ეს უპრეცედენტო ფაქტი სახიფათო სიგნალია მათთვის, ვისაც ევროკავშირის დროშა მხოლოდ ნაჭრის ნივთი არ ჰგონია. საქართველოს პროდასავლური კურსის სიმბოლოსთან, ევროკავშირის დროშასთან ანგარიშსწორების აქტის უკან რუსეთის ინტერესები და ორგანიზებული კავშირები იკვეთება. საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ მართლმადიდებლობის სახელით ლგბტქ+ თემთან ბრძოლა მხოლოდ საბაბია.
- ვინ და რა მიზნით ებრძვის ევროკავშირის დროშას?
- რისკენ ისწრაფვიან სიძულვილის ჯგუფები და რა არის მათი რეალური მიზანი?
- აღმოიფხვრა თუ არა პრობლემა ევროკავშირის დროშის დაბრუნებით?
7 ივლისს, მას შემდეგ, რაც "თავისუფლებისთვის" ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია დატოვეს, ეს სივრცე სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთეს, ჩამოხსნეს და ნაკუწებად აქციეს პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა.
„დაწვი, დაწვი, ცეცხლი წაუკიდე“ – კარგად ისმის მათი ხმები ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალებში. ეს ის ხალხია, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო 5 ივლისსაც, მართლმადიდებლობის სახელით ჩადენილი უპრეცედენტო ძალადობის პარალელურად.
„ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება... ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად“ - განაცხადა 8 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავად ევროკომისარმა განაცხადა, რომ „ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით“, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7 ივლისს, დილით, დროშა ძველ ადგილას თავის ხელით აღმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამოწურულია თუ არა პრობლემა დროშის დაბრუნებით?
5 ივლისს, როცა სიძულვილის ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ევროკავშირის დროშა პირველად ჩამოხსნეს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში მოქმედებას იწყებს პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენთან, ლევან ვასაძესთან დაკავშირებული „რუსული პროექტი“ და ევროკავშირის სიმბოლოებთან ბრძოლაც „პრორუსული ძალების გაბატონების დეკლარირებაა“.
ევროკავშირის დროშის ხელყოფის ორივე ეპიზოდის დროს, ისევე როგორც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ პროცესებში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა სწორედ ვასაძესთან აფილირებული ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ წამყვანი ზურა მახარაძე იყო.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ 7 ივლისს, აგრესიულად განწყობილი მოძალადე ჯგუფების სახელით სწორედ მახარაძე ელაპარაკება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს.
- მახარაძე პირობასაც აძლევს სირაძეს, რომ პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიაზე შეჭრის მსურველი ძალადობრივი ჯგუფების შეტევას გააჩერებს 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე სირაძე პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ (აქცია „თავისუფლებისთვის“) შეკრებილ ხალხთან მივა და მათ მოძალადეების მიერ იქ 5 ივლისს აღმართულ რკინის ჯვართან ფერადი დროშების ფრიალს აუკრძალავს.
- სირაძე ჰპირდება მახარაძეს, რომ ის ამ მოთხოვნას ადრესატებამდე მიიტანს - „ვიღაცამ ჯვართან დროშა რომ არ ასწიოს... გასაგებია თქვენი მოთხოვნები“ - ამბობს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი და ამატებს, რომ „ჯვართან არის წინაღობა და ჯვარს არავინ ეხება“.
7 ივლისს, ევროკავშირის დროშის დახევის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, აგრესიული ჯგუფების მიტინგზე, ზურა მახარაძემ გამოაცხადა, რომ დასავლელი ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“. იქვე იდგნენ სასულიერო პირებიც.
მანამდე, არაერთი დღის განმავლობაში, „ალტ-ინფოს“ ეთერიდან ისმოდა მკაფიოდ ანტიდასავლური მოწოდებები, მაყურებლებს საპატრიარქოს სახელით „ქუდზე კაცის“ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ და ამ პროცესში ზურა მახარაძეს არც ის დაუმალავს, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ქუჩაში გამოყვანას უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა:
- “იქნება უპრეცედენტო ერთობა ქართველი ერის და მთელ ამ დიპლომატიურ კორპუსს, გარედან აქ ჩამოსულ მეფისნაცვლებს, იმათ ტრადიციებს რომ აგრძელებენ კოლონიალურ ადმინისტრაციას და მაგათ შნირებს აქ გინდა პოზიციაში, გინდა ოპოზიციაში, ჩვენ ხომ მაგას ვაჩვენებთ და მერე მაგას ერთ დღეში კი არ მოვკლავთ, ამ ერთ დღეს კი არ მორჩება კონსერვატიული მუხტი, ეგ ყველაფერი დაკონვერტირდება მერე პოლიტიკურ მოძრაობაში."
- „მაგ აქციაზე კონკრეტული დღის წესრიგი დადგება და პოლიტიკური მოთხოვნები გაჟღერდება... ჩვენ ეგ ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ ეგ მაინც ეგრე წავა... ამ პრაიდს ხო დედას ვუტირებთ და მაგ პრაიდის ნანგრევებზე, მაგ პრაიდის ნამტვრევებზე დაიწყება ის პირველი გაფორმება კონსერვატიული ფლანგის, როგორც პოლიტიკური ძალის, რომელიც ამ სისტემას უტირებს დედას მერე... ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა“.
პარალელურად, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები კოორდინაციაში იყვნენ ანტიდასავლური და პრორუსული ინტერესებით მოქმედ სხვა ჯგუფებთან და მაგალითად - დიმიტრი ლორთქიფანიძის პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან თუ გურამ ფალავანდიშვილის “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებასთან“.
რუსეთი გვიყურებს
როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის დროშის თბილისურ ამბავს საგანგებო ყურადღება დაუთმო რუსეთის მედიამ. ინტერნეტი აჭრელდა სათაურებით, რომ - თბილისის ცენტრში ევროკავშირის დროშა დაწვეს.
საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ძველებურზე მეტ ყურადღებას იჩენს ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, პუტინის მეხოტბე და ლევან ვასაძის მეგობარი - ალექსანდრ დუგინი.
ბოლო დღეებში დუგინის ფეისბუკ გვერდი განსაკუთრებით აქტიურად აზიარებს „ალტ-ინფოს“ ვიდეოებს. ხოლო კონკრეტულად ევროკავშირის დროშის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ ვიდეომასალას დუგინმა დაურთო ინგლისური წარწერა - „აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი“.
მის ფეისბუკგვერდზე გაზიარებულ პოსტებს შორის ვხვდებით პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ლაივ-ჩართვასაც რუსთაველის გამზირიდან, რომელშიც დიმიტრი ლორთქიფანიძე, იქ მყოფთა ყიჟინის ფონზე, სიამაყით ამბობს - „ევროკავშირის დროშა აღარ არის... მხოლოდ საქართველოს დროშა დარჩა“.
"პროქართული" საქართველო
დუგინი ბოლო პერიოდში ამკვიდრებს იდეას, რომ საქართველო „პროქართული“ უნდა იყოს, თუმცა თუკი მის ლოგიკას გავყვებით - ეს „პროქართულობა“ სწორედ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას ნიშნავს.
„საქართველო ვერასოდეს იქცევა პროდასავლურ სახელმწიფოდ. მას შეუძლია შექმნას მხოლოდ სპეციფიკური ქართული დემოკრატია“ - თქვა ალექსანდრ დუგინმა 2020 წელს.
ხოლო 2021 წელს ის, უკვე მოსკოვის წინაშე, ლევან ვასაძის რეკლამირებით დაკავდა:
„თუკი რუსეთს უნდა, რომ მოაგვაროს თავისი გეოპოლიტიკური დაპირისპირებები ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში (რაც გამორიცხულია ერთმნიშვნელოვნად პროდასავლელი პოლიტიკოსის ხელში, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია ჭეშმარიტი ნაციონალური ლიდერის პირობებში), ვასაძის ფიგურასა და მოძრაობა „ერს“ ყურადღებით უნდა დააკვირდეს“.
„ალტ-ინფოს“ ეთერში, თავის გადაცემაში, დუგინი არაერთხელ ჰყავდა მიწვეული თავად ზურა მახარაძეს. ამავე ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელია კონსტანტინე მორგოშია, "ქართული მარშის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც 2016 წელს, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იყრიდა.
ლევან ვასაძე, ამჟამად, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის კლინიკაში იმყოფება და ძალიან წუხს, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ შეძლო „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ დასახული გეგმის განხორციელება.
„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) „მითების დეტექტორმა” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული ძალების ორგანიზებულ მოქმედებებს ააშკარავებს.
გამოვლენილია 28 ფეისბუკგვერდი, 23 ფეისბუკჯგუფი და ინდივიდულური ანგარიშები, რომელთა საშუალებითაც „ულტრანაციონალისტური, კონსერვატიული, კრემლთან დაკავშირებული და რელიგიური აქტორები სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს ავრცელებდნენ და პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეების მობილიზაციას ახდენდნენ“.
- კვლევის ფარგლებში გამოვლინდა "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული ექვსი ახალი ფეისბუკგვერდი, რომელთაგანაც: ხუთი - 2021 წლის ივნისში, ხოლო ერთი - ივლისში შეიქმნა;
- 2020 წლის ნოემბერში - დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, „ფეისბუკმა“ წაშალა მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და „ინსტაგრამის“ 19 ანგარიში, თავად „ალტ-ინფოს“ კი „ფეისბუკით“ სარგებლობა აუკრძალა.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი გვეუბნება, რომ „ეს ჯგუფები მართული არიან რუსეთის მიერ, რასაც მათი სარედაქციო პოლიტიკაც ცხადყოფს“ და მკაფიოა, რომ „მათი მიზანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა და ნაკლებად აღელვებთ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები“.
თამარ კინწურაშვილის თქმით, „ხელისუფლებამ დაუსჯელად მიუშვა ძალადობრივი ჯგუფები, რომლთა მიზანიც საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაა" და ისინი "საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც გამოიყენა“; თუმცა, შესაძლოა, ეს ძალა, ადრე თუ გვიან, თავად ხელისუფლებასაც შეუტრიალდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსების მარშის“ ჩატარება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა, პროცესი სამოქალაქო არეულობის მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ამას.