სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითად გაუქმდა პენიტენციური სამსახურისთვის გამოწერილი ჯარიმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო. ინსპექტორის აპარატი ამ გადაწყვეტილებას "საშიშ პრეცედენტად" მიიჩნევს, რომელიც უარყოფითაც აისახება სხვა პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე და გავლენას მოახდენს საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტზე.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მიიჩნევს, რომ მათი გადაწყვეტილება, როგორც პენიტენციური სამსახურის, ასევე იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმებისას მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებისას იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ადგილობრივ კანონმდებლობას და აპირებს გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2021 წლის მიწურულს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, 1 მარტიდან უქმდება, უწყება იმედს იტოვებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაჩქარებულ ვადებში ჩაბარდებათ და მოესწრება მისი გასაჩივრება და განხილვა სააპელაციო სასამართლოში.
დღეს, 17 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა.
აღნიშნულს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის. უწყებებს ინსპექტორმა დააკისრა ჯარიმა და ვალდებულება, წაეშალათ ოფიციალურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსხურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გაასაჩივა ისე, რომ არ წაუშლია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერი და ფოტომასალა.