Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას სთხოვენ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს და სააგენტოს?


აფხაზეთიდან დევნილი ია სალია 29 წელია თბილისში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ ცხოვრობს. იმ შენობაში, სადაც ორი კვირის წინ, 52 წლის დევნილმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - თვითმხილველთა თქმით, კაცი შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა.

ია სალია, ყოფილ სანატორიუმში მცხოვრებ სხვა ოჯახებთან ერთად, წლების განმავლობაში ითხოვდა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, რადგან ავარიულ შენობას ჯერ კიდევ 6 წლის წინ, 2015 წელს მიენიჭა „საცხოვრებლად უვარგისის“ სტატუსი. შენობა დღითიდღე სულ უფრო საშიში ხდება საცხოვრებლად.

უკანასკნელ სამ კვირაში გამართული არაერთი საპროტესტო აქციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ია სალიას და მასთან ერთად კიდევ რვა ოჯახს, დევნილთა სააგენტომ 27 იანვარს ბინები გადასცა. ბინები დევნილებმა ფონიჭალაში, ახალაშენებულ კორპუსში მიიღეს. ია ქმარ-შვილთან ერთად ახალ სახლში მალე გადავა.

მიუხედავად იმისა, რომ იას დღეს უკვე საკუთარი ბინა აქვს, ის კვლავ სანატორიუმში დარჩენილი დევნილების გვერდით დგას და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, მანამდე იდგება მათთან ერთად, სანამ უკანასკნელი დევნილი არ დატოვებს „ქართლის“ შენობას.

ია სალია 28 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს სანატორიუმში მცხოვრები დევნილების პრობლემები, წინადადებები და მოთხოვნები:

„გუშინ სახლის სანახავად რომ მივედი, მართლა დიდი სიხარული იყო. ამდენი წლის შემდეგ, საკუთარი ჭერი გვექნება თავზე, მაგრამ მიუხედავად ამ სიხარულისა, არ ვიცი, სიტყვებით გადმოცემა მიჭირს, საშინელი დანაკლისის შეგრძნება მქონდა, რომ კი, აი, მე მაქვს ახალი სახლი, მაგრამ სხვები? იქ ვინც დარჩნენ? ამიტომ, მე ისევ ჩემი მეზობლების გვერდით ვიდგები. დავესწრები ყველა შეხვედრას, რაც კი გაიმართება. ვნახოთ, დაპირებები არის და იმედია, „ქართლის“ შენობას უკანასკნელი დევნილიც მალე დატოვებს“, - გვეუბნება ია სალია.

ჯანდაცვის სამინისტროში, 28 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმისათვის, რათა პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, სამუშაო შეხვედრები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

ილია ღუდუშაური, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პირობას დებს, რომ წლის ბოლომდე ყოფილი სანატორიუმის შენობას ყველა ოჯახი დატოვებს:

„ბინებით დაკმაყოფილების პროცესი დაწყებულია. რამდენიმე ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა. ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. და როგორც მათ მივეცით პირობა, წლის ბოლომდე, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შეთავაზება მათი ქირით დაკმაყოფილებაზე, სანამ არ გადაეცემათ სახლები, კვლავ ძალაშია და ვთხოვ მათ, რომ ისარგებლონ ამ შეთავაზებით“.

დევნილთა სააგენტო სანატორიუმის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს განსახლების ორ გზას სთავაზობს: პირველი, დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომლის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში. გარდა ამისა, დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში, სააგენტო მათ ქირის თანხით, 300 ლარის ოდენობით უზრუნველყოფას სთავაზობს.

28 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა სანატორიუმში მცხოვრები დევნილი თამარ საუთიევაც. ის რადიო თავისუფლებას უყვება იმ დეტალების შესახებ, რაც მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს.

პირველ რიგში ამბობს, რომ ბინების დროებით დაქირავებას დევნილები არ თანხმდებიან, რადგან შიშობენ, რომ მთავრობა ბინის ქირას მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიხდის. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროში, 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, დევნილებმა სამინისტროსა და სააგენტოს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს:

თამარ საუთიევა
თამარ საუთიევა

„სამინისტრო გვეუბნება, რომ ქირისთვის გადაგვიხდის 300 ლარს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ქირით გასვლა არ არის მისაღები. გამგეობასაც ჰქონდა შემოთავაზება, რომ ქირის თანხის ნაწილს ისინი დაფარავენ. ანუ, 300 ლარს გადაიხდიდა სააგენტო, დანარჩენს გამგეობა. როგორც სიტყვიერად გვითხრეს, ჯამში 500 ლარს. დღეს ჩვენ შეხვედრაზე ვთქვით, რომ ქირით გასვლას არ ვაპირებთ და ბინის შესაძენად გამოყოფილ 550 დოლარს, დაემატოს ქირის თანხა, 100 დოლარი და ჯამში, ნაცვლად კვადრატული მეტრისთვის განსაზღვრული 550 დოლარისა, გამოგვიყონ 650 დოლარი. გვითხრეს, რომ მოიკვლევენ სამართლებრივად რამდენად გამართული შეიძლება იყოს, რომ ქირისთვის განკუთვნილი თანხა დაემატოს ბინის შესაძენ თანხას და დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხზე ორი კვირის შემდეგ დაგეგმილ შეხვედრაზე მოგვაწვდიან ინფორმაციას“, - ამბობს თამარ საუთიევა.

თამარის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყოფილ სანატორიუმში მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან და დევნილთა სააგენტოსგან მოისმინონ კონკრეტული გეგმა, თუ რა ვადებში და რა ეტაპებით დაკმაყოფილდებიან დევნილები ბინებით. 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მათ ეს პასუხი ვერ მოისმინეს. თამარი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფოსგან დიღმისა და ვარკეთილის ტერიტორიაზე მათ უკვე გადაეცათ მიწები, სადაც დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმება:

„როგორც მათ გვითხრეს, ამ ეტაპზე ჰყავთ ერთი მენაშენე, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, ჯერჯერობით, ხელშეკრულება გაფორმებული არ არის და მხოლოდ ამ ხელშეკრულების შემდგომ დაიწყება მშენებლობა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე. თავად ირწმუნებიან, რომ მშენებლობის პროცესი არ გასტანს ერთ წელზე დიდხანს“.

შეხვედრაზე მისული დევნილები, ცხადია, დაინტერესდნენ, იმ ცხრა ოჯახის გარდა, რომლებსაც 27 იანვარს გადაეცათ ბინები, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენი ოჯახს გადაეცემა ბინები:

„გვითხრეს, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მათ ბალანსზე არ არის არცერთი ბინა, მაგრამ როგორც თქვეს, თებერვლის ბოლოსთვის შესაძლოა წარმატებით დასრულდეს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან და შესაძლოა, რამდენიმე ოჯახს თებერვლის ბოლოს გადაეცეს ბინები“.

ვის და რა კრიტერიუმებით მიენიჭება უპირატესობა, რომ პირველებმა სწორედ მათ დატოვონ ყოფილი სანატორიუმის შენობა და მიიღონ ბინები? თამარ საუთიევა გვეუბნება, რომ ამ კრიტერიუმებს თავად დევნილები შეიმუშავებენ და ორი კვირის შემდეგ წარუდგენენ სამინისტროს:

„შემოგვთავაზეს, რომ ჩვენ გავწეროთ ეს კრიტერიუმები. ვიფიქრეთ, რომ პირველ ეტაპზე, უნდა გავიდნენ ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც გაუჭირდებათ თავად მოიძიონ ბინა. ამიტომ გვგონია, რომ როგორც კი იქნება პირველი ეტაპი ვინმესთვის ბინების გადაცემისა, ეს უნდა იყვნენ, ხანდაზმული, მარტოხელა ადამიანები. და ამის შემდეგ უკვე სხვები, ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით და ა.შ. გვინდა, რომ ბინების ეტაპობრივად გადაცემის ნაწილში გვქონდეს კონკრეტული გარანტიები. ამიტომ სააგენტოსგან უნდა მივიღოთ ადმინისტრაციული დაპირება, სადაც სახელობითად გაიწერება, ვინ, როდის და რა პრიორიტეტებით მიიღებს ბინას“.

რაც შეეხება პირველ ცხრა ოჯახს, რომლებსაც 27 იანვარს გადაეცათ სახლები, როგორც თამარ საუთიევა გვიხსნის, ისინი სამი და ოროთახიანი ბინებით, სულადობის მიხედვით დაკმაყოფილდნენ.

მომდევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ერთი მხრივ, დევნილები სამინისტროს წარუდგენენ განსახლების კრიტერიუმებს, მეორე მხრივ კი თავად სამინისტრო და დევნილთა სააგენტო მიაწვდის დევნილებს დამატებით დეტალებს განსახლების სამოქმედო გეგმის შესახებ, სავარაუდოდ, 10 თებერვლისთვის გაიმართება.

XS
SM
MD
LG