რუსეთი წლებია უკვე, საბჭოთა ტრადიციას აგრძელებს და ცდილობს გზა გადაუკეტოს კინოს, რომელიც ხელისუფლების იდეოლოგიას ოდნავ მაინც ეწინააღმდეგება. დაზარალებულებს შორის დღესაც უკრაინა ლიდერობს; მას შემდეგ, რაც „მაიდანი“ ხალხის გამარჯვებით დასრულდა, რუსეთის კულტურის სამინისტრომ მაქსიმალურად გააძლიერა უკრაინულ კინოზე კონტროლი. ამ დაძაბულ დღეებში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე უკრაინული ფილმი, რომელთა ნახვა რუსეთის დიდ კინოთეატრებში, კლუბებსა და სადისკუსიო საღამოებზეც კი აკრძალულია.
„ომი მშვიდობისთვის“ (2015, რეჟისორი ევგენი ტიტორენკო)
რუსეთის კულტურის სამინისტრომ თავიდანვე მიმართა ქვეყნის პროკურატურას თხოვნით, არა მარტო აიკრძალოს ეს ფილმი, არამედ დაიბლოკოს ინტერნეტსაიტები, რომლებზეც ტიტორენკოს სურათი იყო განთავსებული. პირველად „ომი მშვიდობისათვის“ უნდა ეჩვენებინათ მოსკოვში, „არტდოკფესტის“ პროგრამაში. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროკურატურაში იჩივლა რუსეთის დუმის დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ; წერილში, რომელიც მან პროკურატურას გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ „ექსტრემისტული ფილმის“ მიზანი რუსეთის დიკრედიტაციაა მთელი მსოფლიოს თვალში. ტიტორენკოს ფილმში იხილავთ აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხედრო დაპირისპირების დროს გადაღებულ უნიკალურ კადრებს და ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარაა.
„დაბრუნება“ (2013, რეჟისორი ახტემ სეიტაბაევი)
საინტერესო ისტორია აქვს ამ ფილმს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში ყირიმელი თათრების დეპორტაციას ასახავს; თავიდან „დაბრუნების“ პრემიერა უპრობლემოს მოეწყო ყირიმში, სიმფეროპოლის ერთ კინოთეატრში. მეტიც, 2014 წელს სურათი რუსეთის ნაციონალური პრემიით აღინიშნა - მის ავტორს პრემია „ნიკა“ თავად რუსეთის კულტურის მინისტრმა გადასცა. მაგრამ, როგორც კი დაიძაბა ურთიერთობა უკრაინასა და რუსეთს შორის, „დაბრუნება“ ჯერ ეკრანებიდან მოხსნეს, შემდეგ კი აკრძალულ უკრაინულ სურათებს დაუმატეს. ამისათვის საზოგადოებრივი აზრიც შექმნეს. ოფიციალურ რუსულ მედიაში დაიბეჭდა დაკვეთილი სტატიები ფილმში ყირიმელი თათრების დეპორტაციის „ზედაპირულ და ცალმხრივ“ ჩვენებაზე, რუსი ხალხის როლის „გაუგებრად წარმოჩენაზე“, პათეტიკურობასა და „ჰოლივუდიზაციაზე“. თუმცა, როგორც ჩანს, აკრძალვის მიზეზი არა იმდენად „დაბრუნების“ მხატვრული მხარე, რამდენადაც მისი ავტორის პოლიტიკური პოზიციაა. დღეს ახტემ სეიტაბაევი უკრაინას, როგორც ჯარისკაცი იცავს. რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოქვეყნდა ფოტო - სეიტაბაევი, ავტომატით ხელში, უკრაინის თავდაცვითი რაზმის წევრებთან ერთად.
„კიბორგები“ (2017, რეჟისორი ახტემ სეიტაბაევი)
უკრაინული კინოგაქირავების ლიდერი, ფილმი, რომელიც დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლას ასახავს სამხედრო შეტაკებების დაწყების პირველ დღეებში. ბატალური სცენებით მდიდარი, თუმცა საკმაოდ ცალმხრივი, დაუმუშავებელი ხასიათებით და „კოჭლი დრამატურგიით“. უკრაინულმა კრიტიკამ, შეიძლება ითქვას, რომ არ დაინდო სეიტაბაევის სურათი, რასაც მთლად კინოს ჩინოვნიკების რეაქცია მოჰყვა - ხელისუფლებამ პირდაპირ მიმართა მათ, მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი კრიტიკისგან სამხედრო კონფლიქტის დასრულებამდე. ვფიქრობ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „კიბორგების“ პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდება
„ატლანტიდა“ (2020, რეჟისორი ვალენტინ ვასიანოვიჩი)
ქართველმა კინოკრიტიკოსებმა სურათი ვნახეთ ვენეციის კინოფესტივალზე, 2020 წელს, პროგრამაში „ჰორიზონტები“. „კიბორგებისგან“ განსხვავებით, ავტორს პრეტენზია აქვს ნოვატორობასა და სათქმელის კინემატოგრაფიული ენით გამოხატვაზე. სამწუხაროდ, „ატლანტიდა“ ვერ თავისუფლდება ევროპული „არტჰაუზის“ შტამპებისგან. მეტიც, მთავარი გმირის და მთლიანად ქვეყნის ისტორია ფილმის ბოლომდე ვერ ერთიანდება. თუმცა დღეს ეს სურათიც განსხვავებულად აღიქმება - ვასიანოვიჩი ცდილობს იწინასწარმეტყველოს, როგორი იქნება დონეცკი 2025 წელს, ომის დასრულების შემდეგ და გამოხატავს ქალაქს, როგორც ნამდვილი აპოკალიფსის მსხვერპლს. „უკრაინამ გაიმარჯვა ომში, თუმცა რამდენად მზადაა ხალხი, გააგრძელოს ცხოვრება დანგრეულ სამყაროში, თუკი მათ არავინ დაეხმარება?“ - კითხულობს ავტორი მასშტაბური ომის დაწყებამდე 3 წლით ადრე.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ ქართულ ინტერნეტსაიტებზე.
„მაიდანი“ (2014, რეჟისორი სერგეი ლოზნიცა)
„მაიდანს“ დღეს ხშირად იხსენებენ. პუტინის იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირება დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, კიევის ცენტრში, „მაიდანზე“ განვითარებული მოვლენებით, ე.წ. ღირსების რევოლუციით, როდესაც იანუკოვიჩის ხელისუფლება ვითომდა „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ დაამხეს. სერგეი ლოზნიცამ, ეთნიკურმა ბელარუსმა, რომელიც 2001 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, „მაიდანში“ იმ დღეების ყველაზე ზუსტი სურათი გამოხატა, ყოველგვარი კინემატოგრაფიული აქცენტების გარეშე - ძალიან გრძელი სტატიკური კადრებით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, რაოდენ შთამბეჭდავად იყო ორგანიზებული რევოლუცია, როგორ ზუსტად გაანაწილეს ლიდერებმა ამბოხებულთა როლები, რამდენად საქმიანი იყო ხალხი და საერთოდ, როგორ გაერთიანდა ნაცია იმხანად უკრაინის ცენტრში. პირდაპირ „სახელმძღვანელოა“ ეს ფილმი ყველასათვის, ვისაც უსამართლო და მატყუარა ხელისუფლება მართავს. ფილმის წარმატების შემდეგ სერგეი ლოზნიცა მხატვრულ კინოს დაუბრუნდა და გადაიღო „დონბასი“, თუმცა ეს რეჟისორი, ჩემი აზრით, პირველ რიგში დოკუმენტალისტია - ფაქტია, სწორდ „მაიდანი“ რჩება სერგეი ლოზნიცას ყველაზე უფრო აღიარებულ ნამუშევრად - მაქსიმალური კონკრეტიკისა და ჩაურევლობის მიუხედავად, სწორედ „მაიდანში“ მიაღწია ავტორმა განზოგადებას და მხატვრულ სიმდიდრეს.