Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიყავით და ისევ წავალთ რუსეთში - "ალტ-ინფოს" პარტია პოლიტიკაში მოვიდა


„კონსერვატიული მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, დარეგისტრირებულია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე, ჰომოფობიური გამოსვლებით ცნობილი და 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პარტიის წესდება ჯერჯერობით ატვირთული არ არის, თუმცა, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარვეზები შესწორებულია, პარტიამ კი პოლიტიკური საქმიანობა უკვე დაიწყო.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ყრილობის შემდეგ, მალევე, პარტიის დამფუძნებელი მდივანი გიორგი ქარდავა, რუსეთის ფედერაციაში მართავდა შეხვედრებს.

ამ პოლიტიკურ ძალას სწორება „რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე“ აქვს. მათი თქმით, მიზანი დეოკუპაციაა და თანახმა არიან, საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს რუსეთის სამხედრო ბაზები, თუ სანაცვლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან. თავიანთ თავს ისინი არა პრორუსულ, არამედ პროქართულ ძალას ეძახიან.

„ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნაც მათი საჯაროდ გაცხადებული მიზნებია.

კონსტანტინე მორგოშია გვეუბნება, რომ პარტიას მეტი ფართი სჭირდება - ამიტომ, „ალტ-ინფოს“ ოფისში დამატებით სართულების რემონტი დაიწყეს.

„კონსერვატიული მოძრაობა“ ხალხთან შეხვედრებსა და პარტიის მხარდამჭერების რეგისტრაციასაც იწყებს. უახლოეს დღეებში კი რამდენიმე რეგიონში პარტიის ოფისებს გახსნის.

ხოლო ძველით ახალი წლის შემდეგ გეგმავენ ჩასვლას ჯერ რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი ევროპაში, „ევროპელ კონსერვატორებთან შესახვედრად“.

გაზაფხულზე, როგორც კონსტანტინე მორგოშია ამბობს, თბილისში ევროპელ და სხვა კონსერვატორებთან ერთად, „სადმე დიდ სივრცეში, ფილარმონიაში ან სპორტის სასახლეში“, დიდ ღონისძიებას ჩაატარებენ.

„რუსეთთან, ცხადია, რაღაც პირობებზე საუბარი მოგვიწევს“, - ამბობს კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში და ამ პირობებში ის „გარკვეულ გარანტიებს“ მოიაზრებს.

გარანტიებში კი, თავის მხრივ, სოხუმსა და ცხინვალში რუსული ბაზების დატოვება იგულისხმება.

„ჩვენ, ცხადია, არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსები მაშინვე გაიყვანენ ბაზებს, მაგრამ ბაზები ხომ დღეს იქ ისედაც არის? თუ ეს ბაზები იქ ისევ დარჩება ქვეყნის დეოკუპაციის სანაცვლოდ და დევნილებიც ეტაპობრივად დაბრუნდებიან, ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებოდით“.

"პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 2021 წლის 5 ივლისი
"პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 2021 წლის 5 ივლისი

„კონსერვატიული მოძრაობა“ ჯერჯერობით არ გეგმავს რომელიმე სხვა პრორუსულ ძალად ცნობილ პარტიებთან თანამშრომლობას. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ მაგალითად „ქართული მარში“ სულ „სხვა წონით კატეგორიაში თამაშობს“ და როგორც რუსეთთან ურთიერთობის, ისე, მაგალითად, ლგბტქ საკითხებზე მათი ხედვა ერთმანეთისას არ ემთხვევა.

„მათი [ქართული მარშის - რ.თ.] ლიდერი ახლაც იმას ამბობს, რომ რუსული ბაზები საქართველოში მიუღებელიაო და რაღაც თავისი მოსაზრებები აქვს, როგორ დაიბრუნებს ცხინვალს და სოხუმს... ჩვენი აზრები არც ლგბტქ საკითხზე ემთხვევა - „ქართული მარში“, 5 ივლისის აქციაზე ამბობდა, ჩვენ არ ვართ ორგანიზატორებიო, მართლაც, არც იყვნენ, მაგრამ არც ჩვენს ქმედებებს ამართლებდნენ. მოკლედ, ეს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ გვიკავშირებენ, ეფექტიანობითაც და ხალხში პოპულარობის მხრივაც, ჩვენგან ძალიან შორს დგანან“, - უთხრა კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებას.

ითანამშრომლებს თუ არა „ალტ-ინფოს“ ყოფილი ჯგუფი, მაგალითად, ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსთან“? - როგორც მოძრაობაში ამბობენ, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ამ ორ პოლიტიკურ ძალას „არანაირი შეხების წერტილი არ გააჩნია“.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური სტარტისთვის მათ თავადაც საკმარისი ძალა აქვთ - იმისიც სჯერათ, რომ მომდევნო არჩევნებზე მათი მოძრაობა „ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალა” იქნება.

ხომ არ იქცევა „კონსერვატიული მოძრაობა“ მომავალში „ქართული ოცნების“ დასაყრდენად? ეს კითხვა ჩნდება იმის გათვალისწინებითაც, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის დროს, 50-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართ გამოჩენილი ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმისათვის ორგანიზატორები არ დასჯილან.

ცრურწმენა და სიამაყე
please wait

No media source currently available

0:00 0:56:32 0:00

ამ კითხვაზე კონსტანტინე მორგოშია გვიპასუხებს:

„ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ მათი დასაყრდენი, როცა ის მოქმედებს ლიბერალური დღის წესრიგით, ჩვენ კი კონსერვატორები ვართ?“

რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, „კონსერვატიული მოძრაობა“ გეგმავს, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებითაც მიმართოს - ხოლო პირველი კანონპროქტი, რომლის ინიცირებასაც ეცდებიან, მათი თქმით, „პრაიდების აკრძალვა“ იქნება.

ეს არის მოკლედ პოლიტიკაში მოსული „ალტ-ინფოს“ უახლოესი გეგმები.

რამდენად სერიოზულად უნდა განვიხილოთ ამ ძალის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ? ჯერჯერობით, საქართველოში პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ძალების გაძლიერების პრეცედენტი არ არსებობს, ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც, სხვათა შორის, არ იზიარებს საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს, რომ მსგავსი იდეოლოგიის მქონე ძალას პარტიად დარეგისტრირების უფლება არ უნდა ჰქონოდა.

გია ნოდია პრობლემას სხვაგან ხედავს - როდესაც ისინი ღიად ძალადობენ, მაგრამ არ ისჯებიან:

„ესეც არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება მათ განიხილავს მოკავშირედ. ეს უფროა პრობლემა, ვიდრე მათი რეგისტრაციის საკითხი. სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონი, მაგრამ მოქმედი ხელისუფლება ამას არ აკეთებს“.

გია ნოდია
გია ნოდია

გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ ეს პოლიტიკური ძალაც მოხვდეს პარლამენტში, მით უმეტეს, საარჩევნო ბარიერის დაწევის შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე მათი ხელით ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე ნაკლებია.

მათი აქტიურობა საინფორმაციო ველში და ზოგადად, აქტიურობა, მაგალითად, ისეთი, როგორიც 5 ივლისის აქციაზე ვიხილეთ, გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს მათ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაცია, მიიჩნევს გია ნოდია.

„არა მგონია, რომ პარტიად დარეგისტრირების შემდეგ გახდნენ ისინი უფრო გავლენიანები, მაგრამ ზოგადად, ასეთი ჯგუფების მომრავლება სახიფათო ტენდენციაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება მათ, ფაქტობრივად, საკუთარი მიზნებისათვის იყენებს“.

5 ივლისის აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი სახალხო დამცველის აპარატმაც დააყენა. როგორც ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გვითხრა, მათ მოითხოვეს 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ამას შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

თუმცა პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებას წინ პოლიტიკური ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებები უძღოდა, რომლითაც ისინი საჯარო რეესტრს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა ამ ძალისთვის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებაზე. დეპუტატები ამ პარტიის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავდნენ.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად „კონსერვატიულ მოძრაობას“ რეგისტრაციაზე ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო უარი უთხრა.

მაშინ სააგენტო წერდა, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად დასარეგისტრირებლად წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს და მოითხოვდა ხარვეზების გამოსწორებას.

ეს ძირითადად ტექნიკური შინაარსის ხარვეზები იყო. მაგალითად, ასეთი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ“;

ან: „სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას“.

საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებსაიტზე „კონსერვატიული მოძრაობის“ წესდება ამ დრომდე არ ატვირთულა. მიზეზი სააგენტოში მოვიკითხეთ - პასუხს ამ დრომდე ველით. თუმცა, თავად „კონსერვატიულ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ იქ იგივე წერია, რაზეც ისინი ღიად ლაპარაკობენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG