Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისია - აქვს თუ არა ოპოზიციას 50 ხმა


2021 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.
2021 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებული კადრები ადასტურებს, რომ „ციხის საავადმყოფოში“ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე, ძალის გამოყენებით მოხდა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი აქვს, რომ თებერვლის ბოლოს პარლამენტში „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი  შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნა მოხერხდება.

როგორც პარლამენტში ახლახან დაბრუნებულ ენმ-ის ფრაქციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საკითხის გატანა „ქართული ოცნების“ უარის შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა, საპარლამენტო არითმეტიკა ასე ცალსახად არ გამოიყურება და თუკი 3 დეპუტატს, როგორც დაგეგმილია, მანდატები გაუუქმდებათ, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება საჭირო 50 ხმის შეგროვება.

„ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი“, - ასე პასუხობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კითხვას კომისიის შექმნაზე. ცალკეული დეპუტატების გამონათქვამებით, თითქოს მხარდაჭერაც არ გამოირიცხებოდა, მაგრამ უმრავლესობის ერთიანი პოზიცია მაინც იმაზე მიანიშნებს, რომ, დიდი ალბათობით, კონკრეტულად და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კომისიის შექმნას „ოცნება“ არ დაუჭერს მხარს.

კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე უკვე უარი თქვეს „მოქალაქეებმა“, პარტიამ „საქართველოსთვის“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ, თუ შეიქმნება, კომისიაში მაინც იმუშაოს „ევროპელი სოციალისტების“ წარმომომადგენელმა.

რა მიზანი ექნება კომისიას (თუკი შეიქმნა)?

ენმ-ის მიერ 31 იანვარს ინიცირებული დადგენილების პროექტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს წარმოადგენს:

  • მიხეილ სააკაშვილის მიმართ „2021 წლის 1 ოქტომბრიდან [დაკავების დღე] დღემდე სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობის, შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა“;
  • „მის [მიხეილ სააკაშვილის] მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.

კომისიის მიერ გამოსაკვლევ საკითხთა ნუსხაშია, მაგალითად:

  • მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის „მიზნობრიობა და კანონიერება“ ჯერ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, ხოლო შემდეგ - გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან (გორი) ისევ რუსთავის ციხეში.
  • ამ პროცესში სავარაუდო დამნაშავე პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება.
  • ფაქტების გამოკვლევა, დადგენა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.

„ვფიქრობ, ჩვენი შიდა და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, ყველამ ნახა ძალადობის ამსახველი კადრები და იყო სხვა მრავალი პროცესი, მათ შორის - გორის ჰოსპიტალში ჩანაწერების წაშლა და სხვა.

კომისიის მიზანია ზუსტი ინფორმაციის შესწავლა და მტკიცებულებების შეგროვება. მას ექნება მეტი წვდომა მასალებზე და ფაქტები შესწავლილი იქნება არა ჟურნალისტებისა თუ ადვოკატების მიერ გამოტანილი ინფორმაციის საფუძველზე, რასაც უნდა მოჰყვეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი.

მისი შეფასებით, საგამოძიებო კომისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებითაც, რომ „ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური [„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო გადაწყვეტილებით] 1 მარტიდან უქმდება და დამოუკიდებელი არბიტრი აღარ რჩება ამ ქვეყანაში“.

კომისიის მუშაობის შედეგები, როგორც ამბობენ, გამოადგებათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსაც. ადვოკატი შოთა თუთბერიძე კომისიის მეშვეობით იმ მასალების გამოაშკარავებას და შესწავლას ელოდება, რომლებზე წვდომაც მათთვის სრულად თავისუფალი არ არის.

„მასალებს არ გვაძლევენ, რადგან მიხეილ სააკაშვილს არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. შეგვიძლია მხოლოდ ადგილზე გაცნობა, მაგრამ შეუძლიათ, რომ ამაზეც ნებისმიერ დროს გვითხრან უარი. გვანახეს [მანამდე გასაჯაროებულზე უფრო ვრცელი] ვიდეოჩანაწერები, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს საშუალება, რომ გამოვიტანოთ და სტრასბურგში წავიღოთ ეს კადრები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა პირადად ნახონ ეს კადრები და ყველამ იცოდეს, რაშია საქმე... ჩანაწერის ნაწილი [6 წუთზე მეტი] წაშლილია და დასადგენია ეს საკითხიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა თუთბერიძე.

თუთბერიძეს ეეჭვება, რომ 1 მარტამდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დასრულების შემთხვევაშიც კი, პროცესს გაგრძელება მოჰყვეს და სავარაუდო დამნაშავე თანამდებობის პირების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ადვოკატი ფიქრობს, რომ საპარლამენტო კომისიის მიერ ყველა მასალის შესწავლის შედეგად, შესაძლოა პროკურატურა იძულებული გახდეს, ადეკვატურად იმოქმედოს.

ენმ-ის პროექტით, საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში 11-კაციანი შემადგენლობით უნდა იმუშაოს.

კანონის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია არ უნდა იყოს ნახევარზე ნაკლები. ასევე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს ან კომისიის თავმჯდომარე, ან კომისიის მდივანი.

ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმას ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ გარეშე, დამოუკიდებლადაც შეაგროვებს. თუმცა, მისი ვარაუდით, „ოცნება“ კომისიაში მის მიმართ ლოიალური ოპოზიციონერი დეპუტატების შეყვანას შეეცდება.

ვინ (არ) არის მომხრე?

უკვე ცნობილია, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ პარტიების - „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები - სულ 12 დეპუტატი.

როგორც „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ყოფილი პრეზიდენტი არაფრით არის გამორჩეული და თუკი ციხეებში არასათანადო მოპყრობის საკითხის შესწავლა მხოლოდ სააკაშვილს შეეხება, „ეს დისკრიმინაცია იქნება“ სხვა პატიმრებთან მიმართებით.

ზილფიმიანი პარლამენტს ბოლო 20 წლის ფაქტების შესწავლას სთავაზობს.

„უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ყველას მოიცავს, იქნება ეს პრეზიდენტი, მეცნიერი, კომპოზიტორი თუ მარტენის ღუმელის მუშა... დაყოფა არ შეიძლება. ყველა ტუსაღი თანაბარია. უნდა ავიღოთ 20 წელი და ყველა საქმე... ბევრი არ იქნება, რადგან აქ არ შევა საქმეები, რომლებიც უკვე გამოძიებულია და პროკურატურაც გაიარა. ალია-ბალია, იქნება 50 საქმე“, - ამბობს ზილფიმიანი.

მისთვის მიუღებელია ენმ-ის მიერ გაჟღერებული შეთავაზება, რომ ცალკე კომისია სხვა საქმეების შესასწავლადაც შეიქმნას. „ამაზე ვერ წავყვებით“, - ასეთია მისი პასუხი. თუმცა იმასაც გვეუბნება, რომ თუკი კომისია მაინც შეიქმნება და შესთავაზებენ, მუშაობაზე უარს არ იტყვის.

ზილფიმიანი ასევე გვეუბნება, რომ, მისი ცოდნით, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ 90%-ით არ დაუჭერს მხარს.

4 იანვარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირადად ის წინააღმდეგი არ იქნებოდა, შეიქმნას ასეთი კომისია, რათა დადგინდეს, რომ „არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 2 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჯერ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი“, მაგრამ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ოპოზიცია მუდმივად სპეკულაციებს მიმართავდა და, მისი თქმით, ახლა ენმ-ს სურს, რომ კომისიაც „პოლიტიკური, პროპაგანდისტული და პიარმიზნებისთვის იქნას გამოყენებული“.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენ მაშინ ვუჭერთ მხარს, როდესაც მართლა ობიექტურობაა დასამტკიცებელი და გამოსაკვლევი და არა იმ შემთხვევაში, როდესაც დაუსრულებელი სპეკულაციების გაგრძელება უნდათ“, - ამბობს ქადაგიშვილი.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით კი, ოპოზიციას კომისიაში „მარტივი გასეირნება“ არ ექნება, რადგან თუკი ოპოზიცია კომისიის შექმნას შეძლებს, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენად.

ეყოფათ ხმები „ოცნების“ გარეშე?

50 მხარდამჭერის შეგროვების იმედები, როგორც ლევან ბეჟაშვილმა გვითხრა, ენმ-ის გარდა, „ლელოზე“, „რეფორმების ჯგუფზე“, „გირჩსა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილზე მყარდება. „დაპირებები გვაქვს“, - ამბობს ის.

თუმცა არითმეტიკა შემდეგნაირია:

  • ამჟამად პარლამენტში 147 დეპუტატია, აქედან 83 – „ქართული ოცნების“ უმრავლესობის, ხოლო 64 - საპარლამენტო ოპოზიციის;
  • 64 ოპოზიციონერი დეპუტატიდან ამ ეტაპზე უარი აქვს ნათქვამი 12-ს და, შესაბამისად, კომისიის შესაძლო მხარდამჭერთა ბანაკში მაქსიმუმ 52 დეპუტატი რჩება;
  • ამ 52 დეპუტატში 30 ენმ-ის ფრაქციიდან არის;
  • 52-ს შესაძლოა გამოაკლდეს 3 დეპუტატი, რომლებსაც უფლებამოსილების შეწყვეტა ემუქრებათ. აქედან ერთი [ელენე ხოშტარია] პარლამენტში შესვლას ისედაც არ გეგმავს.

თუკი 3 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხი გადაწყდება, ენმ-ისა და მისი მხარდამჭერების რიცხვი მაქსიმუმ 49 გამოვა, რაც არ იქნება საკმარისი კომისიის საკითხის გასატანად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG