Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მირჩევნია გულახდილად გითხრათ"- ინტერვიუ ნიკა მელიასთან


ნიკა მელია საპროტესტო აქციაზე - 9 ნოემბერი
ნიკა მელია საპროტესტო აქციაზე - 9 ნოემბერი

თავს არც "ვიღაცის პარტიაში" გრძნობს, არც "ჩაჩოჩებულად" მიიჩნევს და არც პარტიიდან წასვლა გაუვლია გონებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "მტკივნეული ცვლილებებისთვის" ემზადება და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ:

პარტია თავიდან ბოლომდე იყო გაუმართავი.
პარტიის სტრუქტურულ დანაყოფებში იყო მარტო ერთი თავმჯდომარე.
პარტიას არ ჰყავს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი.
პარტიას არ ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გადალაგება და გადაჯგუფება იქნება.

პარტიის მმართველობით სტრუქტურებში 10 იანვარს გამოცხადებული საკადრო გადაჯგუფების შემდეგ, რადიო თავისუფლებამ ნიკა მელიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ 10 იანვარი - "ზღვაში წვეთი", ცვლილებების მხოლოდ დასაწყისი იყო.

რადიო თავისუფლება: ბოლო საკადრო ცვლილებებმა დისკუსიები გამოიწვია - პარტიას ეყოლება პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და ამ პოსტს, 10 იანვრამდე, როგორც ეს [პრესკონფერენციაზე] თქვით, თავად ითავსებდით. რატომ მოხდა ეს ახლა?

ნიკა მელია: ვითავსებდი არა, ეს იყო მხოლოდ ნომინალურად. სინამდვილეში, ეს პოსტი იყო უფუნქციო. სიმართლე უნდა ითქვას, პარტია ორგანიზაციულად, სტრუქტურულად იყო დისფუნქციური უკანასკნელი წლების განმავლობაში. არ ვერიდები ამ შეფასებას.

სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ, არჩევისთანავე [2020 წლის დეკემბერში], დავგეგმე პარტიის რეორგანიზაცია და რეფორმების გატარება. მაგრამ არ დამცალდა და მალევე, 3 თვის განმავლობაში აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი [საპატიმროში]. იქიდან გათავისუფლებისთანავე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია, იყო არჩევნები და წელი დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით.

პოლიტიკური საბჭოს სხდომა არ ტარდებოდა. როგორც თქვენ არ იყავით ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრი, ასე ვერ იღებდნენ მონაწილეობას პარტიის მართვაში პოლიტსაბჭოს არსებული წევრები.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომებზე მიიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება [მაგალითად, ენმ-ის დეპუტატების პარლამენტში შესვლის შესახებ]...

ნიკა მელია: არა, არა... უბრალოდ, ვიკრიბებოდით ძალიან იშვიათად... და გუშინ რაც მოხდა, არის ის, რომ ჩემი, როგორც თავმჯდომარის, წარდგინებით საბჭოში დავამტკიცეთ პოზიციებზე კობა ნაყოფია [პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე] და პეტრე ცისკარიშვილი [გენერალური მდივანი].

კობა ნაყოფია მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი, გენერალური მდივანი, როგორც გნებავთ, ისე თქვით. გენერალური მდივანი არის პარტიისთვის მთავარი გამწევი ძალა და ამ მხრივაც გვქონდა პრობლემა.

კობა ნაყოფიას არა აქვს შესაძლებლობა, რომ წლის განმავლობაში დიდი დრო ფიზიკურად იყოს ქვეყანაში; ასევე ის აქტიურობს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის - არის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი. ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა მისი აქტიური ჩართულობა პარტიაში და, რა თქმა უნდა, ესეც ხელს უშლიდა პარტიის გამართულ საქმიანობას.

შეიძლება ითქვას, რომ პარტიის სტრუქტურულ დანაყოფებში ვიყავი მე მხოლოდ - მარტო ერთი თავმჯდომარე.

რადიო თავისუფლება: კიდევ რომელი სტრუქტურული რგოლები გაკლიათ?

ნიკა მელია: რადგან ვსაუბრობთ, მირჩევნია გულახდილად გითხრათ - დიახაც, პარტიას არ ჰყავს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი - საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი. პარტიის საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელი, პასუხისმგებელი ადამიანი არ ჰყავს მეინსტრიმულ პარტიას.

პარტია თავიდან ბოლომდე იყო გაუმართავი.

ამ პარტიას არ ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია. ხომ გესმით, რას ნიშნავს ეს... ჩემი გეგმით, ვფიქრობ, ორ თვეში პარტიას უნდა ჰყავდეს ახალგაზრდული ძლიერი რგოლი და ათასობით ახალგაზრდა უნდა იყოს გაერთიანებული ამ პარტიის გარშემო. უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ ადამიანებთან.

ახალგაზრდების გარეშე ამ პარტიას მომავალი არა აქვს.

პოლიტსაბჭოს მდივანი და გენერალური მდივანი პოლიტიკური თანამდებობებია და საჭირო იყვნენ გამოცდილი ადამიანები ამ პოზიციებზე. მაგრამ, არ ვერიდები თქმას - ახალგაზრდული ძლიერი მოძრაობის გარეშე პარტიას არ ექნება მომავალი.

ნაწილობრივ მე ეს პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში მოვახერხე, ახალგაზრდა, მონდომებული ადამიანების მოზიდვა, მაგრამ პროცესი შეწყდა თებერვალში.

რადიო თავისუფლება: როდესაც თქვენ იყავით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე [2017 წლიდან], არც მაშინ იყო მნიშვნელოვანი სტრუქტურული რგოლები პარტიაში?

ნიკა მელია: არა, არ იყო. ბოლო წლებია, რაც არ არის. ჩვენ ნორმალური პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების შესაძლებლობა არ გვქონდა და არც ახლა გვეძლევა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი მკაცრად გაწერილი სტრატეგია და გეგმა. ეს გეგმა უნდა იყოს მჭიდრო კავშირში მოყვანილი მოსახლეობის საჭიროებებთან.

მე მაქვს განცდა, რომ აცდენილი ვართ მოსახლეობის დიდი ნაწილის საჭიროებებს. ჩვენ რომ აქტუალურ საკითხებს ვეხმაურებით, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახოს ალტერნატივა.

უახლოეს მომავალში, მათ შორის - მტკივნეული რეფორმების გატარებაც მომიწევს სხვადასხვა დონეზე და იმიტომ, რომ, როგორც ქვეყანაში, ასევე პოლიტიკურ რეალობაში, გამოწვევები გვკარნახობს ამ ცვლილებების აუცილებლობას.

ამიტომ [10 იანვარი] იყო ზღვაში წვეთი. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება პარტიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამას ყველა დაინახავს და, პირველ რიგში, ამას იგრძნობს ამომრჩეველი.

რადიო თავისუფლება: მტკივნეული ცვლილებები ახსენეთ და რას გულისხმობთ?

ნიკა მელია: საკადრო ცვლილებები შეიძლება ვინმესთვის მტკივნეული იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, შრომა და გარჯა უფასდებათ და მათთან მეგობრობას მე არ გავწყვეტ.

არიან ასევე პარტიაში ადამიანები, რომლებსაც ამიერიდან მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემ კიდევაც.

შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გადალაგება და გადაჯგუფება იქნება.

რადიო თავისუფლება: დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს გეგმებს მხარს დაუჭერს პოლიტიკური საბჭო?

ნიკა მელია: რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რადგან პარტიაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და პრაქტიკულად ყოველდღიურად ვსაუბრობთ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

მიმაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭო უნდა გახდეს ქმედითი და ის წელიწადში ერთხელ და ორჯერ არ უნდა იკრიბებოდეს.

მე ვარ იმაზე მეტად მოტივირებული და ოპტიმისტურად განწყობილი პარტიის მომავალთან დაკავშირებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ვხედავ, რომ პარტიას აქვს ზრდის სერიოზული რესურსი.

რადიო თავისუფლება: თქვენი მიყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ახსენეთ, პოლიტსაბჭოში არ არიან. ხომ ასეა?!

ნიკა მელია: რამდენიმე მათგანი ახლა არის თბილისის საკრებულოს წევრი. სხვები არიან აქტიურად ჩართულები და ნაწილი მათგანი იქნება პარტიის მმართველობაში - აღმასრულებელ რგოლში. ვგულისხმობ სამდივნოს, რომელიც პასუხისმგებელია პარტიის გამართულ მმართველობაზე.

რადიო თავისუფლება: თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა თქვენ რატომ შეითავსეთ. რატომ გახდა ეს საჭირო?

ნიკა მელია: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია პარტიისთვის. ვფიქრობ, აქაც გვაქვს სერიოზული პრობლემები და უნდა გამოვასწოროთ მეგობრებთან ერთად.

ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი თბილისის რაიონულ ორგანიზაციაშიც. რეფორმირების პროცესში მინდა, რომ უშუალოდ ვიყო ჩართული და მერე, როცა ორგანიზაცია ფეხზე დადგება, ჩვენ გვეყოლება ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე.

ჩავარდნა არ იყო, მაგრამ ყოველთვის არის გაუმჯობესების სივრცე.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, დისკუსიები და ეჭვები რატომ გამოიწვია 10 იანვარს გამოცხადებულმა ცვლილებებმა? გიფიქრიათ ამაზე?

ნიკა მელია: რა მხრივ? არ ვიცი. პირიქით, მიხარია ასეთი დიდი ყურადღება ენმ-ის მიმართ. რას გულისხმობთ?

რადიო თავისუფლება: აი, მაგალითად, მელიას პოზიციები ხომ არ იზღუდებაო პარტიაში, ხომ არ "ჩააჩოჩესო"...

ნიკა მელია: ვინ უნდა ჩამაჩოჩოს, მითხარით... ენას ძვალი არა აქვს. ყველანაირი ადამიანია. შეიძლება საკმარისი ინფორმაცია არა აქვთ. ჩასაფრებული ადამიანებიც არიან.

მე ზუსტად ვიცი, დღეს ყველაზე მეტად რა სჭირდება და რა აკლია „ნაციონალურ მოძრაობას“. აქტიურად ვმუშაობ გუნდთან ერთად და ცვლილებები იმაზე დიდი და ფართო იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

არ შეიძლება, პოლიტიკური მანქანა გქონდეს გაუმართავი და შენ გქონდეს პრეტენზია, რომ იყო იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე იყავი.

როცა პარტიის დამფუძნებელი [მიხეილ სააკაშვილი] ტყვეობაშია, პარტიას ურთულესი პერიოდი აქვს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვალდებულები ვართ, პარტია ვალდებულია, რომ დრო და ენერგია იხარჯებოდეს არა მხოლოდ ყოველდღიურ გამოწვევებზე, არამედ - პარტიის განვითარებაზეც.

უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ თითქოს თითოეული დღე არის საარჩევნო კამპანია.

რადიო თავისუფლება: თქვენ მიმართ იყო პარტიის მხარდამჭერთა ნაწილის პრეტენზიები, რომ არ იყავით, მაგალითად, საკმარისად რადიკალური, თავს არიდებდით სარისკო ქმედებებს, არ იყავით საკმარისად ქმედითიც [საპროტესტო აქციების დროს]...

ნიკა მელია: პირდაპირ გეტყვით, არ მაინტერესებს იმ ადამიანების პოზიციები, რომლებიც რაციონალურობას არიან ჩამოშორებული. არც ვითვალისწინებ და არც გავითვალისწინებ არასოდეს. უბრალოდ მიჩნდება განცდა, რომ ეს ადამიანი არ არის კეთილისმსურველი პარტიისთვის.

მე ვალდებული ვარ, ვიფიქრო ამომრჩევლების საჭიროებებზე და მათი რიცხვის გაზრდაზე. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ხალხთან აქტიური კომუნიკაცია გვჭირდება და უნდა ვიაროთ წინ განვითარებისკენ.

პარტიის მხარდამჭერების მცირე ჯგუფს თუ რაღაც არ მოსწონს... არ ნიშნავს, რომ პარტიის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული გეგმები უნდა გადაიხედოს.

რადიო თავისუფლება: რეგიონებში გადიხართ ხალხთან შესახვედრად... რაზე უნდა დაელაპარაკოთ? მიხეილ სააკაშვილმა რომ საპატიმროში ეკონომიკური პროგრამა, გეგმა დაწერა [რაზეც კობა ნაყოფია ლაპარაკობდა], ესეც უნდა გააცნოთ ხალხს?

ნიკა მელია: არა მგონია, არ ვიცი. მე არ ვიცნობ ასეთ გეგმას. ჩვენ არ ვიცნობთ ასეთ გეგმას. პარტიას ექნება სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა გეგმა და პროექტები განსახორციელებელი. ჯერ შევიმუშავებთ და მერე განვახორციელებთ. სამწუხაროდ, არ მეძლევა მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლისა და ურთიერთობის შესაძლებლობა.

მაგრამ ნებისმიერი წინადადება, თუკი საინტერესო იქნება, იქნება გათვალისწინებული, ვისიც არ უნდა იყოს - მიხეილ სააკაშვილის თუ თქვენი.

რადიო თავისუფლება: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პერსპექტივაზე უნდა გკითხოთ - პარტიის წევრების ნაწილისგან მოგვისმენია, რომ უპირველესი ამოცანაა მისი გათავისუფლება. თქვენ ადრე ამბობდით, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ წარმოგიდგენიათ მისი გათავისუფლება...

ნიკა მელია: კი ბატონო, ახლაც ასეთ პოზიციაზე ვარ, რომ პოლიტიკური დევნის დასრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზა გადის ამ ხელისუფლების მარცხზე. ამ ადამიანებმა მიიტაცეს ძალაუფლება და ირგებენ სტატუს-კვოს.

რეალობა არის რეალობა და თუკი ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იქნება, პოლიტიკური მართლმსაჯულება აღმოიფხვრება, დააფიქსირონ ეს პოზიცია და მე ამ პოზიციას არ ვიზიარებ.

რადიო თავისუფლება: ხალხის „შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა“ - ასეთი აქცენტი იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ბოლო წერილში. ამაზე რას გვეტყოდით?

ნიკა მელია: გიპასუხებთ. პარტია იქნება დაკავებული სხვადასხვა აქტივობით. ისეთი აქტიური იქნება ეს პროცესი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

საპროტესტო აქციებამდე პოლიტიკურმა პროცესმა უნდა მიგვიყვანოს. თქმა იმისა, რომ პოლიტიკური პარტია უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ საპროტესტო აქციებით, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ყოველდღიური ბევრი სხვადასხვა აქტივობა ექნება პარტიას.

აქცია შეიკრიბება და არ დაიშლება, თუ პირიქით იქნება და ასე შემდეგ, ამის წინასწარ დაანონსება არის, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი.

რადიო თავისუფლება: ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ იქნება ისევ მიმართული თქვენი აქტიურობა?

ნიკა მელია: გამოცდილებამ ბევრ ადამიანს აჩვენა, რომ წინასწარ გეგმების გაცხადება არის კონტრპროდუქტიული. პოლიტიკა ცოცხალი პროცესია, რომელიც ბევრ შრომასა და გეგმას მოითხოვს.

და აი ამ პროცესში უკვე, რა დამატებითი მოთხოვნების წამოყენება დაგჭირდება შენ, როგორც პარტიას, უნდა გიკარნახოს დრომ და სივრცემ.

დანამდვილებით ვიცი, სოციალური კვლევებითაც, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ცვლილებების მომხრეა და რაც უფრო ადრე შეიცვლება ხელისუფლება, მოსახლეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

რამდენადაც აქტიური და წარმატებული იქნება პოლიტიკური პროცესი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც, იმდენად გაიზრდება შანსი, რომ ქვეყანაში ცვლილებები მალე მოხდეს.

რადიო თავისუფლება: თქვენ იყავით ადამიანი, რომელმაც წინა არჩევნებზე 5 ნომერი შემოახაზინა ბევრ ისეთ ამომრჩეველს, რომლებიც არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ისინი ამას კოალიციური მმართველობის მოდელთან დაკავშირებულ თქვენს ძალისხმევას მიაწერდნენ. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან იმავე სტრატეგიის შენარჩუნება?

ნიკა მელია: ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება ეს პროცესი. მე ამ სახელმწიფოს მომავალს ვხედავ მხოლოდ მრავალფეროვნებაში. ყველა ცდება, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებად იყოფა. სინამდვილეში გაცილებით უფრო მრავალფეროვანია ჩვენი საზოგადოება.

მე მინდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც იქნება მრავალფეროვანი. ასეთ შემთხვევაში ბევრი ყბადაღებული რეფორმა კონსენსუსის საფუძველზე განხორციელდება.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ არ გაუკვირდებათ, თუკი ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს?

ნიკა მელია: ვიდრე ნიკა მელია ხედავს ამ პარტიის განვითარების შესაძლებლობას; ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობას - არა თუ პარტიიდან წასვლაზე არ ვიფიქრებ, არამედ ვაპირებ ამ პარტიაში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის მოყვანას და მათთვის რეკომენდაციის გაწევას.

ამ პარტიაში უკვე 8 წელია ვარ, არცთუ ისე მსუბუქი წლები გავატარე და, სხვა ლიდერების მსგავსად, ამ პარტიის მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება.

საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ მე ვარ ვიღაცის პარტიაში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გეზს და ხალხს უხაროდეს აქ ცხოვრება.

არსად წავალ, ვიდრე ვხედავ პარტიის განახლებისა და განვითარების რესურსს. ვხედავ ამ რესურსს და წასვლაზე ფიქრი არცკი აშლილა ჩემს გონებაში.

თუკი მსგავსი რამ დღის წესრიგში დადგება, მე, როგორც სხვა დროს, გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG