2014 წლის მარტში, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაურეკა და წინა დღით ვლადიმირ პუტინთან საუბრის დეტალები გაუზიარა.
პუტინი „სხვა სამყაროში“ ცხოვრობს, - ასე უთქვამს მას ამერიკის პრეზიდენტისთვის. მართლაც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის ლიდერი პოლიტიკურ მოვლენებს ალტერნატიულ, ზოგის აზრით, პარანოიდულ ჭრილში ხედავს - სადაც ქვეყნის ბევრი უბედურების მიღმა ამერიკის ხელი მოჩანს.
რვა წელი გავიდა. რუსეთის 130 ათასი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული და ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა ევროპაში ბოლო 75 წლის განმავლობაში უდიდესი სამხედრო ოპერაციის პრელუდია იყოს. 69 წლის პუტინი კი, ანალიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო დაშორდა რეალობას.
ის დიდწილად იზოლირებულად ცხოვრობს - ან მოსკოვის გარეუბანში მდებარე რეზიდენციაშია, ან კი - შავი ზღვის კურორტ სოჭში. პანდემიის დროს მისი დაცვა კიდევ უფრო გააძლიერეს. პუტინი თავის შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობს, რომელიც, შესაძლოა, ევროპისთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე გავლენიანი აღმოჩნდეს. ამ დროს კი ის ეყრდნობა რამდენიმე მრჩევლის აზრს, რომლებიც მის კონსერვატიულ და კონსპირაციულ მსოფლმხედველობას იზიარებენ - ამის შესახებ დასავლეთის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ლაპარაკობენ.
ამ ვიწრო წრეში შედიან: უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი; ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი; თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ; საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი; საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი და კიდევ რამდენიმე ადამიანი - ეს წრე შემცირდა 2014 წლიდან, როდესაც პუტინს კიდევ უფრო აუცრუვდა გული დასავლეთზე.
„უკრაინის მომავალი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ერთ ადამიანზე, რომლის ჩაკეტილი გარემოცვაც თან კვებავს მის აგრესიას და თან იცავს მას ამ აგრესიის შედეგებისგან“, - ამის შესახებ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ადამ კეისი და სევა გუნიცკი წერდნენ.
რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ტატიანა სტანოვაიამ 2020 წლის მაისში, პანდემიის დასაწყისისას დაწერა, რომ გაჩნდა ელიტური დაჯგუფება, რომელსაც სულ უფრო დიდი გავლენა აქვს პუტინზე. ამ ჯგუფს ტატიანა სტანოვაია „მცველებად“ მოიხსენიებს.
ის „მცველებს“ ასე ახასიათებს - ესაა ალიანსი რუსეთის შიგნით მზარდი რეპრესიების მომხრეებსა და მათ შორის, ვინც მხარს უჭერს კონსერვატიულ იდეოლოგიას, როგორც, მათი აზრით, საზღვარგარეთიდან მომავალი გამოწვევების პასუხს.
„მცველების იდეოლოგია უსირცხვილოდ იკვებება კონსპირაციის თეორიებით, მიზნად ისახავს საზოგადოების მობილიზებას გარეშე საფრთხის წინააღმდეგ და მხარს უჭერს რუსების პირად და პოლიტიკურ ცხოვრებაზე კონტროლის გამკაცრებას“, - თქვა სტანოვაიამ.
კონსპირაციის თეორიის ერთი მაგალითი გაჩნდა უკრაინასთან დაკავშირებით - 66 წლის შოიგუმ დეკემბერში განაცხადა, რომ აშშ-ის დაქირავებულ მებრძოლებს დონბასის რეგიონში შეჰქონდათ „დაუდგენელი ქიმიური შენაერთი“. ეს განცხადება მას რაიმე ფაქტით ან სამხილით არ გაუმყარებია.
შოიგუ თან ახლავს ხოლმე პუტინს ციმბირში ექსკურსიების და თევზაობის დროს - რასაც შემდეგ სახელმწიფო ტელევიზია აშუქებს. ის „პუტინის ერთ-ერთი იშვიათი პირადი მეგობართაგანია“, - გვამცნობს წიგნი „მისტერ პუტინი“, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა და რუსეთის ეკონომიკის სპეციალისტმა, კლიფორდ გედიმ დაწერეს.
1999 წლის ბოლოს, როდესაც პუტინი ქვეყნის სათავეში მოვიდა, მან გარს შემოიკრიბა მრჩევლების ფართო სპექტრი - ლიბერალური ეკონომისტებიდან დაწყებული, საიდუმლო სამსახურში მომუშავე ყოფილი კოლეგებით დამთავრებული.
თუმცა, მან მკვეთრი ცვლილებები განახორციელა 2012 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრობის შემდეგ პრეზიდენტობა დაიბრუნა, რასაც მისი მმართველობის წინააღმდეგ უპრეცენდენტო პროტესტი მოჰყვა.
მან აშშ-ს ბრალი დასდო 2011 წელს ჩატარებული დემონსტრაციების ორგანიზებაში და დაიწყო შეტევა დისიდენტებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე. მას შემდეგ ეს შეტევა ყოველ წელს უფრო სასტიკი ხდება.
„ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით პუტინმა საკუთარი თავის ხელახალი პოზიციონირება მოახდინა - როგორც ძირძველმა კონსერვატორმა, რომელიც ხაზს უსვამს „სულიერი კავშირების“ და ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობას, რომლებიც გარყვნილ დასავლეთს არ გააჩნია“, - წერს სტანოვაია მოხსენებაში.
2013 წელს მან ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელსაც თითქოს უნდა დაეცვა ბავშვები „ტრადიციული ოჯახური ფასეულობების უარმყოფი ინფორმაციისგან“ - იგივე კანონი „გეი პროპაგანდის“ შესახებ. ადამიანის უფლებების დამცველთა აზრით, მისმა ამ გადაწყვეტილებამ გაზარდა საზოგადოების აგრესია ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ.
იმავე წელს, როდესაც უკრაინის ქუჩებში უამრავი ხალხი გამოვიდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ - რომელმაც ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას რუსეთთან უფრო ახლო კავშირები ამჯობინა - პუტინმა დამნაშავედ ვაშინგტონი და დასავლეთი დაასახელა.
როდესაც იანუკოვიჩი უკრაინიდან რუსეთში გაიქცა, პუტინმა ჯარები გააგზავნა ყირიმის დასაკავებლად და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდასაჭერად.
მიიჩნევა, რომ პუტინის ამ ქმედებებმა უკრაინა კიდევ უფრო დააშორა რუსეთის ორბიტას და გააძლიერა მოსახლეობის სწრაფვა დასავლეთთან ინტეგრაციისკენ. თუმცა, დასავლეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავად პუტინი და მისი მრჩევლები ამას ვერ აცნობიერებენ.
მართლაც, საჯაროდ მას ეს არასდროს უღიარებია. პირიქით, ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში დასავლეთს დასდო ბრალი რუსებისა და უკრაინელების დაშორებაში, რომლებიც მან „ერთ ხალხად“ მოიხსენია.
ვისაც პუტინთან საქმე დაუჭერია, ამბობს, რომ მისი კონსპირაციული მსოფლმხედველობა დიდწილად საბჭოთა კაგებეში მუშაობისას ჩამოყალიბდა. მისი რამდენიმე უახლოესი თანამებრძოლი დაახლოებით მისი ტოლია, მსგავსი სამუშაო გამოცდილება აქვს და მის მშობლიურ ქალაქში - ლენინგრადში გაიზარდა.
„კონსპირაციული აზროვნება მის ლოგიკასაც შეესაბამება“, - წერდა ფიონა ჰილი 2016 წელს. „ის სამყაროს ცივი ომის ფილტრიდან ხედავს, როდესაც, 1980-იანი წლების ბოლოს, ის კაგებეს მუშაკი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში. ამ პოლიტიკურ ხედვას რუსეთის კონსერვატიულ წრეებშიც იზიარებენ“.
70 წლის პატრუშევი, რომელიც პუტინის ერთ-ერთი უახლოესი პირი იყო მთელი მისი მმართველობის პერიოდში, ასევე კაგებეს ყოფილი ოფიცერი და ურყევი კონსერვატორია. ისიც ლენინგრადში დაიბადა და, 1999-დან 2008 წლამდე ფსბ-ს ხელმძღვანელობდა, ვიდრე უშიშროების საბჭოში გადაიყვანდნენ.
იუწყებიან, რომ სწორედ ის დგას ახალი „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის“ უკან, რომელიც შარშან გამოქვეყნდა და სადაც დასავლეთის კრიტიკა ახალ დონეზეა აყვანილი - რომ რუსეთის „კულტურული სუვერენიტეტი“ საფრთხის ქვეშაა და რომ მის „ტრადიციულ ღირებულებებს“ აშშ და მისი მოკავშირეები „აქტიურად ესხმიან თავს“.
66 წლის სერგეი ნარიშკინი კიდევ ერთი ლენინგრადელია, რომელმაც პუტინი კაგებეს უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცნო. ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოკვლა დასავლეთის ჯაშუშებმა სცადეს. თავად ნავალნი, რომელიც 2020 წელს ციმბირში მოწამლეს, ბრალს პუტინს და ფსბ-ს დებს.
ნარიშკინი იყო ასევე ის, ვინც უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელსაც სათავეში ებრაელი პრეზიდენტი უდგას, ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
68 წლის ბასტრიკინი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და პუტინს 1970-იანი წლებიდან იცნობს. ის ერთხელ სიკვდილით დაემუქრა ოპოზიციური „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილეს.
პუტინის ვიწრო წრე წლების განმავლობაში იცვლება ხოლმე - მას ზოგჯერ ტოვებენ ისინი, ვინც პრეზიდენტს გააღიზიანებს.
მათ შორისაა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი, რომელიც შედარებით ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩეოდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ვიწრო წრე დატოვეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი ივანოვმა - პუტინის სკოლის მეგობარმა, და ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა.
\ბრაიან ტეილორი, სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც პუტინის რუსეთზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა პუტინის გარემოცვაში გახლავთ დმიტრი კოზაკი - პრეზიდენტის თანაშემწე, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. 63 წლის კოზაკი არაერთხელ გამკლავებია რთულ პრობლემებს, მათ შორის, არასტაბილურობას ჩრდილოეთ კავკასიაში. მიიჩნევა, რომ ის კონსერვატორ „ქორებს“ არ წარმოადგენს.
ტეილორი ამბობს, რომ მხოლოდ ვარაუდობენ, თუ ვის რა გავლენა აქვს პრეზიდენტზე და პანდემიის დაწყების შემდეგ ეს საქმე კიდევ უფრო გართულდა. რუსეთს არ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების ფორმალური სააგენტოთაშორისო პროცესი - პუტინი ინფორმაციას სხვადასხვა ინდივიდისგან იღებს, რთულია იმის დადგენა, თუ რეალურად ვინ ახდენს მასზე გავლენას გადაწყვეტილების მიღებისას.
„ეს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი ელიტების რაღაც კონსენსუსის შედეგი კი არაა, უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ელაპარაკა ბოლოს პუტინი“, - თქვა მან. „მთელი ეს ბუნკერში გამოკეტილი პრეზიდენტობა კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს“.