Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რა არ მოგეწონათ? ფორმა? შინაარსი?” - იოსებ ჭუმბურიძე [+18]


იოსებ ჭუმბურიძემ, კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეშფოთებული პოსტი მიუძღვნა მწერალ თამთა მელაშვილის ბოლო რომანს "შაშვი, შაშვი, მაყვალი". პოსტი ზოგმა ცენზურის მცდელობად მიიჩნია, ზოგმა არაპროფესიონალიზმად, ზოგმაც ცუდად შესრულებულ დავალებად.

*სტატია განკუთვნილია სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის. შეიცავს ფრაგმენტს ლიტერატურული ნაწარმოებიდან არანორმატიული ლექსიკით.

„წიგნს საგანგებოდ ვმალავ. არ მინდა, ოჯახში სხვამაც წაიკითხოს. მე ვალდებული ვარ”, - წერს აღშფოთებული იოსებ ჭუმბურიძე ფეისბუკის გვერდზე და მწერალს, გვარისა და წიგნის სათაურის ხსენების გარეშე, არცხვენს იმის გამო, რომ მისი ბოლოს გამოქვეყნებული რომანის „ერთ გვერდზე სამჯერ არის ნახსენები ქალის სარცხვინელი, ყველაზე უფრო ტაბუდადებული სახელით, რომლის საჯაროდ წარმოთქმას, მით უფრო დაწერას, მამაკაცებიც კი ერიდებიან. რა თქმა უნდა, თუ ოჯახში გაზრდილები არიან”.

იოსებ ჭუმბურიძე კულტურის სამინისტროს თანამშრომელია, შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტში მუშაობს. ის ლიტერატურული პრემია „ლიტერას” ჟიურის წევრად წარადგინა სამინისტრომ 2021 წლის ზაფხულში - ამის გამო პრემია „ლიტერა” ასზე მეტმა მწერალმა და ჟიურის ყველა დანარჩენმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ლიტერატურის სფერომ სამინისტროს მიერ ჟიურიში „თავისი კაცის” ჩასმა საბჭოთა „ოდეერების” დაბრუნების მცდელობად მიიჩნია. კონკურსი 2021 წელს ჩაიშალა და სიცოცხლეს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ძალისხმევით აგრძელებს, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე.

„ასე იწყება ხოლმე ცენზურა, კონკრეტული სიტყვების მონიტორინგით და შემდეგ უკვე შინაარსის მონიტორინგზეც გადავლენ. ვინაიდან მწერლები მოუხერხებლად საურთიერთობო ხალხი აღმოჩნდა მინისტრისთვის, რბილად რომ ვთქვათ, ესაა ამ მოუხერხებელი ხალხის მარგინალიზაციის განწირული მცდელობა“, - ასე აფასებს პაატა შამუგია იოსებ ჭუმბურიძის სტატუსს. ის თავადაც არაერთხელ გამხდარა თავისი ლექსების გამო კრიტიკის სამიზნე და თვლის, რომ ამგვარი თავდასხმები მწერლებსა და პოეტებს ვერაფერს აკლებს და მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

წიგნი, რომელსაც სამინისტროს თანამშრომელი არ ახსენებს, თამთა მელაშვილის მესამე რომანია: „შაშვი, შაშვი, მაყვალი“.

თამთა მელაშვილის ამ რომანმა, რომელიც წლის ერთ-ერთი ბესტსელერია საქართველოში, 2021 წელს „საბა” აიღო. წიგნის გმირი შუახნის მარტოხელა ქალია, ეთერო, რომელიც ერთ-ერთ პროვინციულ პატარა ქალაქში ცხოვრობს, ჰიგიენის ნივთების მაღაზია აქვს და დაოჯახებული დისტრიბუტორი შეუყვარდება. წიგნშია სექსის სცენა და ეთეროს ფიქრები სექსზე, სხეულებზე, სიყვარულსა და მარტოობაზე.

„აგე, მეხიც გავარდა და აღარც იმ მეხის მეშინია, წვიმაც ჩამოიქცა სახურავზე, ესეც სადღაც შორიდან მესმის, გულში მყავს ჩაკრული და მისი დიდი ხელები ზურგს მიფარავს და ისე ცხელი აქ ეს ხელები და მეც ისე ვცხელდები ფეხებს შორის, ცოტაც და, მარტო მ###ლს* ვიგრძნობ, გულსაც კი აღარ. მის კისერში უფრო მისი სუნია, იღლიებში აქ ის ჯოჯო შესხმული, კევის და სიგარეტის სუნიც თითქოს გაქრა და აგე, ვგრძნობ, როგორ მოიწევს ტუჩებით, აღარ არი დაბნეული და მის ვეღარ ამოვისუნთქო, ლამის ბოლომდე დავექცე ხორკლიან ენას. არც იმას ვფიქრობ, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, სუ ბინდბუნდში ვარ, თან ვხედავ და თან ვერცა ვხედავ, თან მახსოვს და თან არც მახსოვს, ვი ვარ, რა ვარ, სად ვარ და ეგეც დროს აღარ კარგავს, კაბას მიწევს მარჯვენა ხელით, მე კიდე თითქოს ზეპირად ვიცოდე ამის ტანი და ყოველდღე აეს მეკეთებინოს, მაიკას ვაცლი თავიდან, სუ წამებში, ისე ოსტატურად. მე რა, ტანი მეუბნება, ასე გავაკეთო, ახლა ტანი ვარ მარტო, აღარ ტანი ვარ, მარტო მ###ლი და აწეული კაბიდან ძუძუებს მისრესს, ლიფიც გაუხსნია, და ამ დროს არი ორივეს ერთად რაღაც ღმუილი ამოგვდის პირიდან”. ფრაგმენტი წიგნიდან „შაშვი, შაშვი, მაყვალი”
* სიტყვა მუტელი, როგორც სარცხვინელის სინონიმი გვხვდება სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში


„მე თუ მკითხავ, უფრო მაგიტომ კითხულობენ ამ წიგნს, სექსის სცენის გამო. არ არის ქართული ლიტერატურა ასეთი ექსპლიციტური სექსის სცენებით მდიდარი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ მოსწონს, ბევრს უხერხულობა ექმნება, ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ეს წიგნი ასეთი კითხვადია, ეს სცენაა.

როგორც მწერლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასაწერი ადგილი იყო და მგონია, რომ კარგად გამომივიდა. მაქვს პრეტენზია, რომ თუ სადმე შედგება ქართულ ლიტერატურაში საუკეთესო სექსის სცენების ხუთეული, პირველზე თუ არა, მეორე ადგილზე მაინც იყოს ეს სცენა. მართლა მაქვს ამის პრეტენზია”, - ამბობს თამთა მელაშვილი.

თანამედროვე ქართველების კიდევ რომელმა წიგნმა აღგაშფოთათ ან გაგაკვირვათ ასე? - ვკითხეთ სოსო ჭუმბურიძეს. ლაშა ბუღაძის მოთხრობა თამარ მეფეზე და ზაზა ბურჭულაძე. ეს ორი ავტორი დაასახელა კულტურის მინისტროს თანამშრომელმა. ბურჭულაძის რომელ წიგნს გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია.

„ალბათ არც მაგდა კალანდაძის და ირმა ტაველიძის რომანები მოეწონებოდა, რომ წაეკითხა, არც ეკა ქევანიშვილის ლექსები.

როგორც ჩანს, არ კითხულობს თანამედროვე ლიტერატურას და მათ შორის არც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ტექსტმა შეუქმნა უხერხულობა. ეს უხერხულობა მერე გადადის ხოლმე ბრაზში, აგრესიაში. ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, პაატა შამუგია დიდი ხანია ჰყავთ ასეთ ადამიანებს შავ სიაში, ახლა, როგორც ჩანს, ქალების შავი სიაც გაჩნდა და პირველი მე შევედი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მელაშვილმა. ის ერთი ადამიანის, თუნდაც სამინისტროს თანამშრომლის ამ საჯარო სტატუსს ცენზურის მცდელობად არ აღიქვამს.

„ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცეებს სახელებს არ ვარქმევთ, უამრავი ადამიანის, ცოლ-ქმრების, შეყვარებულების ურთიერთობები და ცხოვრება დამახინჯებულა. წიგნი შეიძლება ყველამ არ წაიკითხოს, მაგრამ ადამიანმა თავისი საკუთარი სხეულის შეცნობა უნდა შეძლოს. სიხარულს და ბედნიერებას, რომელიც გვეკუთვნის ოდითგანვე, ჩვენ თვითონვე ვდევნით ამ უცოდინრობის გამო. მგონია, რომ ძალიანაც კავშირია ერთმანეთთან სხეულის შეუცნებლობა და თუნდაც წიგნების წაკითხვის არცოდნაც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მწერალი, ნესტან ნენე კვინიკაძე. ის იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს, როცა კინოცენტრის ჟიურიმ რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძის კონკურსზე წარდგენილ სცენარში უცენზურო სიტყვები და გამონათქვამები დაითვალა და მათი სიჭარბის გამო უარი თქვა მის დაფინანსებაზე.

„შეიძლება ახლა ბევრს აღარ ახსოვდეს, მაგრამ მაშინ ამის გამო დავაარსეთ "ვაკის პარკის მოძრაობა" და გავერთიანდით იმიტომაც, რომ საკუთარი თავი გადაგვეზღვია სამომავლოდ.

ჩვენი გამოხმაურებები ამ და სხვა ამგვარ სტატუსებზე შეიძლება ქვეცნობიერი, ან ძალიანაც კარგად გაცნობიერებული შიშებით არის ნაკარნახევი. ცალკეულ ამბებად ვეღარაფერს ვერ განვიხილავთ, ყველაფერს კონტექსტში ვუყურებთ. როცა ცოტა ხნის წინ იყო მითითება შეცდომაზე დარიანის წიგნში, მანამდე უარგუმენტოდ გაათავისუფლეს მუზეუმიდან ადამიანები და ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი რაღაც ჭრილობებს გვიხსნის და შიშებს აღვიძებს”, - გვითხრა ნესტან ნენე კვინიკაძემ, მწერალმა, რომელიც თვლის, რომ ამ შემთხვევაში იოსებ ჭუმბურიძის სამუშაო ადგილს აქვს მნიშვნელობა მისი განცხადების შეფასებისას.

ვაკის პარკის კინომოძრაობა ახალი ქართული კინოსთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:13:01 0:00

იოსებ ჭუმბურიძე რადიო თავისუფლებას პასუხს არ სცემს, რა არის კულტურის სამინისტროში, შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტში მისი მოვალეობა და ამბობს, რომ არ არის ვალდებული, უპასუხოს ჟურნალისტის ამგვარ კითხვებს.

„რა არ მოგეწონათ? ფორმა? შინაარსი? მე ვარ პიროვნება, თავისუფალი ადამიანი, რომელსაც მაქვს უფლება, გამოვთქვა საკუთარი აზრი. რა შუაშია სამინისტრო? რაკი სამინისტროში ვმუშაობ, მეკრძალება საკუთარი აზრის გამოთქმა?” - ასე უპასუხა იოსებ ჭუმბურიძემ კითხვას, ავალდებულებს თუ არა მას თანამდებობა, იკითხოს თანამედროვე ავტორები და შეაფასოს მათი ნამუშევრები. იოსებ ჭუმბურიძე გვიხსნის, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურით ინტერესდება არა როგორც სამინისტროს თანამშრომელი, არამედ როგორც მოქალაქე, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი. მოხელის სტატუსი კი ხელს არ უშლის, გამოთქვას თავისი აზრი საჯაროდ ნებისმიერ საკითხზე, რაზეც საჭიროდ ჩათვლის.

„ადამიანი, რომელიც ლიტერატორს უწოდებს თავს, არ შეიძლება შოკირებული იყოს იმით, რომ არანორმატიული ლექსიკა ჩანს ტექსტში. მე ვფიქრობ, ასეთ ადამიანს ლიტერატურასთან არაფერი ესაქმება და რაც მალე დაკავდება სხვა საქმიანობით, მით უკეთესი მისთვის. სინამდვილეში ჩვენ არც ისე გულუბრყვილოები ვართ, გვეგონოს, რომ ჭუმბურიძეს გაუკვირდა და ჭუმბურიძე დაიშოკა. ეს არის დემონსტრირება იმის, რომ "ჩვენ, მორალური ადამიანები ვდგავართ აქეთ, კულტურის მინისტრის გვერდით და იქით, ვიღაც ამორალური ახალგაზრდები ქვეყნის გარყვნას ცდილობენ". ასეთი ვირეშმაკობაა და ვირეშმაკობად დარჩებოდა, რომ არა მისი ოფიციალური თანამდებობა. ის მუშაობს კულტურის სამინისტროში და, როგორც მითხრეს, ყოველდღე ხოტბას ასხამს საკუთარ მინისტრს”, - ამბობს პოეტი პაატა შამუგია.

„თავდასხმის ფორმა ზოგადად არ მომწონს, ბევრი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, ვისი აზრებიც არ მოგვწონს, ვისაც არ ვეთანხმებით, ბევრ სისულელეს ამბობს და არ მგონია, რომ ყველას თავს უნდა დავესხათ. მეორე მხრივ, საჭიროდ მივიჩნევ ამ თემაზე ლაპარაკს იმ მკითხველისთვის, ვისაც კითხვები აქვს ამ ამბებთან დაკავშირებით, როგორ, რატომ ან რა დოზით შეიძლება იყოს უცენზურო სიტყვები მხატვრულ ტექსტებში. მე მომეწონებოდა, ამაზე პასუხი უფრო ღირსეული იყოს. ის ხომ ზედაპირულობა იყო, რაც ეწერა და ცოტა ბოროტებანარევიც. იგივე პასუხი არ უნდა გავცეთ”, - ამბობს ნენე კვინიკაძე. ნენე თვლის, რომ არანორმატიული ლექსიკის ლიტერატურულ ნაწარმოებებში ნახვა გაკვირვებას ან ბრაზს იმ სტერეოტიპის გამოც იწვევს, რომლის მიხედვით მწერალი ბრძენად, ერის წინამძღოლად მიიჩნევა, და იმიტომაც, რომ ცუდად ვიცნობთ ჩვენს ლიტერატურას, რომლისთვისაც უცხო არც ეროტიკული სცენებია და არც სკაბრეზული გამონათქვამები.

შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტი კულტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა და, სამინისტროს წესდების მიხედვით, 13 ამოცანა აქვს. მათ შორის, სახელოვნებო განათლების პოლიტიკის, კულტურის პოლიტიკის შესაბამისი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება-განხორციელება. ასევე, სამინისტროს სისტემაში და მის მიღმა მოღვაწე ხელოვანთა ხელშეწყობა, მათ წინაშე მდგარი გამოწვევების სისტემატური ინვენტარიზაცია და მათი გადაჭრა ინდივიდუალური და სისტემური ანალიზის შედეგად;

ეს დეპარტამენტია ასევე პასუხისმგებელი იმაზე, რომ:

  • კერძო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშესაწყობად შემუშავდეს პროექტები და საგრანტო კონკურსები.
  • სახელმწიფო მხარდაჭერა ჰქონდეთ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს და ახალგაზრდა შემოქმედებს.
  • კულტურის სფეროში გამოიძებნოს ალტერნატიული დაფინანსების გზები.
  • შეგროვდეს მონაცემები, დაიგეგმოს კვლევები და გაანალიზდეს არსებული ვითარება დეპარტამენტის მიკუთვნებულ სფეროებში, ანუ კინოში, მუსიკაში, ლიტერატურაში, თეატრში, სახვით ხელოვნებაში, ქორეოგრაფიასა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში.
  • ორგანიზებული იყოს კულტურის სფეროში მოღვაწეებისთვის სოციალური დახმარების გაცემა და მიმდინარეობდეს ამ პროცესის მონიტორინგი.
  • გაიმართოს კულტურის სფეროში მოღვაწე პირების იუბილეები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
  • კულტურის სფეროს მოღვაწეები იღებდნენ სახელმწიფო ჯილდოებს და საპატიო წოდებებს - სამსახურს ევალება კონკრეტული პირების წარდგენის ინიცირებაც.

ფეისბუკზე, მწერლებმა და ლიტერატურის მოყვარულებმა კულტურის სამინისტროს თანამშრომლის აღელვების კვალდაკვალ შექმნეს სია წიგნების, რომლებიც კიდევ უფრო გააბრაზებს მათ, ვინც თამთა მელაშვილის წიგნმა და ლექსიკამ გააბრაზა. აი, რამდენიმე რეკომენდებული წიგნი სახელდახელოდ შედგენილი სიიდან:

  • დათო ბარბაქაძე - ტროფობა წამებულთა
  • დავით გურამიშვილი - ქაცვია მწყემსი
  • ელფრიდე იელინეკი - საყვარლები
  • მარიო ვარგას ლიოსა - ვაცის ნადიმი
  • მარკიზ დე სადი - ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი
  • ჰენრი მილერი - კირჩხიბის ტროპიკი
  • ჯოვანი ბოკაჩო - დეკამერონი

XS
SM
MD
LG