Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობას


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა და მიუღებელი უწოდა უკრაინის სეპარატისტული სუბიექტების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

"ამ გადაწყვეტილებას მიუღებლად მივიჩნევთ. მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ საღ აზრს და საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა ერდოანმა, რომლის სიტყვებიც სააგენტო "ანადოლუს" მოჰყავს.

რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს, თურქეთისა და გერმანიის ერთობლივი სამიტის გამართვის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის წინადადებაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და სხვა ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, თურქეთი ამ შეხვედრაზე თავის „ადგილს დაიკავებს."

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ და შემდეგ ფედერაციის საბჭომ, 22 თებერვალს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი რუსეთსა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებებს, რომლებიც წინა ღამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შევიდა სახელმწიფო დუმაში.

გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავი არავის შეუკავებია.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და შემდეგ კი მოეხდინა ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

  • გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
  • თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
  • რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, 22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროპის კავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის შესაბამის სუბიექტებს.
XS
SM
MD
LG