს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას.

24 მარტს, ალიანსის ლიდერთა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგს ჟურნალისტმა ჰკითხა - განიხილეს თუ არა მოკავშირეებმა პოლონეთის ინიციატივა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის შეყვანის შესახებ.? მან უპასუხა, რომ „მსჯელობა იყო საკითხების ფართო სპექტრზე“, მაგრამ თანხმობას ვერ მიაღწიეს.

„ჩვენი მესიჯია, რომ უნდა ვიდგეთ ერთად და ასევე საჭიროა, რომ დავეხმაროთ უკრაინას; მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიქცევა ფართომასშტაბიან ომად ნატოსა და რუსეთს შორის. ამიტომ მოკავშირეები აცხადებენ, რომ ჩვენ არ გავგზავნით [ნატოს] სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ მზადყოფნით, რომ ჩაერთო სრულ კონფლიქტში რუსეთის არმიასთან“, - თქვა სტოლტენბერგმა.

მისი განმარტებით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ თავიანთი თვითმფრინავებით არც „უკრაინის ცაში“ იქნებიან წარმოდგენილი და ალიანსი, ისევ ესკალაციის საფრთხიდან გამომდინარე, არც რუსული თვითმფრინავებისთვის „ცის ჩასაკეტად“ არის მზად.

დახმარება იქნება

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოელი მოკავშირეებისთვის ნათელია, რომ „პუტინის ომში“, „თავისუფლებისთვის და მომავლისთვის“ მებრძოლ „მამაც უკრაინელებს“ ნატოს მოკავშირეებისგან მეტი დახმარება ესაჭიროებათ და მიიღებენ კიდეც.

„ნატოს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ, რომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება მისი თავდაცვის უფლების იმპლემენტაციისთვის. მოკავშირეები უკრაინას უკვე აწვდიან მნიშვნელოვან შეიარაღებას, მათ შორის - ანტისატანკო, ანტისაჰაერო კომპლექსებს და დრონებს, რაც არის მეტად ეფექტიანი.

ასევე მას მიეწოდება არსებითი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება... ჩვენ ბევრ რამეს ვაწვდით უკრაინას და არ ვაპირებთ დეტალების განხილვას. არ იქნება ჭკვიანური, თუკი ახლა მე ჩამოვთვლი ზუსტად რა, როდის და როგორ [მიეწოდება]... ვაწვდით არსებით აღჭურვილობას უკრაინას და ეს არის არსებითად აუცილებელი წარმატებისთვის რუსეთთან ბრძოლაში“, - თქვა სტოლტენბერგმა უკრაინის დახმარების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული არაერთი შეკითხვის საპასუხოდ.

ვინ, რას და როდის აწვდის - ამის შესახებ საუბარს მუდმივად არიდებენ თავს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის პრინციპია, რომ „მტერმა არ უნდა იცოდეს, რა მოელის“. მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წევრების ცალკეული განცხადებებიდან მაინც მკაფიოდ ჩანს, თუ რის ნაკლებობას განიცდის უკრაინის არმია.

24 მარტს, როცა ნატოს ლიდერებს დისტანციურად, ონლაინ მიმართავდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიღებულისთვის მადლობა კი გადაიხადა, მაგრამ იქვე ახსენა, რომ - ნატომ უკრაინას არც „ცის ჩაკეტვის“ მოთხოვნა დაუკმაყოფილა და არც სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდა.

„თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%. ამის ყიდვა ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული... უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, გაცილებით მცირეა მისი ავიაცია რუსეთთან შედარებით, ამიტომ მათი [რუსეთის] უპირატესობაა ცაში - ეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა“, - მიმართა ზელენსკიმ ნატოს სამიტის მონაწილეებს, რომელთა შორისაც იყო აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოელმა მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს ზელენსკის „შეწუხებული“ მიმართვა და დააკონკრეტა, რომ უკრაინას ნატოელი მოკავშირეები აწვდიან, მათ შორის - თვითმფრინავების გასანადგურებლად საჭირო საშუალებებსაც.

"ბირთვული შანტაჟის" გამო?

ყოველ ჯერზე, როცა ნატოელი მოკავშირეები, ესკალაციაზე აპელირებით, თავს იკავებდნენ უკრაინის ამა თუ იმ მოთხოვნის შესრულებზე, დამოუკიდებელი ექსპერტები თუ მედია აღნიშნავს, რომ ეს „პუტინის ბირთვული შანტაჟის“ შედეგია, რადგან ბირთვული იარაღის სროლის მუქარა უკვე არაერთხელ გაისმა კრემლიდან.

მაგრამ იგივე ექსპერტები ბირთვული შეტევის საფრთხეს ისედაც ხედავენ და თუნდაც იმ მიზეზით, რომ "პუტინმა უკრაინასთან ომი თითქმის უკვე წააგო" და ახლა "მარცხის აღიარება გაუჭირდება".

არის ვარაუდები, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი მიმართული იქნება არა უკრაინისკენ, არამედ ნატოს ქვეყნებისკენ. სამიზნეებს შორის ასახელებენ: პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას. ამ ქვეყნების წინაშე მდგარი მსგავსი საფრთხეები დღეს ნატოს ზელენსკიმაც შეახსენა.

ასეთ საფრთხეს, როგორც ჩანს, ხედავს ნატოც. იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსმა დაიწყო თადარიგის დაჭერა საკუთარი მზადყოფნის გაძლიერებაზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ. დახმარებას ამ მხრივ ალიანსი გაუწევს უკრაინასაც.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ მეტი, მათ შორის - კიბერუსაფრთხოების კუთხით და აღჭურვილობის მოწოდებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ თავის დასაცავად. ეს მოიცავს აღმომჩენ, დამცველ და სამედიცინო საშუალებებსა და ტრენინგებს. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი უკრაინისთვის და მივესალმები მოკავშირეების მიერ დღეს შეთავაზებულ კონკრეტულ დახმარებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შიდა წყაროებზე დაყრდნობით, დღევანდელ სამიტზე უკრაინამ მოკავშირეების მხრიდან მიიღო მნიშვნელოვანი დახმარების დაპირება, მაგრამ ამის გასაჯაროება არ ხდება.

კიდევ რა აკლია უკრაინას?

მაგალითად, როგორც ბოლო დღეებში პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა ერთ-ერთ ეთერში, ამჟამად უკრაინაში შედის მხოლოდ მათი სამყოფი შეიარაღება, ვინც უკვე ჩართულია ბრძოლებში; ხოლო სხვა პოტენციური მებრძოლებისთვის იარაღი ფაქტობრივად არ არის.

ასევე 23 მარტს, თავის მიმართვაში პრეზიდენტის ოფისის კიდევ ერთი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავდა, რომ უკრაინას ესაჭიროება „ფრთოსანი რაკეტები, ანდა საბრძოლო მასალები მძიმე შეიარაღებისთვის“.

მხარეები არ ახმაურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, მიიღო თუ არა უკრაინამ დახმარების ის პაკეტი, რაზეც რამდენიმე დღის წინ დაიწყო ლაპარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ.

16 მარტს, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევენ დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.

ამერიკელმა კანონმდებლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო მედიას დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის გზავნილებს შორის არის როგორც Stinger-ები და Javelin-ები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები - Switchblade (დასაკეცი დანა), რომელსაც „კამიკაძე დრონებსაც“ უწოდებენ.

„განსაკუთრებული როლი“

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და დავუდასტურე ბრიტანეთის შეძრწუნება [რუსეთის მიერ] უკრაინის მასობრივი დაბომბვის გამო. G7-სა და НАТО-ს ხვალინდელ სამიტებზე მე მოვუწოდებ პარტნიორებს, გაეგზავნოს უკრაინას უფრო მეტი ლეტალური თავდაცვითი დახმარება [შეიარაღება] და გააძლიერონ წნეხი პუტინზე“, - დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ტვიტერზე ნატოს სამიტის დაწყების წინ. სამიტის დასრულების შემდეგ კი, გამოქვეყნებულ იმავე შინაარსის პოსტს მან დაურთო ინფორმაცია ბრიტანეთის დახმარების დამატებითი პაკეტის შესახებ.

ჩამონათვალშია:

  • 6 000 ერთეული – ანტისატანკო რაკეტა და მაღალფეთქებადი (ფუგასური) იარაღი;
  • 25 მილიონი ფუნტი - უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის;
  • 1 მილიონი ფუნტი - [რუსეთის] ომის დანაშაულების ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე გამოძიების მხარდაჭერისთვის;
  • 4.1 მილიონი ფუნტი - BBC-ის უკრაინულ და რუსულ ენებზე მაუწყებლობის მხარდაჭერისთვის.

დაახლოებით ასეთ მონაცემებს აქვეყნებდა ბრიტანული მედიაც, ბოლო დღეების განმავლობაში, ბრიტანელი და უკრაინელი მინისტრების შეხვედრის შემდეგ. აღინიშნებოდა ასევე, რომ ბრიტანეთი აპირებდა უკრაინელი პილოტების დაფინანსებას.

„ბრიტანეთი პირველი იყო ამ წელს, ვინც მოგვაწოდა სერიოზული იარაღი, რამაც გაზარდა ჩვენი თავდაცვითი პოტენციალი. თქვენი როლი [ბრიტანეთის] განსაკუთრებულია. თქვენი სიმამაცე და სულისკვეთება მკვეთრად განსხვავდება ზოგი სხვა ქვეყნის პასიურობისგან“, - უთხრა ლონდონში ჩასულმა ოლექსი რეზნიკოვმა თავის ბრიტანელ კოლეგას, ბენ ვალასს, 21 მარტს, ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის მტკიცე მოკავშირეა, მათ შორის - ომის დაწყების წინ შექმნილი ახალი ალიანსის ფარგლებშიც. ალიანსის მესამე წევრია პოლონეთი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურობს უკრაინის მხარდასაჭერად.

მანამდე, დაახლოებით 10 დღის წინ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ ვალასმა Reutrers-ს დაუდასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის Starstreak-ის სისტემის ულტრათანამედროვე და მძლავრი საზენიტო კომპლექსების გადაცემის შესახებ. მისი მოქმედების არეალი დაახლოებით 7 კმ-ს შეადგენს და ძალიან ეფექტიანია მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გასანადგურებლად.

ამ ტიპის ანტისაჰაერო სისტემები ჯერჯერობით არ იყო უკრაინის შეიარაღებაში და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მათ გამოსაყენებლად უკრაინელი ოპერატორების გარკვეული მომზადება იქნებოდა საჭირო. Starstreak-ების თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია რუსეთის მედიაში. უშუალოდ მოწოდების პროცესის შესახებ აღარაფერი ვიცით.

ანტისაჰაერო კომპლექსების უკრაინისთვის გადაცემას სიტყვიერად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ხელისუფლებაც. უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შეიარაღება, რაც უკრაინას ამ ეტაპისთვის აქვს, გამოსადეგია ძირითადად პარტიზანული ომისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გასულ ერთ თვეში, „ნატოს უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურად შეიცვალა“ და „ახალმა რეალობამ“ ალიანსს ახალი აუცილებლობები დაანახა.

24 მარტს ნატოს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღმოსავლეთ ევროპაში 8-მდე გაზარდონ საბრძოლო შენაერთების რიცხვი და დაამატონ მებრძოლთა 4 ჯგუფი - ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში. მანამდე, ალიანსის საბრძოლო ჯგუფები, აღმოსავლეთის ფლანგზე, განთავსებული იყო მხოლოდ ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსა და პოლონეთში.

24 მარტს, ბრიუსელში, ერთმანეთის მიყოლებით დასავლეთის ქვეყნების ლიდერების სამი სხვადასხვა სამიტი გაიმართა - ნატოს, ევროკავშირისა და G7-ის ლიდერთა სამიტები. სამივე ეს შეხვედრა უკრაინას ეძღვნებოდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG