Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა გახდეს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი - რას ამბობენ ინტერნეტში


თებერვლის დასაწყისში „იუტუბზე“ გამოჩნდა ვიდეო სათაურით „შესაძლებელია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს?“, ვიდეოს ავტორია TLDR News - ბრიტანული მედიაორგანიზაცია, რომელიც თავის მისიად მიიჩნევს, რომ კომპლექსური მოკლედ, გასაგებად და მიუკერძოებლად გადმოსცეს (TLDR ძველი, ჯერ კიდევ სოციალურ ქსელებამდე არსებულ ინტერნეტფორუმებზე გაჩენილი აბრევიატურაა ფრაზისა Too Long; Didn’t Read - "ძალიან გრძელი იყო და არ წამიკითხავს". დროთა განმავლობაში ფრაზამ მნიშვნელობა იცვალა და დღეს „TLDR ვერსია“ ნიშნავს გრძელი ამბის მოკლედ და გასაგებად შეჯამებას.)

თავად ვიდეო მოკლედ მიმოიხილავს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიასა და აწმყოს და გამოყოფს 5 საკითხს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში. ესენია

  1. საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები
  2. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა
  3. ევროკავშირთან საერთო საზღვრის არარსებობა
  4. რუსეთის ნეგატიური როლი
  5. თავად ევროკავშირში არსებული სკეპტიციზმი ზოგადად გაფართოებასთან დაკავშირებით

ქართველი მკითხველისთვის ვიდეოს შინაარსზე უფრო საინტერესო შეიძლება იყოს კომენტარების სექციაში დაწყებული დისკუსია - აქ ასობით ადამიანი მსჯელობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პლუსებსა და მინუსებზე. ამ სტატიაში სწორედ მათი მოსაზრებების დაჯგუფება და „TLDR ვერსიის“ გადმოცემა ვცადეთ.

ცხადია, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ „იუტუბის“ კომენტარების ბრმად ნდობა არ შეიძლება - ავტომატურად ვერ დაუშვებ, რომ ტექსტის ავტორი მართლაც ის არის, რადაც თავს ასაღებს. სრულიად შესაძლებელია, რომ „ბელგიური პერსპექტივიდან“ დაწერილი კომენტარის ავტორი სინამდვილეში ან რუსი იყოს და ან - ქართველი.

თუმცა, დისკუსია ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია - უცხოეთში ბევრი აზრს სწორედ მსგავსი ვიდეოების ქვეშ მიწერილი მსჯელობის შედეგად იყალიბებს. ქართველისთვის კი ვინძლო სასარგებლო აღმოჩნდეს არაოფიციალურ, გაუფილტრავ გარემოში გამოხატული მოსაზრებები, რომლებიც შემდეგნაირად დავაჯგუფეთ:

საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს - ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე

„არაფერი მაქვს საქართველოს, ან გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების საწინააღმდეგო, თუმცა ამჟამად ევროკავშირს სჭირდება რეფორმა და ეფექტიანობის გაზრდა და არა - გაფართოება“, - წერს ერთი კომენტატორი და ამით ბევრი სხვა ადამიანის პოზიციასაც გამოხატავს. ყველაზე ხშირად ამ პოზიციის ვარიაცია შეგხვდება - რომ მოსაზრებების ავტორები სიმპათიით არიან განწყობილნი გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მიმართ, მაგრამ ევროკავშირის ინტერესებში დღეს გაფართოება არ არის. ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.

ერთნი ამბობენ, რომ დასავლეთი ევროპა ახლაც ბევრს ხარჯავს აღმოსავლეთ ევროპის გასაძლიერებლად და, როდესაც ეს ახალი წევრები გაძლიერდებიან და ალიანსში მეტ ფულს შეიტანენ, ვიდრე თავად იღებენ, შესაძლებელი იქნება გაფართოებაზე ფიქრი.

კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ევროკავშირს დღეს უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სჭირდება, რათა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პოლიტიკურ კონკურენციას გაუძლოს. „თუ მუდმივ გაფართოებას გავაგრძელებთ, ევროკავშირი უბრალოდ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე გახდება და არ ექნება შესაძლებლობა, გაუმკლავდეს გლობალურ ძალებს. ამას ახლაც ვხედავთ, რუსეთის გაზთან ან უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით“, - წერს ერთი კომენტატორი. მეორე კი ამ აზრს აგრძელებს: „დღეს ევროკავშირში მეტისმეტი ბიუროკრატიაა. ჩვენ მართლაც გვჭირდება ამ საკითხების გადაჭრა, რადგან, თუ მათ არ გავუმკლავდით, ევროკავშირს ბოლო მოეღება. გულწრფელად მჯერა, რომ ევროპას შეუძლია მსოფლიო ლიდერობის პოზიტიური როლი ითამაშოს, მაგრამ ახლანდელი ვითარება ამას შეუძლებლად აქცევს“.

გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი სხვა კომენტატორები კი ყურადღებას ამახვილებენ, რომ ევროკავშირს რეფორმა სჭირდება გადაწყვეტილებების მიღების ფორმასთან დაკავშირებით - ამჟამად არსებული კონსენსუსის პრინციპი ალიანსს მოუქნელ და არაეფექტიან ორგანიზაციად აქცევს. განსხვავებული პოზიციის მქონე თუნდაც ერთ მთავრობას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის მთლიანობას, - წერს ერთი და აგრძელებს: „ბოდიში, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ალბანეთს, მაკედონიასა და საქართველოს მოცდა მოუწევთ. დარწმუნებული ვარ, მათთვისაც უმჯობესია, რომ ძლიერ და სტაბილურ ევროკავშირს შეუერთდნენ და არა ისეთ ალიანსს, რომელიც შინაგანი სისუსტეებით იქნება გატანჯული“.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს და სხვა ქვეყნებს ახლო მომავალში წევრობა გაუჭირდებათ, ალიანსის ქვეყნების მოსახლეობის განწყობაა. გადაწყვეტილება 27-ვემ ერთხმად უნდა მიიღოს და ზოგი ქვეყანა, პირველ რიგში საფრანგეთი, გაფართოებას მხარს არ უჭერს. ერთ კომენტატორს მოჰყავს საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 29% ემხრობა გაფართოებას. იტალიაში ეს მაჩვენებელი 50%-ია, გერმანიაში კი - 43%.

საქართველო უნდა გაწევრიანდეს - ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე

„ევროკავშირს მართლაც სჭირდება ინსტიტუტების რეფორმა. მაგრამ, ეს გაწევრიანების პროცესის შეჩერების მიზეზი კი არა, შიდა რეფორმების დაჩქარების საშუალება უნდა იყოს“, - წერს ერთი კომენტატორი და აგრძელებს - თუ ახალი წევრები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური რეფორმების მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, მათ გაწევრიანების უფლება უნდა მივცეთ და ამ საკითხში ევროკავშირმა ფეხი არ უნდა აითრიოსო.

გაწევრიანების არაერთი მომხრის არგუმენტია, რომ თუ ევროპა გაფართოებას შეწყვეტს და გზას არ გაუხსნის გაწევრიანების მსურველებს, ის ნელ-ნელა მათზე გავლენას დაკარგავს და ამით სხვა ძალები ისარგებლებენ. „უკვე გვაქვს ბალკანეთის მაგალითი, სადაც ევროკავშირით უკმაყოფილო ქვეყნები რუსეთის და ჩინეთისკენ ტრიალდებიან. ვშიშობ, რომ თუ ევროკავშირი არ ისურვებს ამ ქვეყნებთან უფრო ახლო კავშირების დამყარებას, ისინი მიბრუნდებიან მათკენ, ვინც ამ კავშირების დამყარებას მოისურვებს“.

ამ აზრს სხვა კომენტატორიც აგრძელებს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანება ორივე მხარისათვის მოგებიანი იქნება: „ეს შესანიშნავი შანსია ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც. ევროკავშირი მიიღებს მეტ კონტროლსა და ძალაუფლებას აღმოსავლეთით (თუნდაც, მხოლოდ რუსეთის ჯინაზე), საქართველო კი შეძლებს განვითარდეს და კეთილდღეობა მიიღოს ევროკავშირის უზარმაზარი სავაჭრო სისტემის ხარჯზე“.

ზოგი კი ყურადღებას ისტორიულ კონტექსტზე ამახვილებს და ამბობს, რომ ის, რაც დღეს შეუძლებელი ჩანს, რამდენიმე წელიწადში შეიძლება უკვე მომხდარი ფაქტი იყოს. ერთი წერს: „1980 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პოლონეთი, სლოვაკეთი ან ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანდებოდნენ. 20 წელი გავიდა და ისინი კლუბის წევრები გახდნენ. დღეს სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის, თურქეთის, მოლდოვის ან საქართველოს წევრობას. 20 წელი დიდი დროა. 2040-იანებში შეიძლება ყველა მათგანი ალიანსში ვიხილოთ“.

სხვა გზა უნდა გამოინახოს - ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე

არაერთი კომენტატორი კი ცდილობს, რაღაც სხვა გზა გამონახოს ისე, რომ საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნები ევროკავშირში არ მიიღონ, მაგრამ უარიც არ უთხრან.

„პრინციპში წევრობას ვეთანხმები, თუმცა, ევროპული ორგანიზაციების რაობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გაწევრიანება სხვადასხვა სახით განხორციელდეს. საქართველოს შეუძლია, მაგალითად, ევროზონაში გაწევრიანდეს, ან რამე სხვა, მათთვის მისაღები გზა გამოინახოს“, - წერს ერთი.

მსგავსი მოსაზრება ბევრს აქვს - რომ ჯერ გაწევრიანება ნაადრევია, რადგან ევროკავშირს თავად სჭირდება შიდა სტაბილურობის მიღწევა, მაგრამ, ამასობაში რაიმე გზა უნდა გამოინახოს საქართველოს და სხვა ქვეყნების ალიანსთან კიდევ უფრო დასაახლოებლად. „უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირის რეფორმა, ამასობაში კი საქართველოსთან პარტნიორობა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაღრმაოთ, რომ შემდგომში მათი გაწევრიანება უფრო ადვილად მოხდეს“, წერს ერთი. მეორე ამ აზრს აგრძელებს: „იქნებ ევროკავშირმა შექმნას ახალი ოფიციალური სტატუსი, რომელიც „გარდამავალი ვითარების“ შესაბამისი იქნება. ამ სტატუსის მქონე ქვეყნებს არ ექნებათ სრული წევრობის სარგებლები და შეზღუდვები, მაგრამ შეეძლებათ თავი ოფიციალურად იგრძნონ ევროკავშირის ოჯახის წევრებად, რაც ასევე დროს მისცემს აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, ვიდრე სრულ წევრობას მიაღწევდნენ“.

მსგავსი პოზიცია აქვს კიდევ ერთ კომენტატორს: „მგონია, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს. უნდა შეიქმნას რაღაც „ევროკავშირი პლუსის“ მაგვარი, რომელიც მხოლოდ ვაჭრობაზე იქნება ფოკუსირებული. ამგვარად უკრაინას, საქართველოს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეეძლებათ გაწევრიანება ისე, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს“.

რუსეთის ფაქტორი

რუსული ტანკები და არტილერია - სატელიტის ფოტო
რუსული ტანკები და არტილერია - სატელიტის ფოტო

ევროკავშირის გაფართოებაზე მხოლოდ ალიანსის ინტერესები და მისი წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობა არ ახდენს გავლენას. არაერთი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ახალი წევრების მიღებას სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა აფერხებს. „მთავარი პრობლემა რუსეთია. რუსეთია მთავარი დაბრკოლება საერთაშორისო მშვიდობისა და თანამშრომლობის გზაზე. ის ემუქრება მთელი რიგი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ერთი. მეორე აგრძელებს: „რუსეთი ვერ ეგუება უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში შესვლას და არა მგონია, რომ საქართველოს მისწრაფებებს შეეგუოს“.

თუმცა, კომენტატორებს ძალიან განსხვავებული აზრები აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ალიანსის პასუხი რუსეთის ფაქტორზე.

ერთი მოსაზრების ავტორი წერს, რომ ბელგიაში ცხოვრობს და კარგად იცნობს ევროკავშირის ავ-კარგს. „პირდაპირ ვიტყვი - რუსეთი არ დაუშვებს, რომ საქართველო ან უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ეს შეამცირებს მისი ინტერესის სფეროს და საშუალებას მისცემს მტრებს, რომ მის საზღვრებს მიუახლოვდნენ“. ამ კომენტატორის აზრით, გამოსავალი მარტივია - ევროკავშირმა უნდა აღიაროს რუსეთის გავლენის სფერო და საქართველო და უკრაინა ნეიტრალურ ქვეყნებად მიიჩნიოს. „ეს მისაღები იქნება პუტინისთვის, ევროკავშირი აღარ იქნება აშშ-ის ფინია და, საბოლოოდ, ევროკავშირი დაუახლოვდება რუსეთს და მასთან მჭიდრო კავშირებს დაამყარებს“.

თუმცა, ეს მოსაზრება ბევრისთვის პრინციპულად მიუღებელია. ამ პოზიციას კი ერთი კომენტატორი მარტივად, ორ წინადადებაში აყალიბებს: „რუსეთი ვერ იქნება მიზეზი! თვითგამორკვევა ყველაფერზე მაღლა დგას!“

დროშები, როგორც ჩანს, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

საქართველოს ევროპულ ამბიციებზე ლაპარაკისას ათობით ადამიანი აღნიშნავს, თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ამ ქვეყანაში ყველა ფეხის ნაბიჯზე გამოფენილმა ევროკავშირის დროშამ.

„არსად მინახავს ევროკავშირის იმდენი დროშა, რამდენიც საქართველოში აქვთ. თვით ბრიუსელშიც კი“, - წერს ერთი. „ახლა საქართველოში ვარ, რუსეთის საზღვრიდან 5 მილის მოშორებით. ევროკავშირის დროშა პოლიციის შენობასთანაც კი ფრიალებს. საინტერესოა...“ - წერს მეორე. „საქართველოში 2019 წლის მიწურულს ვიყავი და ძალიან გამაკვირვა, რომ ყველგან ევროკავშირის დროშა ჩანდა იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა (ჯერ) ევროკავშირის წევრი არ არისო“, - პასუხობს მესამე.

ერთი კომენტატორი კი აღნიშნავს, ეგ დროშა ევროპის საბჭოს დროშაა, რომლის წევრი საქართველოც არისო. თუმცა, მას არაერთი ადამიანი პასუხობს - დროშები სწორედ იმიტომაა აღმართული, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის მისწრაფება აჩვენოსო. „დიახაც! ავტორიტარულ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან ბელარუსი და ყაზახეთი, რუსეთის დროშებს კოცნიან და რუს პოლიტიკოსებს ფეხსაცმელებს უპრიალებენო“.

მართლაც, კომენტატორების დიდი ნაწილი მთავარ მნიშვნელობას არც ევროკავშირის ინტერესებს ანიჭებს, არც რუსეთის ფაქტორს და არც რაიმე მსგავსს. მათი პოზიციის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა სწორედ საქართველოში ვიზიტმა მოახდინა. მოსაზრებების კითხვისას (სტატიის დაწერის დროს ვიდეოს ქვემოთ 1500-ზე მეტი კომენტარი იყო დატოვებული) არ შემხვედრია არც ერთი, რომლის ავტორიც იტყოდა - ვიყავი საქართველოში და ეგენი ევროკავშირის წევრობას არ იმსახურებენო. აი, საპირისპირო აზრს კი უამრავი ადამიანი გამოთქვამდა - ვიმოგზაურეთ საქართველოში და დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპას წარმოადგენენ და საერთო ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებენო.

აი, ასეთია ტიპური კომენტარი: „საქართველოში 3 წლის წინ ვიმოგზაურე. ბევრ ახალგაზრდა ქართველს შევხვდი. მგონია, რომ კულტურულად ისინი ევროპის წევრები არიან. ისინი ევროპისგან იზოლირებულნი არიან და თავს რეგიონში მარტოსულად გრძნობენ, მაგრამ ევროპასთან ძლიერ კავშირს გრძნობენ და ეს მათი იდენტობის ნაწილიცაა. თუ სერბეთი და მონტენეგრო იმსახურებენ ევროკავშირის წევრობას, შანსი საქართველოსაც უნდა მივცეთ. ესაა ჩემი, როგორც ჩეხის მოსაზრება“.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG