როგორია ევროკავშირში მიღების პროცედურა?
ევროკავშირში გაწევრიანება კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. პირველ რიგში, განიხილება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა შესაბამისობაში იყოს კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან. ესენია:
- პოლიტიკური კრიტერიუმები - სტაბილურობა ინსტიტუტებისა (მაგ. პარლამენტი, სასამართლო), რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემის დაცვის გარანტიებს;
- ეკონომიკური კრიტერიუმები - ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირის საბაზრო ძალებთან კონკურენციისა და გამკლავების უნარი;
- ადმინისტრაციული და ინსტიტუციური კრიტერიუმი - ევროკავშირის კანონმდებლობის - ეფექტიანი შესრულება და წევრობის ვალდებულებების აღების შესაძლებლობა.
ევროპული კომისია აფასებს, უნდა მიენიჭოს თუ არა ქვეყანას კანდიდატის წოდება. ამ მოსაზრების საფუძველზე, ევროპული საბჭო წყვეტს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და იწყება მოლაპარაკებები სრულფასოვან წევრობაზე.
კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობის უფლების ავტომატურ მოპოვებას.
ქვეყანამ უნდა გახადოს თავისი პოლიტიკური, სასამართლო სისტემა და ეკონომიკა ბლოკთან თავსებადი, ევროკავშირის საერთო სამართლის სისტემის მიღებით.
საჭიროა 80 000-ზე მეტი გვერდის წესებისა და რეგულაციების თავსებადობაც - რაც მოიცავს ყველაფერს, დაწყებული გარემოსდაცვითი სტანდარტებით, დამთავრებული კვების ჰიგიენის წესებით.
საბოლოოდ, ბლოკში მისაღებად ქვეყნის კანდიდატურა ერთხმად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის თითოეულმა, 27-ვე წევრმა.
რა ეტაპზეა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახლა?
საქართველო დიდი ხანია ცდილობს დაუახლოვდეს ევროკავშირს. 2014 წელს მხარეებს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა. 2016 წელს ამოქმედდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა.
2017 წლიდან, საქართველოს მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზოდ მიემგზავრებიან და 3-თვემდე დარჩენის უფლება აქვთ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 2024 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 2/3-ის შესრულება იყო გათვალისწინებული.
მაინც რა დრო სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას?
თითოეული აპლიკანტი ქვეყანა ინდივიდუალური გზას გადის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რასაც სხვადასხვა პერიოდი სჭირდება. მაგალითად, პოლონეთმა ბლოკში გაწევრიანების ოფიციალური მოთხოვნა გააკეთა 1994 წელს და საბოლოოდ 2004 წელს მიიღო.
სხვა ქვეყნები წლების განმავლობაში ელოდებიან გაწევრიანებას. ასეთი ახლა ხუთი ქვეყანაა: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. კიდევ ორი, კოსოვო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, კლასიფიცირებულია, როგორც „პოტენციური კანდიდატი“, რადგან ისინი ჯერ არ აკმაყოფილებენ წევრობის კრიტერიუმებს.
გარდა ამისა, ევროკავშირს თავად არაერთი პრობლემა აქვს, როგორც ეკონომიკური კრიზისი, ბრექსიტი თუ პანდემია, ასევე უნგრეთის მსგავსი წესების დამრღვევი წევრი ქვეყნების ქცევა.
რას ნიშნავს დაჩქარებული პროცედურა?
არ არსებობს ჩამოყალიბებული პასუხი, თუ რას ნიშნავს „დაჩქარებული პროცედურა“. ეს საკითხი ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული არაა. ერთიანი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს სტანდარტული პროცედურის გატარებას შემჭიდროებულ ვადებში.
არსებობს სწრაფი მიდგომის პრეცედენტებიც - შვედეთმა და ფინეთმა მოახერხეს კავშირში გაწევრიანება განაცხადის მიღებიდან რამდენიმე წელიწადში. თუმცა ასეთი რამ იშვიათია.
ამასთან, ფორმულირება „დაჩქარებული პროცედურა“ გაისმა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში და არ შეხებია საქართველოსა და მოლდოვას.
შეიძლება იყოს ალტერნატიული გზა?
სლოვაკეთის, სლოვენიის და ჩეხეთის ლიდერები უბიძგებენ ევროკავშირს შექმნას „სრულიად ახალი ბილიკი“, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირის ლიდერები ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არ არიან ბორტზე.
როდის შეიძლება განიხილონ საქართველოს საკითხი?
ევროსაბჭო ატარებს სამიტს 10 და 11 მარტს, სადაც სავარაუდოდ განიხილება უკრაინის პოტენციური გაწევრიანება, როგორც „როიტერსი“ იუწყება ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. გავა თუ არა საქართველოს საკითხი უკრაინასთან ერთად უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, ეტაპობრივი იქნება, ნატოსა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების მცდელობა ქვეყანას კიდევ უფრო დააშორებს რუსეთის ორბიტას.