საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მომავალ ხუთშაბათს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა განსახილველად "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარს, რომლითაც ის მოითხოვს ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" სამართალდამრღვევად ცნობას და მასზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 17 მარტს, თითქმის ორსაათიანი კითხვა-პასუხის შემდეგ, კომისიამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამოსატანად ერთკვირიანი შესვენება გამოაცხადა.
- რატომ მიგაჩნიათ, რომ კომუნიკაციების ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს ეს საკითხი? - ჰკითხა საჩივრის ავტორს, ედუარდ მარიკაშვილს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
- ქვეყანა დღეს ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ამ საფრთხეების პარალელურად კი, “ალტ-ინფო”, როგორც მედია, არის რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე პირდაპირ მოშვერილი იარაღი. ჩვენ არ ვითხოვთ აკრძალვას, მაგრამ ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან, თქვენი მანდატის ფარგლებში მიეცეს, სულ ცოტა, შეფასება ამ არხის მთლიან შინაარსს, - ასე უპასუხა ედუარდ მარიკაშვილმა კახა ბექაურს.
GDI-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ განცხადებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას ემსახურება. ეს კი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
„მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევროატლანტიკური კურსის არგუმენტებით. ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას“, - წერია საჩივარში.
მოპასუხე სერგო ხურციძემ, რომელიც „ალტ-ინფოს“ ინტერესებს იცავს, კომუნიკაციების კომისიის წევრებს მოუწოდა, საერთოდ არ მიიღოს ეს საჩივარი განსახილველად - მისი შეფასებით, არსად „ალტ-ინფოს“ გადაცემებში არ იკვეთება, რომ ის „კრიმინალის იდეალიზებას ახდენს“.
„ბევრი ქართული ფილმი შემიძლია დავასახელო, მაგალითად, „უძინართა მზე“, სადაც უფრო მეტადაა კრიმინალი იდეალიზირებული და რაც ეთერშიც გასულა. კანონი გვეუბნება, რომ ინფორმაცია, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს, ან კრიმინალს აიდეალებს, იმისთვის, რომ იყოს დანაშაულებრივი ქმედება, ამისთვის საჭიროა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც რეალურად არ არსებობს. სწორედ ამიტომ კომისიამ ეს საჩივარი არ უნდა მიიღოს“, - თქვა სერგო ხურციძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია საჩივარს განსახილველად მიიღებს, მან უნდა გამოიკვლიოს, „ალტ-ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამები ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში კი, გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები ტელეკომპანიის წინააღმდეგ.
„ალტ-ინფოს“ გუნდის წევრები, მათ შორის, ამ ჯგუფის მიერ შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ ტელევიზიას აძლიერებს ნებისმიერი წინააღმდეგობა. მათ შორის, „ალტ-ინფოს“ გვერდების დაბლოკვაც.
„ალტ-ინფო“ ძალას არ იშურებს, რომ თავის სატელევიზიო გადაცემებში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკრაინისვე შეცდომების შედეგად წარმოაჩინოს, რაც თითქოს ქვეყნის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. ლაპარაკობს იმაზე, თუ რა საფრთხის წინ დგას ახლა საქართველო.
ამ საკითხს, 13 მარტს გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში შეეხო „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურაბ მახარაძეც. მან თქვა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ის და მისი მეგობრები წინასწარმეტყველებდნენ - რომ „დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი დაიწყო“ და იმისთვის, რომ „საქართველო გადარჩეს ამ ქარიშხალში“, საჭიროა მუშაობის სხვა რეჟიმში გადასვლა და „სხვა ადგილიდან“ მუშაობაო: „მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისში არ ვიქნები. საქართველოს ბედი წელს უნდა გადაწყდეს“, - ამბობს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი.
სად არის ახლა პარტიის ლიდერი და მის მიერ ნახსენები „ადგილი“ არის თუ არა რუსეთი, ეს კითხვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკომენტაროდ დატოვა კონსტანტინე მორგოშიამ - „ამაზე ლაპარაკს ახლა არ ვაპირებ“, - გვითხრა მან, თუმცა ისევ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური ძალა რუსეთში უახლოეს ხანებში წავა და ამის შესახებ ყველა შეიტყობს.
მორგოშიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 62 ოფისი გახსნა, რომელთაგანაც ჯერჯერობით დახურულია ხულოს და შუახევის ოფისები. მისივე სიტყვებით:
„ყველგან, სადაც პროტესტი დახვდათ, ის ორგანიზებული იყო "ნაციონალური მოძრაობის" ან "გეი პროპაგანდისტების" პარტიების წევრების მიერ“.
ვკითხეთ მარნეულელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას მიმართ „ალტ-ინფის“ ჯგუფის მუქარის თაობაზეც, რაზეც კოკა მორგოშიამ ასეთი პასუხი გაგვცა: „ოფისი შეგვიღება და რა ეგონა? სამირა ბაირამოვა ვერ იბაირამებს“.
„ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისები რეგიონებში - პროტესტის ფონზე
„ალტ-ინფოს“ პარტია თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში ოფისებს ხსნის, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ ათობით ოფისის გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.
ხულოში, მესტიაში, ამბროლაურში, მარნეულში, ოზურგეთში, ქობულეთში, შუახევში, საგარეჯოში სამოქალაქო აქტივისტები თუ, უბრალოდ, იქ მცხოვრები მოსახლეობა, ვინც მათ ღიად პრორუსულ ორიენტაციას აპროტესტებს, ქუჩაში გამოვიდა და ვინც როგორ შეძლო, ისე გააპროტესტა ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი და 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ოფისების გახსნა.
მაგალითად, მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ პროტესტი მარნეულის ცენტრში გახსნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფასადის უკრაინის დროშის ფერებად გადაღებვით გამოხატა და დააწერა: „მოღალატეები“.
პასუხად მუქარა მიიღო. სამირამ საკუთარ ფეისბუკგვერდზეც გამოაქვეყნა გზავნილი, რომელიც კონკრეტული პირისგან პირად მესინჯერში მიიღო, სადაც კონკრეტული პიროვნება, გინების გარდა, მას „ქათამივით თავის მოჭრით“ ემუქრებოდა.
„კონსერვატიული მოძრაობის“ აქტივისტებმა პასუხად სამირა ბაირამოვასგან, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“, თავიანთი ოფისის გარე ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოითხოვეს და ამისთვის მათ ორდღიანი ვადა მისცეს.
სამირა ბაირამოვას საქმეზე სწრაფი რეაგირება 17 მარტს პარლამენტში მისულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურსაც მოსთხოვეს, რაზეც გომელაურმა უპასუხა, რომ ამ საქმეს „ბოლომდე მიჰყვებიან:
„151-ე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამირა ბაირამოვაზე და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და მივყვებით, ჩვენებები მოგვცა, გამოვკითხეთ და ამას მივყვებით ბოლომდე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
27 თებერვალს, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტეს ამბროლაურშიც. მას შემდეგ რაჭაში ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს, რომლის ერთ-ერთი წევრი, ეთერ არსანიძე გვეუბნება, რომ აპირებენ სოფელ-სოფელ სიარულს, რათა ხალხს გააგებინონ, სინამდვილეში რა ძალაა „კონსერვატიული მოძრაობა“.
ამბროლაურის მკვიდრი გურამ გორდეზიანი, რომელმაც ასევე გააპროტესტა „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა რაჭაში, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ იმ დღის მერე ოფისის კარი ამბროლაურში აღარ გაღებულა, თუმცა ფიქრობს, რომ საფრთხე არ არის ჩავლილი და რომ მუდმივად აკვირდება „კონსერვატიული მოძრაობის“ ნაბიჯებს - მიაჩნია, რომ მათი ქმედებები სამოქალაქო ომის რისკებსაც კი მოიცავს. თუმცა იმის იმედი აქვს, რომ მათ საქართველოში და, კერძოდ, რაჭაში, ბევრი მომხრე არ ეყოლებათ, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, პრორუსული პოლიტიკის მხარდაჭერას ყველა თავს აარიდებს.
„ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნას პროტესტით დახვდნენ საგარეჯოს ცენტრშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა ოფისის დახურვა მოითხოვეს და თქვეს, რომ არ დაუშვებენ მუნიციპალიტეტში რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების არსებობას.
ახალციხეში მათ ახლად გახსნილ ოფისზე ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად წარწერები დატოვეს, მაგალითად, ასეთი: „მოგი...თ საბჭოთა ნოსტალგიები“.
შუახევში, მას მერე, რაც ოფისის მეპატრონემ გაიგო, თუ ვის მიაქირავა ფართი, მათ მისი დატოვება მოსთხოვა.
მესტიაში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისს ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად კვერცხები დაუშინეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამთო მაშველი ნატა ჯაფარიძე აცხადებდა, რომ „ალტ-ინფოს“ პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სცემეს.
მწვავე პროტესტი დახვდა „ალტ-ინფოს“ ჯგუფს ოზურგეთშიც.
„დაამთავრეთ საბჭოური პერიოდი, ნუ იქნებით მონები“, - აცხადებდნენ მათ ოფისთან შეკრებილი ადამიანები უკრაინის დროშებით ხელში. ხალხი ამბობდა, რომ ამ პარტიას გურიასა და ოზურგეთში მხარდამჭერები ვერ ეყოლება და რომ მათი ოფისი მუდამ დაკეტილი იქნება: „ალტ-ინფო“ გურიაში ფეხს ვერ მოიკიდებს“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
„ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადებულია ვირტუალურ სივრცეშიც - 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა წაშალა მათთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები.
მოძრაობა „სირცხვილიამ" კი გაავრცელა პეტიცია, რომლითაც მოითხოვს საქართველოში შეიზღუდოს "ალტ-ინფოსა" და რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობა.
„კონსერვატიული მოძრაობა“ საქართველოში 85 ოფისის გახსნას გეგმავდა.
კონსერვატიული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმის სანაცვლოდ რუსეთთან „პირდაპირი, უპირობო“ დიალოგია. ცნობილია უმცირესობების შეზღუდვის მათეული გეგმის შესახებაც.
მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკური პარტია ყოველ ჯერზე ირწმუნება, რომ ის სინამდვილეში, არა პრორუსული, არამედ ეროვნული, პროქართული პოლიტიკური ძალაა.