საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 7 თებერვლის გვიან ღამით მოსკოვში ვიზიტის შემდეგ უნდა ვიკითხოთ: რატომ ხდება, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსები რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის შემდეგ შინ კუდამოძუებულები და მასპინძლის მიერ დამცირებულები ბრუნდებიან?
უნდა მივაწეროთ თუ არა ეს კრემლის დიდ დიპლომატიურ გამოცდილებას, თუ ეს მათი ევროპელი კოლეგების უნიათობის ბრალია?
შეიძლება მიზეზი ამ ორი ფაქტორის კომბინაციაა, თუმცა მინდა, კიდევ ერთი ცვლადი შემოგთავაზოთ - „პოსტპოლიტიკური“ ევროკავშირი და მისი თანდაყოლილი უუნარობა გაუმკლავდეს ანტაგონიზმს, გინდა ალიანსის შიგნიდან და გინდა - გარედან.
რთულია, რომ პარალელები არ დაინახო მაკრონის მოსკოვურ გამოცდილებასა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის, ჟოზეპ ბორელის ლავროვთან შარშანდელ შეხვედრას შორის. მაშინ ხმამაღლა ისმოდა მოწოდებები ესპანელის მისამართით, გადამდგარიყო - ამ მოწოდებებით ევროპარლამენტის არაერთი წევრიც გამოვიდა, რომლებმაც პლენარულ სესიაზე მას ახსნა-განმარტებებიც მოსთხოვეს.
მაკრონი პრესკონფერენციაზე ბორელივით დაბნეული არ ჩანდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ხელმოსაჭიდს ვერაფერს მიაღწია. პუტინის აგრესიულ რიტორიკასა და პროვოკაციულ განცხადებებს მან მხოლოდ იმით უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება და რუსეთის ინტერესების მიმართ სიმპათიაც კი გამოხატა.
ცხადია, საფრთხილოა ბორელისა და მაკრონის შედარება - ერთი ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელი ბიუროკრატია, რომელიც თანამდებობაზე არავის აურჩევია. მეორე კი - ევროკავშირის სიდიდით მეორე და, გეოპოლიტიკურად, ვინძლო ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ძლიერი ლიდერი, რომელსაც თანამოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ მისცა ხმა.
მაგრამ მაინც, თუ გავითვალისწინებთ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი საბჭოს დროებითი თავმჯდომარეცაა - მაკრონი რუსეთში მხოლოდ საფრანგეთს კი არა, ევროკავშირსაც წარმოადგენდა.
და, ბორელისა არ იყოს, მისთვისაც ეს ამოცანა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას თან შესათავაზებელი არაფერი ჩაუტანია, გარდა რამდენიმე საკითხზე დიალოგის გაგრძელებისა. დღეს ევროკავშირს შესათავაზებელი სხვა არაფერი გააჩნია.
ეს კი ბრიუსელის დიდი ხათაბალაა. რასაც არ უნდა წარმოადგენდე, თუნდაც მაკრონივით ძლევამოსილ ფიგურას, გადაწყვეტილებებს მარტო ვერ მიიღებ. შენ ერთ-ერთი ხარ რამდენიმე მოთამაშეს შორის და არც ერთი გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა. ავტორიტარულ ლიდერებს, როგორებიც არიან პუტინი ან თურქეთის რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ეს კარგად ესმით. ეს იციან კლუბის წევრმა ლიდერებმაც, მაგალითად, უნგრეთის ვიქტორ ორბანმა. საფრანგეთი დიპლომატიური მძიმეწონოსანია, მაგრამ მას, როგორც ევროკავშირის წევრს, არ შეუძლია მარტომ დაუწესოს რუსეთს შინაარსიანი სანქციები, როგორიცაა მისი SWIFT-იდან გათიშვა, Nordstream 2-ის გაუქმება ან, თუნდაც, ოლიგარქების ან მათი ოჯახის წევრების შავ სიაში შეყვანა. მას თან ციცქნა ჯოხი და უგემური თაფლაკვერი დააქვს.
ნატოში - კიდევ ერთ ინსტიტუციაში, რომელიც კონსენსუსის გზით იმართება - იგივე სურათია. მართალია, ამ კლუბში აშშ-ს არაპროპორციულად დიდი ძალა აქვს და, გარკვეულწილად, ძალუძს მოკავშირეების თავის ნებაზე დაყოლიება, მაგრამ მან დღემდე ვერ შეძლო უკრაინისა და საქართველოსათვის MAP-ის უზრუნველყოფა ან თუნდაც ყველას დარწმუნება, რომ ლიდერები კიევიდან და თბილისიდან ივნისში მადრიდში გასამართ ნატოს სამიტს დაესწრონ.
ან, თუნდაც ბრიტანეთს შევხედოთ. ბრექსიტმა შეიძლება ქვეყანა გააღარიბა, მაგრამ მან ასევე მოქნილობაც შემატა - კორონავირუსის ვაქცინები ევროკავშირზე სწრაფად მიიღეს, სანქციები თავად შეიმუშავეს და დანერგეს. თუმცა, ცხადია, ერთი ქვეყნის სანქციებს იგივე ძალა ვერ ექნება, რაც 27 სახელმწიფოს ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას.
მოვუბრუნდეთ ევროკავშირს და მის უუნარობას, რაიმე სახის გეოპოლიტიკურობა გამოავლინოს. ერთმა გამოცდილმა დიპლომატმა ასეთი რამ მითხრა: „ეს სპეციალურადაა ასე. ევროკავშირი მშვიდობის ერთი ვეებერთელა პროექტია. ომები მას არ გამოსდის. მაგას საუკუნეების განმავლობაში ვაკეთებდით, ახლა კი უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებით და ლაპარაკით ვხოცავთ ერთმანეთს“.
ამან ევროკავშირის დიდი სამიტები გამახსენა, აქ, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია არა სესია, სადაც ერთ ოთახში თავმოყრილი 27 ქვეყნის ლიდერები კითხულობენ განცხადებებს, არამედ ე.წ. აღსარებები. ეს ძალიან პრივატული მოლაპარაკებებია ერთი ან რამდენიმე პრემიერსა და საბჭოს პრეზიდენტს შორის. ეკლესიური აღსარების მსგავსად, სწორედ აქ არიან ლიდერები ყველაზე გულწრფელნი იმაზე ლაპარაკისას, თუ რა აწუხებთ ყველაზე მეტად თავიანთ სამშობლოში ან სადმე სხვაგან.
დღეისათვის ეკლესიაში ისე ხშირად აღარ დადიან - ყოველ შემთხვევაში, ევროპის დიდ ნაწილში ასეა. თუმცა, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკას შევისწავლიდი, ერთმა პროფესორმა კლუბის უფრო თანამედროვე აღწერა შემომაშველა: ისე შეხედე, თითქოს ფსიქოლოგის დივანი იყოსო!
შედიხარ შენი შფოთებითა და პრობლემებით. ფსიქოთერაპევტიც ვერაფერს გიბრძანებს - უბრალოდ შეკითხვებს გისვამს და შემდეგ ზრდილობიანად მიგითითებს, თუ რა უნდა გააუმჯობესო და როგორ. მაგრამ, ეს პროცესი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ უსმენ და ცვლილება გსურს.
ასე, რომ ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო იმის ქადაგება, თუ როგორ შეძლო საფრანგეთისა და გერმანიის საბოლოოდ შერიგება; როგორ მოიშორეს ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა დიქტატურა და ახლა დემოკრატიის ნავსაყუდელში დგანან; რამდენ სარგებელს იღებენ ალიანსის აღმოსავლელი წევრები ათწლეულობის ტყვეობის შემდეგ. ეს ყველაფერი კი წლობით ნაშენები კომპრომისისა და დიალოგის შედეგია.
ეს ყველაფერი კარგად მუშაობდა, როდესაც ევროკავშირი ეკონომიკურად და პოლიტიკურად წინ მიდიოდა, დღის წესრიგს კი ლიბერალური დემოკრატია განსაზღვრავდა. თუმცა ახლა ისტორია შემობრუნდა და წინა პლანზე „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“-ს სტილის გეოპოლიტიკა წამოვიდა - პუტინის რუსეთისა და ჩინეთის მეთაურობით. ამაზე პასუხი კი რთული გასაცემია, როდესაც ალიანსს დღესაც მართავს რაციონალური დიალოგისა და კომპრომისის პოლიტიკური კულტურა. და ეს შეეხება ისეთ მჭევრმეტყველ და ენერგიულ ფრანგსაც, რომლის პოლიტიკურმა აღზევებამაც ერთ დროს ზოგს პარალელები გაავლებინა რომაელების ღმერთ იუპიტერთან.