ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ევროპის დროშის პარლამენტის შენობიდან ჩამოხსნის და დაწვის ფაქტებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროპის დროშის შებღალვას შემაშფოთებლად მიიჩნევს.
"ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
საბჭოს განმარტებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები, გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას, ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით.
„გასული დღეების მოვლენებმა აჩვენა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოებს. დროშა არის განსახიერება ღირებულებების, რომლისკენაც ისწრაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვის და ღირსი პატივით მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.
ასევე განვმარტავთ, რომ შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა.
საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის კულტურული იდენტობა, პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერების მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ.
ევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისსაც ჩამოხსნეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 5 ივლისის მოვლენების შეფასების დროს დროშის ჩამოხსნის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანოს წინ თავისი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა, რომელიც 6 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლებმა ჩამოგლიჯეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები მან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა.