რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა გაფრთხილება, არ მიაწოდონ უკრაინას საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის S-300-ის ტიპის დანადგარები. ლავროვის თქმით, მოსკოვი ამას არ დაუშვებს.
საპასუხო განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რომ მოსკოვის გადასაწყვეტი არაა, როგორ სამხედრო დახმარებას მიიღებს უკრაინა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.
ლავროვმა განაცხადა, რომ ეს სისტემები გარკვეულ ტერიტორიებზე განთავსებულია მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და მომხმარებლის სერტიფიკატი არ იძლევა მათი მესამე ქვეყნისთვის მიწოდების ნებართვას.
მინისტრის თქმით, რუსეთი გაანადგურებს ნებისმიერ სამხედრო ტვირთს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევა.
კულებამ "ევროპეისკაია პრავდას" უთხრა, რომ "ლავროვის გადასაწყვეტი არაა, რა შეიარაღებას და საიდან მიიღებს უკრაინა რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად. იმის ნაცვლად, რომ დაემუქროს უკრაინას და სხვა ქვეყნებს, რუს დიპლომატს ურჩევნია თავისი ძალისხმევა მიმართოს ომის დამთავრებისა და რუსების სიცოცხლის შენარჩუნებისკენ, რომლებიც სიკვდილზე გააგზავნა რუსეთის მთავრობამ ამ ომში", განაცხადა კულებამ.
ადრე სლოვაკეთმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინას გადასცეს S-300-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები. როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა, თქვა, ეს მაშინვე მოხდება, როცა მისი ქვეყანა აშშ-ის ან ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს ამ სისტემების შემცვლელ დანადგარებს. მანვე გამოაცხადა, რომ სლოვაკეთი მოლაპარაკებას აწარმოებს არა მხოლოდ S-300-ის, არამედ MiG-29-ის ტიპის საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების შეცვლის შესახებაც. ბრატისლავას სურს, მათ ნაცვლად ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლები იქონიოს შეიარაღებაში.