არავისთვის უცხო არაა შეგრძნება, რომ გარშემო კარგი აღარაფერი ხდება. მთელი დღე მხოლოდ ცუდი ამბების მოსმენა ადამიანს უიმედობასა და პანიკაში აგდებს.
როცა მიხვდა, რომ ნეგატიურ ინფორმაციას ვეღარ უმკლავდებოდა, თეონა ფუტკარაძემ ტელევიზორის ყურება შეწყვიტა. „5 წელია ტელევიზორს არ ვუყურებ… თუ ისეთი პოლიტიური მოვლენები ხდება, რომლის მონაწილე შეიძლება მეც ვიყო, ფეისბუკით ან ტვიტერით ვიგებ. უარყოფითი ინფორმაციის წაკითხვას თავს ვარიდებ… როდესაც ყოველდღიურად გხვდება პოსტი, რომ ვიღაცა მოკლეს და შემდეგ ამ პოსტებს დაუსრულებლად აზიარებენ... ასეთ დროს ვცდილობ, ფეისბუკზეც დიდხანს არ ვიყო“, - ამბობს თეონა.
თან იცოდე, რა ხდება გარშემო მნიშვნელოვანი, თან წონასწორობა და სიხარულის განცდა შეინარჩუნო, იოლი არ არის. რადიო თავისუფლებამ რჩევა ფსიქოლოგებს ჰკითხა.
რას გვიშვრება ცუდი ამბავი?
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ჰყვება ერთი ექსპერიმენტის შესახებ, რომლის დროსაც მის მონაწილეებს სთხოვეს თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენა ჩამოეწერათ. უმრავლესობამ კარგზე მეტად ცუდი გაიხსენა. ნეგატიური ინფორმაციის დამახსოვრება ადამიანს საშუალებას აძლევს, შეცდომა აღარ გაიმეოროს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მხოლოდ ცუდი გესმის და ცუდს იმახსოვრებ, უსუსურობის განცდა გიჩნდება და მოქმედების უნარს კარგავ.
„ამ დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გავარჩიოთ ერთმანეთისგან, თუ რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რა არა, რომ უსუსურობის განცდა გადავლახოთ და მოქმედების სწორი სტრატეგია დავგეგმოთ“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
იმისთვის, რომ შავი და თეთრი გაარჩიო, შავსაც უნდა ხედავდე და თეთრსაც. მხოლოდ ცუდი ინფორმაცია ცალმხრივი ინფორმაციაა და მცდარ, უსარგებლო წარმოდგენებს ქმნის.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, დავუკვირდეთ საკუთარ განცდებსა და ემოციებს, რას ვგრძნობთ ამა თუ იმ ამბის მოსმენისას. როგორ მოქმედებს ის ჩვენზე: გვაბნევს? ცუდ ხასიათზე გვაყენებს? რაღაც დოზით ეს სასარგებლოა, მაგრამ თუ შფოთვამ ისე მოგვიცვა, რომ კალაპოტიდან ამოგვაგდო, ესე იგი რაღაც შესაცვლელია. ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ გაუგებარი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ცუდ ინფორმაციაზე კიდევ უფრო საზიანოა. „როდესაც ერთი არხიდან გესმის, რომ ყველაფერი გადასარევადაა, მეორედან კი პირიქით, ადამიანი ვეღარ არკვევს, რეალობა რა არის, - ამბობს ფსიქოლოგი, - არ მინდა, ეს ისე გაიგონ, თითქოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგი ვიყო“.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? აი, რამდენიმე რჩევა, რომლებსაც საქმის მცოდნე ხალხი იძლევა:
შეეგუეთ ან შეცვალეთ
ეს უძველესი სიბრძნეა - შეეგუეთ იმას, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. შეცვალეთ, რისი შეცვლაც ძალგიძთ და გეყოთ გონიერება ერთის მეორისგან გასარჩევად.
გადაამოწმეთ
ყველა ინფორმაცია სანდო არაა. სანამ აღელდებით და დაითრგუნებით, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად კომპეტენტური და სანდო წყარო ავრცელებს ამა თუ იმ ამბავს. ყველაფერს კი ის სჯობია, თავიდანვე შეარჩიოთ ის მედიასაშუალებები, ვისი ნდობაც შეიძლება.
გამოიყენეთ ინფორმაცია
არ გადაიქცეთ ინფორმაციის პასიურ მიმღებებად. ინფორმაცია, რომელსაც არ აანალიზებთ და შემდეგ არ იყენებთ, ე.ი. არ გჭირდებათ.
გააკეთეთ თუნდაც სულ მცირე რამ
მართალია, თქვენ ვერ მოაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომლის შესახებაც მედია წერს, მაგრამ შეგიძლიათ პასიური დამკვირვებლის პოზიციიდან ქმედებაზე გადახვიდეთ, მაგალითად, ხელი მოაწეროთ პეტიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გაღელვებთ; დაეხმაროთ ვინმეს თანხით, ან გახდეთ მოხალისე. როცა წვლილი შეგაქვთ სამყაროს შეცვლაში, პრობლემებს გაცილებით მსუბუქად გაუმკლავდებით.
შეიცვალეთ ჩვევები
ნუ დაიწყებთ დილას ცუდი ამბების კითხვით ან მოსმენით. გაღვიძებისას ჯერ რამე კარგზე იფიქრეთ.
აიღეთ ტაიმაუტი
თუ გრძნობთ, რომ ცუდ ამბებს ვეღარ აუდიხართ, ნუღარ მოუსმენთ. დისტანცირება ყოველთვის კარგი ხერხია მოსმენილისა თუ წაკითხულის გასააზრებლად და დასატევად. არა აქვს მნიშვნელობა, ეს დასვენება რამდენ ხანს გაგრძელდება, ის ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.
ცუდს უარესს ნუ დაუმატებთ
ადამიანზე ცუდი ამბები განსაკუთრებით მძიმედ მაშინ მოქმედებს, თუ თავადაც არცთუ სახარბიელო პერიოდი უდგას. გაითვალისწინეთ ეს, სანამ მორიგი საშინელების წაკითხვას დაიწყებთ.
ცუდს უარესს ნუ დაუმატებთ N2
როდესაც ადამიანი ცუდ ხასიათზეა, შესაძლოა გუნებაზე მოსასვლელად ალკოჰოლს ან კიდევ უარესი, ნარკოტიკებს მიეტანოს. თავიდანვე უარი თქვით მსგავს „თერაპიაზე“. სხვათა შორის, არც ბევრი ჭამაა ამ დროს სასარგებლო.
კარგი ამბებიც იკითხეთ
დედამიწა ბოროტ უცხოპლანეტელებს არ დაუპყრიათ. ქვეყანაზე კარგი ამბებიც ხდება. მოძებნეთ და წაიკითხეთ სახალისო და სასიხარულო ამბები. ეს შინაგანი წონასწორობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
განიავებაც კარგი რამეა
გაუზიარეთ ახლობლებს თქვენი წუხილი, ამოთქვით ის, რაც გაწუხებთ. ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
ფსიქოლოგებიც არსებობენ
თუ ხედავთ, რომ შფოთვას, უსუსურობის განცდას, ზოგადად ნეგატიურ განწყობას თავად ვეღარ უმკლავდებით, სპეციალისტს მიმართეთ. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები სწორედ ამისთვის არსებობენ.