Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ყიდულობენ დევნილები ბინებს, თუკი სახელმწიფო მზადაა, გადაიხადოს? 


სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები
სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები

მთავრობა დევნილებს ახალი ბინების შესაძენად ფულს აძლევს, ისინი კი ისევ იმ შენობებში რჩებიან, სადაც ცხოვრება სახიფათოა. დევნილები შეთავაზებულ თანხას იწუნებენ, თუ სახელმწიფო სთავაზობს მათ არარეალურ პირობებს?

16 იანვარს სანატორიუმ „ქართლში“ ტრაგედია დატრიალდა, თვითმხილველების თქმით, 52 წლის დევნილი ზურაბ ქირია პროტესტის ნიშნად სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. დევნილები ამბობენ, რომ ის ასეთი გზით შეეცადა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. მისი მეზობელი ირმა ნაჭყებია ჰყვება, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზურაბ ქირია გამუდმებით იმეორებდა, თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ისეთ რამეს ჩავიდენ, იძულებულები გახდებიან, მოგვხედონო.

საზოგადოებაშიც გაჩნდა ილუზია, რომ დევნილები ბინებს ვითხოვთ, სახელმწიფო ფულს გვაძლევს, მაგრამ არ ვყიდულობთ“, - ამბობს დევნილი აფხაზეთიდან თამარ საუთიევა.

დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელია გასული, დევნილების ნახევარი ისევ ბინის გარეშეა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 91 671 დევნილი ოჯახი (290 209 იძულებით გადაადგილებული პირი), აქედან დღემდე დაკმაყოფილდა 45 715 დევნილი ოჯახი. ბინის მაძიებელთა გრძელ სიაში თითოეულ ოჯახს თავისი ქულა აქვს. ქულაზე გავლენას ახდენს ისიც, არის თუ არა, მაგალითად, ოჯახში შშმ პირი ან, ვთქვათ, ომის ვეტერანი. ვისაც მაღალი ქულა აქვს, ბინასაც პირველი ის იღებს.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, შენობები, სადაც დღეს ბინის მომლოდინე დევნილები არიან შესახლებული, საცხოვრებლად უვარგისია. ექსპერტიზის მიერ შეფასებული 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არის სახიფათო. დანარჩენი 19 დევნილების კერძო საკუთრებაშია და მათ სააგენტო აღარ ამოწმებს.

დევნილების ბინებით დასაკმაყოფილებლად სახელმწიფოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებელი კიდევ 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა, მათ შორის:

  • 5 000 დევნილ ოჯახს სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში;
  • 7500- ზე მეტ დევნილ ოჯახს - ახალაშენებულ კორპუსებში.

რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლს“, სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს განსახლების ორი გზა შესთავაზეს:

  • 300 ლარად ქირით გადასვლა;
  • დევნილმა თავად შეარჩიოს ბინა, რომლის საფასურს სახელმწიფო გადაიხდის. ბინის ერთი კვ.მ 550 დოლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს.

თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტზე ამ თანხით ბინის ძებნას დაიწყებთ, აღმოჩნდება, რომ არჩევანი არის, თუმცა, არცთუ ისე დიდი. ძირითადად ასეთი ბინები ან საერთოდ მშენებარეა, ან ძლიერ სარემონტო, შესაძლოა იყოს კეთოლმოწყობილი, მაგრამ დიდი ბინა, მაშინ როდესაც დევნილებს თანხას სულადობის მიხედვით აძლევენ, მაგალითად, ერთ ადამიანზე 30-40 კვ.მ ბინაა გამოყოფილი, სამზე - მაქსიმუმ 60 კვ.მ.

დევნილები ამბობენ, რომ შავი კარკასის ან მშენებარე ბინის ყიდვის უფლება მათ არა აქვთ. დევნილთა სამინისტრო ითხოვს, ბინები მხოლოდ ექსპლუატაციაში შესულ კორპუსებში შეიძინონ.

„29 წელია თბილისში ვცხოვრობთ, აქ ვმუშაობთ და, ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინია, რომ აქ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ რამე არის ამ ფასად, ისიც იპოთეკითაა დატვირთული. ასეთი ბინის ყიდვის უფლება კი არ გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენ ჯერ ბინა უნდა გადმოვიფორმოთ და აქედან 20 დღეში ჩაურიცხავს სახელმწიფო თანხას მეპატრონეს. ამაზე მეპატრონეები არ მოდიან. თუ მიაჩნიათ, რომ ამ თანხით შეიძლება ბინის შეძენა, თვითონ შეიძინონ და გადმოგვცენ“, - ჰყვება თამარ საუთიევა.

აფხაზეთიდან დევნილი დიანა დავლიანიძე ამბობს, რომ თბილისში კომპანია არ დარჩენილა, რომელსაც ბინის შესაძენად არ მიაკითხა, მაგრამ კვ.მ 550 დოლარად ვერსად იშოვა.

არის მხოლოდ კომუნისტების პერიოდში აშენებული, დანგრეული, დალეწილი ბინები, ისეთი, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ. საბურთალოს და ვაკეს საერთოდ არ განვიხილავთ. გარეუბნებში ვეძებთ, გლდანის მეშვიდე მიკროში, ზაჰესში და ასეთ ადგილებში, მაგრამ ამ ფასად ისეთი ბინა, რომელშიც თავს შეყოფ და სარემონტო არ იქნება, არ არსებობს. ჩვენ არ გვაქვს არც ფულის დამატების საშუალება, არც რემონტის გაკეთების. აქ რაც დამტვრეული ავეჯი გვიდგას, იმას ალბათ არც წავიღებთ, ყველაფერი გაფუჭებულია“, - ჰყვება ის.

დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება

ფონდ „აფხაზეთის“ ექსპერტი დავით გუჩუა ამბობს, რომ ამ ფასად უფრო რეალური იქნებოდა, თუკი სახელმწიფო ბინებს რომელიმე სამშენებლო კომპანიისგან ერთბაშად შეისყიდდა. კომპანიას შეიძლება ხელს აძლევდეს, ბევრი ბინა შედარებით დაბალ ფასად გაყიდოს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებაც, რადგან გარანტიას დევნილებს თავად სახელმწიფო მისცემს და არა ერთი ადამიანი, თუმცა ამ ვარიანტსაც თავისი ხარვეზები აქვს.

სახელმწიფო ადრე ასე აკეთებდა, მაგრამ ახლა ასეთი ვარიანტიც დაუშვეს, რომ დევნილს თავად შეუძლია მოიძიოს ბინა და თუ ფული არ ჰყოფნის, თვითონ დაამატოს. ეს ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ანუ დევნილები ისევ ერთად კი არ დასახლდებიან, თავიანთი სურვილისამებრ შეარჩევენ ადგილს“, - ამბობს დავით გუჩუა.

რაც შეეხება განსახლების მეორე ვარიანტს, სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირით უზრუნველყოფს.

ბინის დროებით დაქირავებას დევნილები არ თანხმდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მთავრობა ბინის ქირას მხოლოდ პირველ თვეებში გადაიხდის. მსგავსი რამ უკვე არაერთხელ მომხდარაო, ამბობენ. გარდა ამისა, დევნილებს სხვა ეჭვიც აქვთ. თამარ საუთიევა ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მთავრობას ამ გზით დევნილების დაქსაქსვა და საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა სურდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG