Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტერ ბოგდანოვიჩის შავ-თეთრი თავისუფლება


"ქაღალდის მთვარე" ("Paper moon", აშშ, 1973, რეჟისორი პიტერ ბოგდანოვიჩი)

6 იანვარს ორი დიდი კინემატოგრაფისტის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ - დილით პიტერ ბოგდანოვიჩმა დაგვტოვა, შეიძლება ითქვას, პირველმა ამერიკელმა რეჟისორმა, რომლის ფილმების მთავარი თემა... თავად კინოხელოვნება იყო, საღამოს კი სიდნეი პუატიემ, "ოსკარის" პირველმა აფრიკელმა ამერიკელმა ლაურეატმა. ასეა - ჰოლივუდის კლასიკოსები ნელ-ნელა ქრებიან და მათთან ერთად ვემშვიდობებით ხელოვნებას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაერთი თაობის ცხოვრებაში. სწორედ დიდ კინოსთან დამშვიდობების სევდას მიუძღვნა მეორე პროფესიით კინოკრიტიკოსმა, პიტერ ბოგდანოვიჩმა თითქმის ყველა თავისი ფილმი. ბოგდანოვიჩის შედევრს, რომელიც არა მარტო საუკეთესოა მის შემოქმედებაში, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმიცაა, ასე ჰქვია - "უკანასკნელი კინოსეანსი" (1971). ამ შავ-თეთრ სურათში ტეხასის შტატის ერთი პატარა მოსაწყენი ქალაქის კინოთეატრის დახურვა, ბედნიერი და უდარდელი ცხოვრების დასასრულის და ილუზიების მსხვრევის მეტაფორაცაა.

შავ-თეთრია ასევე ფილმი, რომელიც ბოგდანოვიჩმა "უკანასკნელი კინოსეანსის" პრემიერიდან ორი წლის შემდეგ გადაიღო, "ქაღალდის მთვარე", რაიან ო’ნილისა და მისი ქალიშვილის, ტატუმ ო’ნილის მონაწილეობით. დღეს სწორედ ეს სურათი ავირჩიე თქვენთვის, თუნდაც იმიტომ, რომ შედარებით მსუბუქია ბოგდანოვიჩის შედევრებს შორის და ასე თუ ისე უხდება საახალწლო განწყობილებას. არსებითად ბოგდანოვიჩის ეს "როუდ-მუვი" ხომ კომედიაა, სევდიანი, ზოგჯერ "გაბრაზებული" (არავითარ შემთხვევაში ბოროტი!), მაგრამ მაინც ღიმილის მომგვრელი სანახაობა, რომელსაც დეპრესიის ეპოქის ამერიკაში გადავყავართ.

ისტორია 9 წლის ობოლ გოგონაზე (ტატუმ ო’ნილი "ოსკარის" ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატად ითვლება), რომელიც იღბალმა ბიბლიის გამყიდველი კეთილშობილი თაღლითის თანაშემწე გახადა, სავსეა ნოსტალგიით არა იმდენად ეპოქის, რამდენადაც ძველი კინოს მიმართ. ამ თვალსაზრისით "ქაღალდის მთვარე" პირველ რიგში ჩაპლინის შედევრს, "პატარას" გაგიცოცხლებთ (ამერიკული კინოს კარგ მცოდნეებს კი ჯონ ფორდის ვესტერნები და ფრენკ კაპრას სოციალური კომედიებიც გაახსენდებათ). ოღონდ არ იფიქროთ, რომ ბოგდანოვიჩი გასული საუკუნის 70-იანი წლების "შავ-თეთრ ნოსტალგიაში" წარსულს მისტირის. არავითარ შემთხვევაში! ამერიკულ კინოში ბევრი არაა ისეთი სიცოცხლით სავსე, სახალისო ფილმი, როგორიც "ქაღალდის მთვარეა". უბრალოდ, ბოგდანოვიჩისთვის, რომელიც არა მარტო რეჟისორია, არამედ კინოს ისტორიის მკვლევარიც, ეს ადრეული კინო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე კინოინდუსტრია, რომელშიც მას თავად უხდებოდა მოღვაწეობა. კინოს პიონერები სამყაროს ისე გამოხატავენ, როგორც ბავშვები თავიანთ ნახატებში - მათთვის თითქოს არ არსებობს "კანონები", ფორმის შეზღუდვები და გამომსახველობით საშუალებათა სისტემები. ისინი ისე ექცევიან ახალ ხელოვნებას და, რაც მთავარია, მაყურებელს, როგორც "ქაღალდის მთვარის" გმირები. წარსული და მეტ-ნაკლებად დავიწყებული კინო აღდგენილია დისტანციიდან, პერსონაჟებთან იდენტიფიკაციის გარეშე, დიდებული ოპერატორის, ლასლო კოვაჩის მქრქალი, თითქოს გახუნებული კადრებით. ჩვენ ვაკვირდებით სურათის გმირების ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობას. ვაკვირდებით ჩვენი სივრციდან. კამერა კი ისე მოძრაობს "ქაღალდის მთვარის" პეიზაჟებსა და პორტრეტებზე, როგორც ამერიკული კინოს "ოქროს ხანაში". რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ეს "ოქროს ხანა" სწორედ დიდი დეპრესიის ეპოქას დაემთხვა.

დისტანციის ბოლომდე შენარჩუნება ქმნის უჩვეულო ეფექტს - "ქაღალდის მთვარე" არის ფილმი, რომელშიც გათამაშებულია ამერიკული ოცნება "უკუღმა", რომელშიც არის "ჰეპი-ენდი", მაგრამ ესეც "უკუღმა", რომელშიც ხდება ერთი, მაგრამ მაყურებლის წარმოდგენაში იბადება და ვითარდება რაღაც სრულიად საპირისპირო იდეა. "ქაღალდის მთვარე", დიახაც, კეთილშობილი თაღლითობაა, რომელიც გუნება-განწყობილებას აგიმაღლებთ, გაგაცინებთ, თუმცა მაინც გამოგყვებათ სევდა დაკარგული ბედნიერების თუ "უკანასკნელი კინოსეანსის" გამო. ეს სევდა გაგიძლიერდებათ, თუკი ყურადღებას მიაქცევთ "ქაღალდის მთვარის" გადაღების თარიღს - 1973 წელი! დასრულდა ბობოქარი 60-იანი წლები, ამბოხების და იმედის ეპოქა და სამყარო ისევ გადაეშვა მოწყენილობის (თუ "ინდუსტრიის") ერთფეროვნებაში. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ 70-იან წლებში იბადება მოდა 20-30-იანი წლების დიზაინზე, ჩაცმულობაზე, ხოლო ეს სტილი "რეტრო" ყველაზე პოპულარული ხდება ამერიკულ კინოში. პიტერ ბოგდანოვიჩი ამ ახალი მოდის წინასწარმეტყველია. ამერიკელ რეჟისორებს შორის ის ყველაზე უკეთ დაეუფლა "რეტროს" ნიუანსებს. ალბათ იმიტომ, რომ წარსული "ახლო ხედებში" ჰქონდა შესწავლილი, კინოკადრებით, იმ საოცნებო სახეებით, რომლებსაც ჰოლივუდი, როგორც "ფაბრიკა", დიახაც, მასობრივად აწარმოებდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. მაგრამ ბოგდანოვიჩი სწორედ იმით განსხვავდება "რეტროს" სხვა ოსტატებისგან, რომ კინო მისთვის ფორმალური სანახაობა თუ "დიზაინი" არ არის, მისი ხელოვნება უფრო სიზმარია, რომელიც წარსულში კი არ გვაბრუნებს, არამედ დროსა და სივრცეზე დამოკიდებულებისგან დროებით გვანთავისუფლებს. თუმცა, ვიმეორებ, ბოგდანოვიჩი არ ცდილობს ჩვენს მოტაცებას ამ ილუზორულ სამყაროში. ის გვტოვებს ჩვენს თავთან და გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც იმით გადარჩნენ, რომ... საკუთარ თავს გაექცნენ.

ამდენი წელი გავიდა, მაგრამ არა და არ ძველდება ბოგდანოვიჩის შავ-თეთრი შედევრი. ყველა თაობის მაყურებელს სიამოვნებს დაკვირვება, თუ როგორ ახერხებენ "ქაღალდის მთვარის" გმირები, გადაირჩინონ თავი დეპრესიის ეპოქაში. ისინი არ გეგმავენ თავიანთ ცხოვრებას, არც სახლი აქვთ, არც კარი. დაწანწალებენ ბოშებივით, ეწევიან, ხვდებიან უცნობ ადამიანებს, მთლიანად ენდობიან ბედს და გულის სიღრმეში სჯერათ, რომ დღეს თუ გაუჭირდათ, ხვალ "ღმერთი მისცემთ".

ასე ხომ დღეს თითქმის აღარავინ ცხოვრობს? ადამიანები სტაბილურობაზე ოცნებობენ და ფათერაკების ეშინიათ. მაგრამ კინო ხომ არა მარტო ქმნის ოცნებებს. კინო ინახავს კიდეც იმას, რაც უკვე შექმნილია. პიტერ ბოგდანოვიჩმა შეინახა ეს სამყარო და გვაზიარა მთავარს - თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG