Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ნატო შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთისგან თავდასაცავად


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

გარდა არსებული დახმარებისა, რასაც რუსეთის ინტერვენციის დაწყებამდე და შემდეგ იღებს უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან, „ნატოელი მოკავშირეები მომავალშიც გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხისგან თავდაცვა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის შტაბ-ბინაში საგანგებო სამიტის მსვლელობის დროს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

ხუთშაბათს ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ, ნატოს 30 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მოკავშირეები პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტით რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებს სერიოზულად აღიქვამს.
პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არ დააკონკრეტა, თუ რა რეაგირება ჰქონდათ ნატოს ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო მიმართვაზე, რომელიც უკრაინისათვის ალიანსის ხელთ არსებული მძიმე ტექნიკის ნაწილის გადაცემას შეეხებოდა.

„თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%, თქვენი ტანკების 1%, 1%. ჩვენ ამის ყიდვა, უბრალოდ, არ შეგვიძლია, ასეთის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, ნატოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - მიმართა 24 მარტს ზელენსკიმ ნატოს საგანგებო სხდომის მონაწილეებს.

ზელენსკის არაფერი უთქვამს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით. ბოლოს მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ესმით, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული მისწრაფებაა. უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გაცხადებული არგუმენტები.

ნატოს სამიტის გარდა, დღეს ბრიუსელი ასევე უმასპინძლებს ევროკავშირის სამიტს, ასევე "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერების შეხვედრას. ზელენსკის თქმით, ეს სამიტები აჩვენებს, "ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და ვინ გაგვყიდა და გვიღალატა". უკრაინის ოფიციალური პირებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ნატოსა და ევროკავშირის წვერი ქვეყნები, მათ შორის გერმანია და უნგრეთი, მათი ძალიან ზომიერი პოზიციების გამო.

XS
SM
MD
LG