„ომიკრონი“ უსწრაფესად ვრცელდება - ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მეექვსე ტალღის აღმავალ ნიშნულზეა, რაც მეტ სიფრთხილეს, მეტ მობილიზებასა და ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნას მოითხოვს.
როგორც ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, საქართველოში უკვე შემოსულია „ომიკრონის“ შტამის დამდგენი ტესტები, ეს შტამი სეკვენირებით დგინდება. ხოლო ჩვენს კითხვაზე, რამდენი ასეთი ტესტი აქვს საქართველოს, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ „ჯერჯერობით საკმარისი“.
„ომიკრონის“ უკვე დადასტურებული 951 შემთხვევიდან, შესწავლილია 621 ადამიანის მდგომარეობა და მათი მონაცემებიც აღრიცხულია, ამბობს გამყრელიძე.
ახალი შტამით დაინფიცირებულთა საშუალო ასაკი 33 წელია.
მათგან 71 ადამიანი 18 წელზე ნაკლებისაა. 5 წლამდე ასაკის არის 13 ბავშვი, 6 თვემდე ასაკისა კი - 3.
ამ შემთხვევების 83% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, დანარჩენები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან და შემთხვევების ნაწილიც შემოტანილია.
საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა მხოლოდ 11 ადამიანს და 7 უკვე გაწერილია. არცერთს, აცხადებს ამირან გამყრელიძე, ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.
როგორია პროგნოზი?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მეექვსე ტალღის პიკს მოელის თებერვლის პირველ რიცხვებში.
დღიურად, შესაძლოა, ქვეყანაში იყოს 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება 20% ანუ დღეში 10-15 ათასამდე შემთხვევა.
იმ ფაქტმა, რომ ჯერჯერობით პაციენტებს „ომიკრონი“ მსუბუქად გადააქვთ, არ უნდა გაგვათამამოს, ამბობს გამყრელიძე და მოსახლეობას მოუწოდებს ბუსტერ დოზით აცრისკენ:
„მესამე აცრა იცავს. ბუსტერიზაცია არის შემაკავებელი. მიბრძანდით და გაიკეთეთ. ბუსტერიზებულებში „ომიკრონის“ ერთეული შემთხვევები გვაქვს. თუ „ფაიზერს“ იკეთებთ ბუსტერად, 70-80 პროცენტით ხართ დაცული“, - განმარტავს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, 2022 წლის ივლისამდე საქართველოს მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მოჰყავს საერთაშორისო მონაცემებიც, რომლის მიხედვით, „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 5-დან 10 პროცენტამდე მერყეობს.
და ეს მაშინ, როდესაც, „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12-15-20 პროცენტი, საქართველოში - 17%.
ასევე ბოლო მონაცემებით, დღეს საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი 35%-ს არ სცდება.
„თუ ამ პროცენტს ავიყვანთ 80%-მდე, დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდება“, - აცხადებს გამყრელიძე.
რაც შეეხება ვაქცინებსა და მათ ვადებს.
11 იანვარს გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს საქართველოში არის 550 000 დოზამდე „ფაიზერის“ ვაქცინის მარაგი და მას ვადა აქვს 31 მარტამდე.
ასევე, მილიონ-ნახევარი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ და მათ ვადა ეწურებათ 2023 წლის შუა რიცხვებამდე.
წელს, საქართველო გეგმავს „ფაიზერის“ 2 მილიონი დოზის შესყიდვას. საუბარია საბავშვო დოზებზეც.
და, ასევე, საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი კონკრეტულად „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზეც, რომლის შექმნაზეც „ფაიზერი“ ახლა მუშაობს.
რა დატვირთვას გაუძლებს ამჯერად ჯანდაცვის სისტემა?
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 11 იანვარს გამართული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის „ომიკრონთან“ შესახვედრად.
მინისტრის მოადგილის ცნობით, ჯანდაცვის სექტორი დღეს მუშაობს 50%-იანი დატვირთვით - საწოლფონდი შემთხვევების კლების გამო განიტვირთა.
გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს მობილიზებულია 9000-მდე საწოლი.
მათგან - დატვირთულია 4431.
281 პაციენტი რეანიმაციაში რჩება, ხოლო 1083 პაციენტი მკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა არის კორონავირუსის „დელტა“ შტამით გამოწვეული შემთხვევები.
„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ მხოლოდ ერთეულ მოქალაქეებს.
ჯერჯერობით არცერთ მათგანს - არ დასჭირვებია არც ინტენსიური თერაპია და არც რეანიმაცია - ისინი კლინიკიდან ძალიან მალე გაეწერნენ.
თამარ გაბუნია ასევე ამბობს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში, სხვა შტამებთან შედარებით, ინფიცირების პერიოდი არის შედარებით ხანმოკლე.
ხოლო ავადმყოფობა მიდის უფრო მსუბუქად.
ეს ფაქტორი საქართველოს ხელისუფლებას აიმედებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება. გაბუნიამ მაგალითად მოიყვანა, რომ საქართველომ უკვე გაიარა ვირუსის რამდენიმე მძიმე ტალღა, როდესაც ერთდროულად შემთხვევების რაოდენობა აღწევდა 65-70 ათასს, რასაც სისტემამ გაუძლო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემთხვევების ზრდის ფონზე მთავარი დატვირთვა ამჯერად ექნება პირველად ჯანდაცვას, ოჯახის ექიმებს, რომელთა დიდი ნაწილი გადამზადებულია.
დღეს მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კი მალე დაემატება კიდევ 40.
რაც შეეხება ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას საწოლფონდის 15 000 საწოლამდე შემცირებასა და, ასევე, 12 კლინიკისათვის კოვიდმიმღების სტატუსის შეჩერებაზე, თამარ გაბუნია ამას აფასებს როგორც სტანდარტულ პროცედურას, რომელსაც სამინისტრო დროდადრო მიმართავს ხოლმე, ვითარების შესაბამისად:
„დღეს ჩვენ მწვავე მოვლის პირობებისთვის გვაქვს 12 000 საწოლი, აქედან 9900 ისედაც დიდი ხანია მობილიზებულია კოვიდის მიზნებისთვის, როდესაც მცირდება მობილიზებული საწოლების დატვირთვა 50-ის ქვემოთ, ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეულ კლინიკებს უგზავნის შეტყობინებას, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ჩვეულ რეჟიმს, რადგან სხვა დაავადებების მართვაც გვჭირდება. თუ დაგვჭირდება, ისინი ისევ გადავლენ შესაბამის რეჟიმზე“.
თამარ გაბუნიას პროგნოზია, რომ იანვარი რთული იქნება, რადგან შემთხვევები სწრაფად მოიმატებს, ამიტომ ვაქცინაცია, ბუსტერ დოზებით აცრა, მისი სიტყვებით, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალისა და 50 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის.
„ბუსტერ დოზა განსაკუთრებით იცავს „ომიკრონის“ შტამის გავრცელებისგან“, - ამბობს თამარ გაბუნია.
კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოში რამდენიმე კვირაში უნდა ჩამოვიდეს
საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კი ირწმუნება, რომ არა მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორია მზად „ომიკრონის“ დასახვედრად, არამედ უკვე შეკვეთილია და რამდენიმე კვირაში საქართველო დამატებით მიიღებს „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, როგორც მინისტრი ამბობს, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტიანი იქნება.
„თითქოს სიმშვიდეა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქად გადააქვთ პაციენტებს, თუმცა იმდენი ადამიანი ინფიცირდება, რომ გართულებების ერთი შეხედვით დაბალი პროცენტი საბოლოოდ მაღალ რიცხვებს აღწევს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე, ჰოსპიტლების მზადყოფნა, ოჯახის ექიმების ჩართვა უფრო აქტიურად“, - განაცხადა ექიმ-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაია ბუწაშვილიც შენიშნავს, რომ სრულად აუცრელებთან შედარებით, „ომიკრონი“ გაცილებით მარტივად, გართულებების გარეშე მიდის სრულად აცრილ ადამიანებში, ხოლო ბუსტერ დოზით აცრილებში ვირუსის თავიდან აცილების შანსი 70%-ია.
რაც შეეხება „ომიკრონის“ სიმპტომებს, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ „ომიკრონი“ ბევრად სწრაფად იჭრება ზემო სასუნთქ გზებში. მას აქვს 5 წამყვანი სიმპტომი:
- ცხვირის გაჭედვა;
- ცხვირიდან გამონადენი;
- ყელის ტკივილი;
- ძლიერი საერთო სისუსტე;
- მსუბუქი ხველა.
სუნთქვის გაძლიერება ნაკლებად გვხვდება.
წინა შტამებისგან „ომიკრონს“ განასხვავებს კიდევ სამი სიმპტომი:
- წელის ტკივილი
- ღამით ოფლიანობა და
- გულისრევა.
ყნოსვის და გემოს დაკარგვა თითქმის აღარ გვხვდება.
თუ „ომიკრონის“ შემდეგ უფრო მძლავრი შტამი არ გამოჩნდა, ამბობს მაია ბუწაშვილი, შესაძლოა, სწორედ ეს აღმოჩნდეს ის ბოლო შტამი, რომელიც პანდემიას დაასრულებს.
„ომიკრონის“ ერთი თვე საქართველოში
კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 18 დეკემბერს გამოვლინდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „ომიკრონს“ აქვს უნარი, გვერდი აუაროს ვაქცინაციით გამომუშავებულ ანტისხეულებს, უგულებელყოს ინფიცირების შემდგომ გამომუშავებული იმუნიტეტი და კვლავ დააინფიციროს ადამიანი.
„ომიკრონის“ შემთხვევაში, რეინფიცირების რისკი სამჯერაა გაზრდილი.
ასევე, ბოლო გამოკვლევების თანახმად, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „ფაიზერის“ ორ დოზას შენარჩუნებული აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვისა და ჰოსპიტალში მოხვედრის 70%-იანი მაჩვენებელი, თუმცა, 33%-მდეა დასული ყველა ფორმის დაავადებისგან დაცვა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ „ფაიზერის“ მესამე, ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 75,5%-მდე იზრდება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ ბუსტერის დამატების შემთხვევაში, მისი ეფექტიანობა 71,4%-ია.
„ომიკრონის“ რეკორდი აშშ-ში - ახალი შტამი მსოფლიოში ელვისებური სისწრაფით ვრცელდება
ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ გასული დღის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ორშაბათს აშშ-ში კოვიდ 19-ის 1,35 მილიონი შემთხვევა დადასტურდა და ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თან იმ ფონზე, როცა „ომიკრონი“ ჯერჯერობით უკან არ იხევს - პირიქით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამჯერ მეტია. ხოლო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ბოლო სამი კვირის განმავლობაში გაორმაგებულია.
აშშ-ში, ახალი შემთხვევების შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებელი ბოლო 10 დღის განმავლობაში გაორმაგდა და 704 000-ს მიაღწია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, აშშ-ში დღეში საშუალოდ 1 700 ადამიანი იღუპება.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 57 546 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 486 შემთხვევა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
11 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 9.53%;
ბოლო 7 დღის - 9.63%;
ბოლო 14 დღის - 8.1%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 968 313 შემთხვევა. მათგან 916 421 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 264 ადამიანი.