5 მარტის ღამეს ახალციხეში პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის კედელზე მოქალაქეებმა წარწერები გააკეთეს, პროტესტის ნიშნად. წარწერები მეორე დღესვე წაშალეს პარტიის წევრებმა.
ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, სიმონ ეღიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალციხეში არ იმყოფება და ისიც არ აქვს გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა მომხდარის გამოსაძიებლად პოლიციას.
"კონსერვატიული მოძრაობის" ოფისზე გაკეთებული წარწერა არ უკვირთ ახალციხის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პრორუსული პარტიის ოფისის კედლებზე გაკეთებული წარწერების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში. ის მიიჩნევს, რომ "კონსერვატიული მოძრაობა" რუსული პროპაგანდის გამტარია საქართველოში და ამის გამოც იღებს საზოგადოებისგან საპასუხოდ აგრესიას.
"რუსული პროპაგანდა გამალებით, ყველა გზებით ცდილობს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ უკრაინას კი არ ებრძვის, არამედ ათავისუფლებს. მთელმა ცივილურმა სამყარომ გაიაზრა, რომ აუცილებელია ამ პროპაგანდის გავრცელების შეფერხება. რა ხდება ამ დროს ჩვენთან - თავისუფლად იხსნება ოფისები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან რუსულ პროპაგანდას. ამდენი შემზარავი ვიდეოს, ფოტოს ნახვის მერე სწორედ ეს პუტინის სატელიტი პროპაგანდისტები ხალხს უყვებიან საპირისპიროს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს საზოგადოების აგრესიას და ვფიქრობ, რომ ამ აგრესიის გამოხატულებაა ეს ფაქტიც", - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯაბა ნათენაძემ.
ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი 2022 წლის 13 თებერვალს გაიხსნა. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი სიმონ ეღიაშვილი საზოგადოებას გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ წარუდგინა.