24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, გაეროს მონაცემებით, უკრაინა 3.5 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მათგან, სულ მცირე, 1,5 მილიონი ბავშვია.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს რაიმე სპეციალური პროგრამა ან მექანიზმი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსულ უკრაინელებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფდა, მოქალაქეებმა ეს მისია საკუთარ თავზე აიღეს.
ვეძებთ, რომ დავეხმაროთ…
გიგა ფეტვიაშვილმა 7 მარტს ერთ-ერთ ფეისბუკჯგუფში დაწერა, რომ მზად არის დაეხმაროს იმ უკრაინელებს, ვისაც დასარჩენი არ აქვს, მაგრამ ამ დრომდე მას არავინ შეხმიანებია.
„არავინ შეგვხმიანებია, ზოგი ძალიან დიდი ოჯახით არის. დღემდე ვეძებთ ვინმეს, რომ დავეხმაროთ - 3-4 ადამიანის დასახლება შეგვიძლია გლდანში. [ბინაში] ბებია და შვილიშვილი ცხოვრობენ და ერთ ოთახს [უკრაინელებს] მივცემთ“.
მადონა ჭრელაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში ცხოვრობს, სკოლის პედაგოგია და უნდა, რომ უკრაინიდან ჩამოსული 3 ქალი შეიფაროს. სურვილი კი აქვს, მაგრამ ფეისბუკზე ინფორმაციის გამოქვეყნების გარდა, არ იცის, სხვა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაბინავების მსურველებს მიაგნოს.
„ერთი-ორი თვით, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ყველანაირი პირველადი საჭიროებით უზრუნველვყოფდი, შემდეგ ალბათ ამოქმედდება რაღაც პროგრამა. მოსწავლე ბავშვიც რომ ახლდეთ, უკეთესია, სკოლაში ვატარებ და ყველანაირად დავეხმარები ადაპტაციაში“.
მიუხედავად იმისა, რომ შეფარების მსურველები არსებობენ, საქართველოში ომს გამოქცეულ უკრაინის ზოგიერთ მოქალაქეს ბათუმში მანქანებში ძილი მაინც მოუწიათ, ქირის ფული გაუთავდათ და სასტუმროში ვეღარ დარჩნენ. დახმარებას მათ თბილისში მიაგნეს, მას შემდეგ, რაც მანქანაში ღამისთევის ამბავი მედიაში მოხვდა.
ინფორმაციის გაცვლის გზა, მეტწილად, მაინც სოციალური ქსელებია. მადონასა და გიგას მსგავსად, დახმარების მსურველებს, სოციალურ ქსელებში სხვა აქტიური მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც კიდევ არაერთ ვირტუალურ ჯგუფში არიან გაწევრიანებული და უკვე იციან, ვის სჭირდება შეფარება.
ასეთია სოფიო წიკლაურიც, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს უკრაინიდან გამოქცეულებს და მათ, ვინც მზადაა ხიზნებს ბინა დაუთმოს.
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, ომამდე „უკრაინული სამედიცინო საზოგადოების“ წევრი იყო და უკრაინაში აგზავნიდა ქართველ სტუდენტებს. ახლა კი ცდილობს, დააბინაოს უკრაინიდან ჩამოსულები და დაარიგოს ჰუმანიტარული დახმარება.
„ანგარიში გავხსენით უკრაინელების სახელზე და თვითონ ხალხი მიკავშირდება, ვისაც დახმარება სჭირდება, მივდივართ ოჯახებში და მიგვაქვს საკვები და ჰიგიენური საშუალებები. ვინც ოჯახებშია განაწილებული, ძირითადად ეს სჭირდებათ. სახელმწიფომ ომამდე ჩარჩენილები სასტუმროში რომ განათავსა, მათ უმეტესობას ტანსაცმელი სჭირდება. ვისაც საცხოვრებელი არ აქვს, მაგათაც ვეძებთ. ყოველდღე ათამდე უკრაინელს ველაპარაკები“.
უკრაინელებს უფასო საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება ვიტალი კოსტენკოც. საქართველოში ის 10 წლის წინ ჩამოვიდა და ახლა ტურისტული სააგენტო აქვს. ომის დაწყების შემდეგ კი, ომს გამოქცეულებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოჯახში ანაწილებს. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, უკვე 150-მდე ადამიანი დააბინავა.
იმ იმედით, რომ სახელმწიფო ხიზნებისთვის რაიმე პროგრამას შექმნის, ვალენტინა მარჯანიშვილთან (მოხალისე) ამისამართებს. არეგისტრირებენ მოქალაქეთა მონაცემებსაც, რომ თუ მომავალში სახელმწიფო რაიმეს გადაწყვეტს, ლტოლვილები ადვილად მისწვდნენ ამ სერვისებს.
„ძირითადად ქალები და ბავშვები მოდიან უკრაინიდან, კაცებს 18-65 წლამდე, არ აქვთ უკრაინის დატოვების უფლება. ადამიანი ჩემამდე რომ მოდის, ესე იგი მას არ ჰყავს შემფარებელი და დახმარება სჭირდება. ამ ეტაპზე ყველა დაბინავებულია“.
“რუსებს ლტოლვილებად არ ვთვლი”
უკრაინელებთან ერთად, თავშესაფარს რუსები და ბელარუსებიც ითხოვენ ხოლმე, მაგრამ ამაზე სოფიასა და ვიტალის თავიანთი პოზიცია აქვთ.
სოფია წიკლაური ამბობს, რომ სხვის არჩევანს პატივს სცემს, მაგრამ ის მხოლოდ უკრაინელებს ეხმარება და საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს - არა.
იგივე მიდგომა აქვს ვიტალისაც, ზრუნავს მხოლოდ ომის დაწყების შემდგომ უკრაინიდან წამოსული მოქალაქეების დახმარებაზე.
„ვცდილობ ყველას დავეხმარო, ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ მქონდა შემთხვევა, როცა ბელარუსებმა და რუსებმა დამირეკეს და ამბობენ, რომ ისინიც დევნილები არიან. ასეთ დროს ვუხსნი, რომ ისინი რეჟიმს და, დიდი ალბათობით, სანქციებს გამოექცნენ, უკრაინიდან კი ხალხი ბომბებს გაურბის, ამიტომ ეს ის შემთხვევა იყო, როცა მათ უარი ვუთხარი“.
ვიტალი ამბობს, რომ გამოქცეულების მიღების და შეფარების დროს მთავარია პასპორტის ნახვა, სადაც ჩანს მოქალაქეობაც და, რაც მთავარია, უკრაინის დატოვების თარიღი.
ასეთი ქაოტური და ექსტრემალური სიტუაციების დროს, უცხო ადამიანების შეფარებისას ერთ-ერთი რეკომენდაცია ისიცაა, რომ შეისწავლოთ იმ ადამიანების სოციალური ქსელები და პროფაილები, ვის შეფარებასაც აპირებთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, სანამ შეფარებაზე დათანხმდებოდეთ, გაესაუბროთ მათ, თუნდაც ონლაინ.
სად ვიპოვო უკრაინის მოქალაქეები?
თუკი ეძებთ მათ, ვისაც დაეხმარებოდით და საკუთარ საცხოვრებელს დაუთმობდით, რამდენიმე აქტიურ ფეისბუკჯგუფს გირჩევთ, სადაც უკრაინელები და მათი დახმარების მსურველები იყრიან თავს:
მოხალიხედ წასული ბლოგერი დომენიკ მანგო, სოციალურ ქსელში უთითებს ნომერს, სადაც მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკვა და საცხოვრებლის შეთავაზება.
ხშირად კითხვებითა და საცხოვრებელთან დაკავშირებით უკრაინის მოქალაქეები გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს მიმართავენ და ტოვებენ საკონტაქტო ინფორმაციას იმისთვის, რომ შეფარების მსურველები დაუკავშირდნენ.
იმისათვის, რომ უკრაინიდან ომის დაწყების შემდეგ წამოსულ მოქალაქეებს დახმარების მსურველებთან დაკავშირება შესძლებოდათ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა შექმნა საიტი ukrainetakeshelter.com, სადაც განაცხადის შევსება და ლტოლვილების მიმღებად დარეგისტრირება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ - უთითებთ საკონტაქტო მონაცემებსა და პირობებს იმისთვის, რომ საცხოვრებლის მაძიებლები ადვილად დაგიკავშირდნენ. შემდეგ უკვე ტელეფონის, ვოთსაპის ან მეილის მეშვეობით უკავშირდებით.
invited.world არის საიტი, სადაც საცხოვრებლების მაძიებლები ასევე ხშირად ეძებენ ბინებს, საქართველოს მოქალაქეები აქაც გამოხატავენ თავიანთ სურვილს, შეიფარონ უკრაინელი ოჯახები.
ელექტრონული კომერციის აკადემია კოორდინაციას უწევს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მსურველებსა და საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამისთვის მათთან დაკავშირება ან MYHOME.GE-ზე განცხადების განთავსებაა საჭირო.
ჰუმანიტარული დახმარებისთვის კი ლტოლვილებიცა და მათი დახმარების მსურველებიც წითელი ჯვრის საზოგადოებას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართავენ.
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის თქმით, ამ დროისთვის 20 ათასი უკრაინელი იმყოფება საქართველოში და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Რადგანაც მათი დახმარების სახელმწიფო სისტემური პროგრამა ჯერ არ არსებობს, ყოველგვარი ინიციატივა უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ინტერნეტის მეშვეობით მათი მოძიება - არც ისე რთული.