აშშ-ისა და რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელებმა ჟენევაში ვერ შეძლეს რაიმე სერიოზული შედეგის მიღწევა, თუმცა მოლაპარაკებები მხარეებს ხელს უწყობს ერთმანეთის პოზიციების გაგებაში. მოლაპარაკებები გაიმართა მზარდი შიშის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 იანვარს გამართეს საათნახევრიანი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ევროპაში ომის თავიდან აცილება მაშინ, როცა მოსკოვი ნატოსგან ითხოვს გარანტიებს, რომ ის საკუთარ რიგებში არ მიიღებს უკრაინას.
როგორც მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა ორივე დიპლომატმა, შეხვედრა გულღია იყო და გააჩინა იმედი, რომ უკრაინის კრიზისში არსებობს შანსი დიპლომატიისთვის.
„არ მოველოდით, რომ დღეს რაღაც სერიოზული გარღვევები მოხდებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა უფრო მკაფიო გზას ვადგავართ ერთმანეთის პოზიციების გაგების მხრივ,“ განაცხადა ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ „ემოციები იკლებს“ ამ მოლაპარაკებების შემდეგ. მანამდე წარუმატებლად დასრულდა უკანასკნელ დღეებში გამართული რამდენიმე მოლაპარაკება მაღალ დონეზე.
რუსეთმა სავარაუდოდ 127 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაც დასავლეთში იწვევს განგაშს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო იერიშისთვის ემზადება. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს.
2014 წლიდან რუსეთი დახმარებას უწევს აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს. რეგიონში მიმდინარე ომს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმავე წელს რუსეთმა უკანონოდ მიიერთა ყირიმის ნახევარკუნძული.
უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების თავმოყრის პარალელურად მოსკოვი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, იმის წერილობითი გარანტია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პირველ რიგში უკრაინა და საქართველო, არ გახდებიან ნატოს წევრები. მოსკოვი ასევე განრისხებულია სამხედრო დახმარებით, რომელსაც დასავლეთი უწევს უკრაინას.
21 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა პასუხები ჟურნალისტებისგან წინა დღეებში მიღებულ შეკითხვებზე. შეკითხვები ეხებოდა რუსეთის დიპლომატიას გასულ წელს.
სამინისტროს ერთ-ერთ პასუხში აღნიშნულია, რომ რუსეთი ეძებს „ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იქნებოდა 1997 წლის კონფიგურაციის აღდგენისკენ იმ ქვეყნებისა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ ნატოს წევრები და მათ შორის არიან ბულგარეთი და რუმინეთი“.
ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნების უმრავლესობას განხორციელება არ უწერია.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთის მოთხოვნა „მიუღებელია და შეუძლებელია გახდეს მოლაპარაკებების ნაწილი,“ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა კი განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ „ნატოში გაწევრიანებით დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი.“
ლავროვმა თქვა, რომ შეხვედრაზე ბლინკენმა პირობა დადო, რომ მომავალ კვირაში წერილობით წარმოადგენს პასუხს რუსეთის მოთხოვნებზე უკრაინისა და ნატოს შესახებ. მისი სიტყვებით, პასუხების მიღების შემდეგ რუსეთი უკეთ გაიგებს, „სწორ გზას ვადგავართ თუ არა.“
ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ წერილობით უპასუხებს რუსეთის მოთხოვნებს და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის დელეგაციები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც მოსკოვი შეისწავლის ვაშინგტონის პასუხებს.
„მე ვფიქრობ, შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა ურთიერთგაგების მისაღწევად, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას,“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
დასავლეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს, მაგრამ მხარეები არ თმობენ პოზიციებს და გასულ კვირაში ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში დასავლეთისა და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების სერიას შედეგი არ მოუტანია.
20 იანვარს ბერლინში ბლინკენი მოლაპარაკებები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მაღალი რანგის დიპლომატებთან. საუბრები შეეხებოდა რუსეთის პოტენციურ მუქარას უკრაინის წინააღმდეგ და „სწრაფ, მკაცრ პასუხს“, რომელსაც გამოიწვევს ის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან.
The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი შესაძლოა შეეცადოს ხარკოვის დაკავებას, 1,4-მილიონიანი ქალაქისა, რომელიც საზღვრიდან 42 კილომეტრზე მდებარეობს. მისი თქმით, ეს „ფართო მასშტაბის ომის“ მომასწავებელი იქნება.
თუკი რუსეთი შემოიჭრება, „ცხადია ის ამას გააკეთებს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ისტორიულად ცხოვრობს რუსეთთან ოჯახური კავშირების მქონე ხალხი,“ თქვა ზელენსკიმ.
„ხარკოვი, რომელიც უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშაა, შეიძლება დაკავებულ იქნეს. რუსეთს ესაჭიროება საბაბი: ისინი იტყვიან, რომ რუსულენოვან მოსახლეობას იცავენ.“
ხარკოვში ტანკებსა და ტრაქტორებს, ასევე ელექტრონაწარმს უშვებენ.
ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთს „მაღალი ფასის“ გადახდა მოუწევს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების სახით.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, რუსეთი მიდის რისკზე, რომ უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში „საშინელ ჭაობში“ შეიძლება აღმოჩნდეს.
ტრასის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვერ ისწავლა ისტორიის გაკვეთილი“. მან რუსეთს მოუწოდა, უკან დაიხიოს უკრაინიდან, სანამ „უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებდეს“.
ამასობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში უკრაინაში გახშირდა ყალბი მუქარები ბომბების შესახებ და ამისთვის რუსეთს დასდო ბრალი.
SBU-ს თქმით, წლის დასაწყისიდან ჩაწერილია 300-ზე მეტი ანონიმური სატელეფონო საუბარი და საინტერნეტო მესიჯი. მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში კი ასეთი ყალბი მუქარების რაოდენობა 1100-მდე იყო.
გარდა უკრაინის გარშემო კრიზისისა, ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებები გამართეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.
ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმების განახლებისკენ მიმართული ძალისხმევა იმის ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეუძლიათ მოსკოვს და ვაშინგტონს უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა.
ბლინკენმა გაიმეორა, რომ მოლაპარაკებების წარმატებისთვის შესაძლებლობათა მხოლოდ მცირე არჩევანი მოიპოვება და მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა და ირანთან მჭიდრო ურთიერთობები, რათა ირანის ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს ვითარების სერიოზულობა.
2015 წელს ხელმოწერილი ირანის ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივი წესით დატოვა ის და კვლავ დაუწესა სანქციები ირანს. ამის შემდეგ თეირანმა შეწყვიტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
შარშან ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ დანარჩენ მონაწილეებს - აშშ-ს, ბრიტანეთს, რუსეთს, ჩინეთსა და გერმანიას - შორის მოლაპარაკებების სერია გაიმართა 2015 წლის შეთანხმებისთვის სულის შთაბერვის მიზნით. მაგრამ მოლაპარაკებები ხანგრძლივი პერიოდით იყო შეწყვეტილი.
ნოემბერში ისევ განახლებული მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, შეერთებული შტატები კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას და გააუქმოს სანქციები, ირანმა კი განაახლოს შეთანხმების პირობების სრულად შესრულება.