რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, გოგა აფციაურის შესახებ ისაუბრა. მან ვრცლად მიმოიხილა ევრონიუსის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც რუსულ აგრესიასა და ამის ერთ-ერთ კომპონენტზე, ბორდერიზაციაზე იყო მომზადებული. გოგა აფციაური ამ სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი იყო და საუბრობდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების გასაჭირზე.
"ზის და უყურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი ამ სიუჟეტს. იწერს ჩემ ციტატებს და გამოაქვს ბრიფინგზე, სადაც უკრაინაა მთავარი თემა. რეპორტაჟი მთელ ევროპაზე გავიდა და როგორც ჩანს ეს არ მოეწონა ყველაზე მეტად. განიხილავს რეპორტაჟს ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში. მთელი მსოფლიო ცდილობს, ამათ უკრაინაში შეჭრა გადააფიქრებინოს, ეს კი რეპორტაჟს განიხილავს. დიახ, მედიას აქვს ძალა და სიმართლეა ყველაზე დიდი ძალა - ტანკებზე და ბომბებზე დიდი ძალა. სიმართლე კი ისაა, რომ გვღობავენ და ეს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს მსოფლიოში" - ასე გამოეხმაურა სერგეი ლავროვს გოგა აფციაური ფეისბუქის პირად გვერდზე.
სერგეი ლავროვმა თითქმის სიტყვა-სიტყვით განიხილა სიუჟეტში გოგა აფციაურის მიერ ნათქვამი ფრაზები.
"ვუყურე სიუჟეტს სოფელ დვანზე. ჟურნალისტი გოგა აჩვენებს, როგორ მუშაობს წლებია კონფლიქტის ზონის სოფლებში. სპეციალურად ამოვწერე, რას ამბობს. ის ყვება, რომ 14 წელი გავიდა ომის შემდეგ, რომელმაც ხალხს აიძულა იცხოვრონ რთულ პირობებში, ისინი ყოველდღიურად კარგავენ მიწებს, რუსი ჯარისკაცები კი იჭერენ ადამიანებს და ასე შემდეგ" - თქვა სერგეი ლავროვმა. ის უკმაყოფილოა იმით, რომ სეპარატიზმზე საუბრისას წამყვანმა არ თქვა "სიმართლე" იმის შესახებ, "როგორ შოვინისტურად ექცეოდა ზვიად გამსახურდია აფხაზებს და საერთოდ თვლიდა ადამიანებად ოსებს".