"Starlink-ის მომსახურება აქტიურია უკრაინაში. გზაშია მეტი ტერმინალი", - უპასუხა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების მეოთხე დღეს ილონ მასკმა ტვიტერზე უკრაინის ვიცე-პრემიერს მიხაილო ფედოროვს, რომელმაც წინა დღით, ასევე ტვიტერზე, მისწერა SpaceX-ის მფლობელს:
"სანამ თქვენ მარსის კოლონიზებას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს. სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ბრუნდება კოსმოსიდან, რუსეთის რაკეტები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას უტევს", - და Starlink-ზე წვდომა სთხოვა მილიარდერს.
რა არის Starlink-ი და რატომ არის ახლა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ეს ტექნოლოგია. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება ზვიად სულაბერიძეს, თავისუფალი უნივერსტიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ესაუბრა.
რა არის Starlink-ი?
ეს არის სისტემა, რომელითაც შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ წერტილში გქონდეს ინტერნეტი. არაა საჭირო არანაირი ინფრასტრუქტურა, დენისა და მიმღები მოწყობილობის გარდა - იქნები მთაში, მწვერვალზე თუ შუა ზღვაში - ყველგან, სადაც არც ინტერნეტია და არც მობილური ტელეფონით დაკავშირებაა შესაძლებელი.
ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ინტერნეტი კონტროლდება - შეზღუდულია საიტები თუ ქვეყნები, ეს მოწყობილობა გვერდს უვლის ამ შეზღუდვებს.
რატომ დასჭირდა უკრაინას, Starlink-ზე წვდომა პირადად ილონ მასკისთვის ეთხოვა?
Starlink-ის სისტემა წელიწადზე მეტია გაეშვა. მას სჭირდება სატელიტების გარკვეული რაოდენობა, რომ მთელი დედამიწა მოიცვას - ამ ეტაპზე არ არის იმდენი, რამდენიც საბოლოოდ უნდა იყოს. ამის გამო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა სატესტო რეჟიმში ჩართული - შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანა ჩართო ან გამორთო.
უკრაინა არ იყო ჩართული. ეს ნიშნავს, რომ იქ Starlink-ს წვდომა არც ექნებოდა და არც მიყიდდნენ. ამ გადაწყვეტილებით ილონ მასკმა "უკრაინა ჩართო".
რატომ სჭირდებოდა ახლა ეს უკრაინას?
ომის დროს შესაძლებელია გამიზნულად ააფეთქონ რუსებმა ანძები და დააზიანონ ის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ინტერნეტის გადასაცემად. Starlink-ს ვერაფერს უზამენ.
უკრაინაში მიმდინარე ომში მშვიდობიანი მოსახლეობაც ჩართულია - მათ კომუნიკაცია სამხედროებისგან განსხვავებით სპეციალური მოწყობილობებით არ შეუძლიათ და იყენებენ ინტერნეტს. ეს ერთადერთი და ყველაზე დაცული გზაა - ასე აფრთხილებენ მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებაც.
როგორ მუშაობს, მასკი წერს, რომ „გზაშია მეტი ტერმინალი”?
ერთადერთი პირობაა - უნდა გქონდეს დენის წყაროზე შეერთებული სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ღია ცის ქვეშ უნდა იდგეს - ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, შენობაში არ მუშაობს. ეს არის 40-სანტიმეტრიანი დიამეტრის ზომის სატელიტური თეფშის მსგავსი მოწყობილობა.
ეს მოწყობილობა გააქტიურების დროს თვითონ პოულობს კუთხეს სიგნალის გასავრცელებლად - სატელიტის მოძრაობის მიუხედავად, ის უძრავად დგას - დაახლოებით ისეა, ცაში რომ ვიყურებოდეთ და თავის მოძრაობის გარეშე თვალი გავაყოლოთ მოძრავ თვითმფრინავს.
რამდენად სწრაფად შეიძლება ინფორმაციის გადაცემა ამ სისტემით?
მას აქვს მაღალი სიჩქარე და დაბალი დაყოვნება - ძალიან მალე ხდება ინფორმაციის გაცვლა. "სტარლინკის" ტერმინალებს, რომელსაც ილონ მასკი აგზავნის უკრაინაში, დაახლოებით იგივე სიჩქარე ექნება, რაც ჩვენთან სახლის ინტერნეტის სტანდარტულ პაკეტს - ბავშვები თამაშობენ, ვიღაც ფილმს უყურებს, ვიღაც ზუმშია - ამაზე უკეთესი იქნება. 10-15 ადამიანი ხარისხიან ინტერნეტს მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით. რამდენად უსაფრთხოა Starlink-ი, შესაძლებელია დადგენა ადგილმდებარეობის ან გადაცემული შინაარსის?
ლოკაციის გარკვევა, საიდან ასხივებს მოწყობილობა, შეუძლებელია - იგივეა, ქალაქში ვიღაცამ დაიყვიროს და მოძებნო ვინ არის. თუ ვიღაცამ არ დაასმინა, საიდან აგზავნის ვიდეოს, შეუძლებელია.