Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიიდან დაკარგული საქართველო


გია ნოდია
გია ნოდია

ჯერ არ ვიცით, რით დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ ვიცით, რომ ეს 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ომია. მან უკვე რადიკალურად შეცვალა სიტუაცია ევროპაში და, დიდი ალბათობით, ეს ცვლილებები პლანეტის სხვა ნაწილებსაც შეეხება.

ძალიან ადრეა თქმა, კონკრეტულად რა იქნება ახალი პოლიტიკური რეალობა ომის შემდეგ. მაგრამ უკვე გამოკვეთილი ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ საქართველოს შეიძლება უპრეცედენტო ახალი შესაძლებლობები გაუჩნდეს. ამას ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი ხვდება: მისი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ ომი ჩვენ არ გვეხება და რაც ნაკლებ მივაქცევთ ყურადღებას, მით უკეთესი.

ამ დღეებში ახალი ისტორია იქმნება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ.

დიდი შემობრუნება

უკრაინელების შეუპოვრობა და გმირობა აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ ეს ერი რომ მტერს მედგრად დახვდა, ნაკლებად მაკვირვებს. პირადად ჩემთვის უფრო განმაცვიფრებელია დასავლეთის სწრაფი შემობრუნება ომის დაწყების შემდეგ. ომის შოკმა დასავლეთს სამყარო სხვანაირად დაანახვა და ის ამ ახალი ხედვის გარშემო გააერთიანა.

კომუნისტური სისტემის რღვევის შემდეგ ჩაითვალა, რომ, ევროპაში მაინც, ომების ეპოქა დასრულდა და დამკვიდრდა ახალი რაციონალურად გააზრებულ წესებზე დამყარებული წესრიგი, რომელსაც, ხშირად, „ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს“ უწოდებენ. ეს წესრიგი არ გამორიცხავს ნორმიდან ცალკეულ გადახვევებს: მაგალითად, ე.წ. ეთნიკურ ომებს ბალკანეთში ან კავკასიაში, ფანატიკოსი ჯიჰადისტების ტერორს; მაგრამ ეს ჩამორჩენილობის ომებია. არსებობს „საერთაშორისო თანამეგობრობა“, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით მოუვლის ამ პრობლემებს იმით, რომ ცალკეულ ცუდ ადამიანებს დასჯის, ხალხს კი გონივრულ კომპრომისებს შესთავაზებს და განვითარებაში დაეხმარება.

კონკრეტულად როგორ უნდა ჩამჯდარიყო რუსეთი ამ ახალ წესრიგში, მთლად ნათელი არასოდეს ყოფილა; მალე გახდა ცხადი, რომ მასთან კონსენსუსის მიღწევა განსაკუთრებით ჭირდა. მიუხედავად ამისა, დასავლეთი ინარჩუნებდა რწმენას, რომ ობიექტურად, ახალი წესრიგის დამყარება რუსეთისთვისაც კარგია და ეს მას არ შეიძლება არ ესმოდეს; აზრთა სხვადასხვაობას, საბოლოოდ, დიპლომატიური მეთოდებით მოევლება. 90-იანი წლებიდან სულ მესმოდა ამერიკელებისგან და ევროპელებისგან, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა რუსეთის ინტერესებშია და ყველანი აქედან უნდა ამოვიდეთ; საპირისპირო დაშვება ნიშნავდა, რომ რუსები გიჟები არიან. ითვლებოდა, რომ რუსეთის აკვიატებული უნდობლობით შეპყრობილ ქართველებს და სხვა აღმოსავლეთევროპელებს პოსტტრავმული სინდრომი ამოძრავებს, რისგანაც, ადრე თუ გვიან, განთავისუფლდებოდნენ.

სინამდვილეში, რუსეთისთვის თავად ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის იდეა იყო მიუღებელი, რადგან ის მასში მეორეხარისხოვანი მოთამაშის როლისთვის იყო განწირული. ეკონომიკის სიდიდით და განვითარების დონით ის მსოფლიო ათეულშიც კი არ შედიოდა; ეს ეკონომიკაც დიდწილად ნავთობის და გაზის შემოსავლებზე იყო დამოკიდებული. რუსეთი უნდა შეგუებოდა გეოგრაფიულად დიდი, მაგრამ გავლენით საშუალო რანგის სახელმწიფოს სტატუსს.

პუტინმა ამას ახალი მსოფლიო წესრიგის მთლიანად ამოყირავების გზა არჩია. დასავლეთს დიდხანს გაუჭირდა, დაეჯერებინა, რომ ეს ასეა, რადგან, მისი თვალთახედვით, ასეთი არჩევანი ირაციონალურია. რუსეთის სამხედრო ავანტიურები საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს ლოკალური მნიშვნელობის მქონედ ჩაითვალა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე დასავლეთის რეაქცია შეიძლება ფსიქოლოგიის ენაზე აღვწეროთ როგორც „რეალობის არმიღება“ (denial): ზოგმა პუტინი და სააკაშვილი მომხდარში ლამის თანაბრად დაადანაშაულა. ყირიმის მიერთებასა და დონბასის ომზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი გახდა. გარკვეული სანქციები დაწესდა, მაგრამ მათ უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ავტორიტარული ჩინეთის მზარდი ძალა, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი ირანი, ბირთვული იარაღის მსურველი ჩრდილო კორეა გლობალური მშვიდობისთვის უფრო დიდ საფრთხეებად ჩაითვალა. თუ ასეა, რუსეთთან რთული პოლიტიკური თამაში უნდა აწარმოო: სადღაც შეაკავო, სადღაც ითანამშრომლო. ამას ემატებოდა დიდი ეკონომიკური ინტერესები რუსეთის გაზისა და ნავთობის მიმართ.

ამ ფონზე, დასავლეთს მხარი უნდა დაეჭირა უკრაინისა და საქართველოსთვის, მაგრამ ისე, რომ პუტინი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. მაგალითად, დასავლეთი უკან ვერ წაიღებდა ერთხელ მიცემულ პირობას ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ მოხილვად მომავალში ამ პირობის შესრულებას არ აპირებდა, ძირითადად რუსეთის წინააღმდეგობის გამო.

ერთი შეხედვით, რუსეთი ამ ვითარებით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. მას, პრაქტიკულად, შერჩა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება; მის ინტერესებს ანგარიშს უწევდნენ; სანქციები დიდ საფრთხეს არ უქმნიდა. ალბათ, ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ, რა ჭია შეუჩნდა პუტინს, როცა დასავლეთთან პირდაპირი და ღია კონფრონტაცია არჩია და კონკრეტულად რისი მიღწევის იმედი ჰქონდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მან ორი რამ ვერ გათვალა: უკრაინელთა მხრიდან უაღრესად ეფექტური წინააღმდეგობა და დასავლეთის ხისტი და ერთიანი პასუხი. რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობიდან განიკვეთა, ხოლო თვითონ პუტინი, დასავლური საზოგადოებრივი აზრის თვალში, ჰიტლერის შესადარ ფიგურად იქცა. განსაკუთრებით საგულისხმოა ცვლილებები გერმანიაში, რომელმაც რუსეთის მიმართ პოლიტიკური კურსი 180 გრადუსით შეცვალა.

ამ შემობრუნების ნიშანი მხოლოდ ის არ არის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, ერთმანეთის მიყოლებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოხატა სურვილი, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. წლების განმავლობაში, უკრაინას, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს, ევროკავშირის წევრობის თეორიულ შანსსაც კი არ აძლევდნენ. ნატოს წევრობაზე ანალოგიური სიგნალი არ ყოფილა, მაგრამ არსებულ ფონზე ამაზე საუბარიც საგნობრივი ხდება. ჩვენ გარღვევის წინაშე ვდგავართ.

ჩვენ სად ვართ, ჩვენ?

დასავლეთის ასეთი შემობრუნება ისაა, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდით. უკრაინელებმა ჩვენი გასაკეთებელიც გააკეთეს. ბოლოს და ბოლოს, დასავლეთმა დაიჯერა ის, რასაც ჩვენ - ქართველები, უკრაინელები, ესტონელები, პოლონელები და სხვები მრავალი წელი ვეჩიჩინებოდით: იმპერიის რაღაც ფორმით აღდგენა რუსეთის პოლიტიკის ქვაკუთხედია, ეს დასავლეთისთვისაც სერიოზული საფრთხეა და მან ამ საფრთხეს ადეკვატურად უნდა უპასუხოს. დასავლეთისგან ყოველთვის მეტს ველით, ვიდრე ის აკეთებს, და ახლაც ასეა; მაგრამ დღეს დასავლეთის ქმედებებიც არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ჩვენს სურვილებთან, ვიდრე ოდესმე.

სწორედ ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამას ყველაფერს ვერ ან არ ხედავს და სადღაც სხვაგანაა. მაშინ, როდესაც მაქსიმალურად აქტიურები უნდა ვიყოთ, რომ წამყვან მოთამაშეებს ჩვენი პრობლემები შევახსენოთ და ისტორიის გადმოგდებული ნებისმიერი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ჩვენ - ანუ მთავრობა, რომელიც წარმოგვადგენს - ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი გვეხებოდეს.

დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა „ქართული ოცნება“ უკრაინისგან თავს შორს იჭერდა. არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ამას რუსეთის გულის მოსაგებად აკეთებდა თუ უკრაინასთან მეგობრობის სიმბოლოდ ქცეული მიხეილ სააკაშვილის სიძულვილით: ეს ორი მოტივი ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.

მაგრამ ომის დღეებში უკრაინისგან დისტანცირებამ ახალი მორალური და პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ზედაპირულად, ქართული ხელისუფლების დილემა შეიძლება აღვწეროთ როგორც „პოლიტიკური პრაგმატიზმი ეროვნული ღირსების წინააღმდეგ“. უკრაინა სოლიდარობას იმსახურებს, მაგრამ პრაგმატული ინტერესი გვიკარნახებს, ფრთხილად ვიყოთ და ისედაც თავზე ხელაღებული რუსეთი კიდევ უფრო არ გავაღიზიანოთ, თან ჩვენი ეკონომიკური ინტერესებიც არ დავაზიანოთ. ყოველ შემთხვევაში, მთავრობას უნდა, ვითარება ასე დავინახოთ: გულუბრყვილო იდეალისტი ახალგაზრდები ქუჩაში უკრაინის დროშებს აფრიალებენ, ბრძენი მთავრობა კი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს.

ეს დილემა მოჩვენებითია: მორალი და პრაგმატიზმი ამ შემთხვევაში ერთ მხარესაა. მთელი ეს ოცდაათი წელია, ჩვენი თავისუფლება და განვითარების შანსი დამოკიდებულია არა რუსეთის კეთილ ნებაზე, არამედ, პირველ რიგში, ჩვენზე და, ამავე დროს, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაზე. როცა სხვისი განსაცდელის დროს თავს ქვიშაში ჩარგავ, კრიტიკულ სიტუაციაში სხვის დახმარებას არ უნდა ელოდე. ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსთაველზე იდგა, არაფერს რისკავდა? მაგრამ მათ გრძელვადიან სტრატეგიას და ძირეულ ღირებულებებს მიანიჭეს უპირატესობა.

ამ დღეებში მსოფლიომ 2008 წლის ომსაც სხვანაირად შეხედა. მათთვისაც, ვისაც ეს ბოლომდე არ ესმოდა, ცხადი გახდა, რომ საქართველო მაშინ ცალსახად რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. დასავლეთის პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ამბობენ, რომ უკრაინას პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ, მაგრამ საქართველო და მოლდოვაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ისინიც რუსეთის აგრესიის ობიექტი შეიძლება გახდნენ. საქართველოს ხელისუფლება კი, რომელიც ამაზე ყველაზე მეტს უნდა ლაპარაკობდეს, ბუჩქებშია ჩამალული. მეტიც, ბუჩქებიდან ცოტა ხნით გამოსული პრემიერ-მინისტრი არა მარტო დემონსტრაციულად აქცევს ზურგს უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ, ირიბად მაინც, ომზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს იმის თქმით, რომ მან „ომი თავიდან ვერ აიცილა“.

რაკი მთავრობამ უარი განაცხადა ქვეყნის პოზიციის გამოხატვაზე, ამის გაკეთება ქუჩაში გამოსულმა ხალხმა იტვირთა. ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობა საქართველოში ყოველთვის პრობლემური იყო; მაგრამ არასოდეს ყოფილა, რომ ქვეყნის ფუნდამენტური ორიენტაციის საკითხზე მთავრობა და ხალხი ერთმანეთს ასე რადიკალურად დაშორებოდნენ. საზოგადოება უკრაინისკენ და თანამედროვე ცივილიზაციისკენაა; ეროვნული პრაგმატიზმის ნიღაბს ამოფარებული მთავრობა ფაქტობრივად რუსეთის ნარატივს იმეორებს.

როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ? საზოგადოება ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებს და მის საქმეს ვერ გააკეთებს; მაგრამ მას ხელისუფლების შეცვლა შეუძლია. დღეს ცხადია, რომ ევროპისკენ ზურგშექცეული ქვეყნის შემობრუნება ამის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისევ ევროპული, ანუ ცივილიზებული და მშვიდობიანი გზით. რთულია, მაგრამ როგორია ალტერნატივა? სანამ შიდა გარჩევებით ვართ დაკავებული, ისტორიის გემმა შეიძლება გვერდზე ჩაგვიაროს და ჩვენ მხოლოდ მისთვის თვალის გაყოლება მოვასწროთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG