"პარალელური დედები" (2021, ესპანეთი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)
თბილისური ზამთრის დღეები პედრო ალმოდოვარის თბილი და მზიანი ფილმით გათბა - წლის ბოლოს საქართველოში შედგა პრემიერა ესპანელი კინოს ლიდერის ახალი ფილმისა "პარალელური დედები". ამ სურათში მთავარი როლის შემსრულებელი პენელოპე კრუსი, ეს ნაზი და სიფრიფანა ქალი ჩვენ თვალწინ იმდენად ძლიერდება, იმდენად გრანდიოზული ხდება, იმდენად იპყრობს ალმოდოვარის "წითელ-ყვითელ სამყაროს".. აბსოლუტურად ყველაფრით - აზრით, გრძნობით, მზერით, პლასტიკით, ცრემლითაც კი... რომ ფინალში ხვდები - პენელოპემ უკვე მიაღწია იმ სიმაღლეს, რომელიც, შესაძლებელია, კინოს ისტორიაში აქამდე მხოლოდ ინგრიდ ბერგმანს და ანა მანიანის ჰქონდათ დაპყრობილი.
"პედრო ალმოდოვარი თუ შეძლებდა 47 წლის ასაკში ჩემს დაორსულებასო", - აღნიშნა პენელოპე კრუზმა "პარალელური დედების" პრემიერის შემდეგ. ეს სასაცილო ფრაზა ალმოდოვარის სტილშია. თუმცა "პარალელური დედები" საერთოდ არაა სასაცილო ფილმი. ორჯერ ვნახე და ვერაფრით ვიხსენებ ერთ ეპიზოდს მაინც, რომელზეც გამეცინა. არადა, ბევრს სწორედ "შავი იუმორის" გამო უყვარს ალმოდოვარი და კატეგორიულადაც მოითხოვს მისგან გააგრძელოს მუშაობა ამ ჟანრში - აცინოს ხალხი. რაც დრო გადის, ალმოდოვარის კინო სულ უფრო მძიმდება და "შავდება", მაგრამ პედროს თითქოს ეშინია გული არ გაუტეხოს თაყვანისმცემლებს და ყველა ფილმში იგონებს რაღაც სასაცილოს. აქ, "პარალელურ დედებში" მან ეს ვალდებულება სრულიად დაივიწყა - კოვიდის ეპოქაში, იზოლაციის დროს დაწერილ სცენარში, აღარაფერი დატოვა იმ კინოსი, რომლითაც მილიონობით მაყურებელს შეაყვარა თავი. ახლა დროა ახალ ალმოდოვარს შეეგუონ და გაითვალისწინონ, რომ "პარალელური დედები" მისი პირველი პოლიტიკური ფილმია.
ალმოდოვარის სურათი მოქმედების ზუსტი დროის მითითებით იწყება - "2016 წელი". ესპანელი ალბათ თავიდანვე მიხვდება, რომ რეჟისორი იღებს ფილმს მარიანო რახოის, სახალხო პარტიის და აქაური კონსერვატორების პოლიტიკის წინააღმდეგ, იმათ წინააღმდეგ, ვისაც ფრანკოს ესპანეთის წარსულის სრული დავიწყება სურს, ვინც ეწინააღმდეგება იმხანად დახვრეტილთა ექსჰუმაციას და ადამიანურად დასაფლავებას. ალმოდოვარი გვახსენებს, რომ ვერ გადავფურცლავთ ჩვენი ცხოვრების წიგნს მანამდე, სანამ არ ვეტყვით ერთმანეთს სიმართლეს წარსულზე, რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს წარსულის აღიარება. ეს არის "პარალელური დედების" მთავარი გზავნილი და ეს თემა ნამდვილად არაა ესპანელისთვის სასაცილო. სხვათა შორის არც ჩვენთვის, ქართველებისთვის.
გაგახსენებთ, რომ გენერალ ფრანკოს სიკვდილს მოჰყვა "დავიწყების პაქტი" (ცოტა არ იყოს რომ ჰგავს საყოველთაო შერიგების წინასაახალწლო ქართულ იდეას), რომელიც გულისხმობდა ახალი ცხოვრების დაწყებას ურთიერთობების გარკვევის გარეშე. ფაქტობრივად ეს იყო საყოველთაო ამნისტია, რომელსაც, როგორც ჩანს, ოდესღაც ალმოდოვარიც იზიარებდა. აქამდე ფრანკოს თემას პედრო მხოლოდ ერთხელ შეეხო ფილმში "მთრთოლვარე სხეული". ამ სურათში ობლობის ტრავმა არა მარტო პერსონაჟების ცხოვრებას განსაზღვრავს, არამედ მთელი ესპანეთის ტრავმაცაა. ესპანეთმა სამოქალაქო ომში დაკარგა საუკეთესო შვილები, რომელთა საფლავებიც კი უცნობია, რადგან ბევრი მათგანი დახვრიტეს და სასწრაფო წესით დამარხეს "ძმათა სასაფლაოზე" - შეიძლება ითქვას, ყველა ერთად ჩაყარეს მიწაში. ამ ხალხის დაობლებულ შვილებს წლების მანძილზე იმის უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავები მოეკითხათ, რადგანაც წარსულში დაბრუნება ისევ და ისევ საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების საფრთხეს შექმნიდა. ასე ფიქრობდა ის, ვინც მოჩვენებით კომფორტში ცხოვრებას ირჩევდა. მაგრამ ასე არ ფიქრობს "პარალელური დედების" მთავარი გმირი, ჯანისი, პენელოპე კრუსის შესრულებით.
ჯანისი პოპულარული ფოტოგრაფია, 40-ს გადაცილებული მარტოხელა ქალი, რომელიც ალმოდოვარისთვის ტიპურ, ჭრელ-ჭრელ დეკორაციაში ცხოვრობს, მადრიდის თანამედროვე ბინაში (მზიანი მადრიდი - სქელი კედლებით, სქელი კარებებით და დიდი ფანჯრებით, ალმოდოვარის ფილმების თითქმის განუყოფელი სახეა). ჯანისი გაზარდა ბებიამ, რომლის მამა ფალანგისტებმა მოკლეს და სხვებთან ერთად იმ "ძმათა საფლავში" ჩამარხეს, რომლის გათხრას სთხოვს ჯანისი ცნობილ ანთროპოლოგს. ამ დაოჯახებულ კაცთან გატარებული ღამის შემდეგ ჯანისი ორსულდება. მერე ბავშვის მომავალ მამას შორდება და მარტოდმარტო ემზადება დედობისთვის. სამშობიაროში პენელოპე კრუსის გმირი გაიცნობს ახალგაზრდა ქალს, ანას, კოლექტიური გაუპატიურების მსხვერპლს, რომელიც ასევე მშობიარობისთვის ემზადება. ანას დედა, თეატრის მსახიობი, ლორკას პიესის რეპეტიციებითაა დაკავებული. ლორკა, რომლის საფლავი დღემდე მიუკვლეველია, ერთგვარი ხიდი ხდება ფილმის ორ (პარალელურ) თემას შორის. ალმოდოვარი ქმნის 2020 წლის ქალების პორტრეტებს და, ამავე დროს, პირველად გამოხატავს ასე ღიად ფრანკოს ეპოქაში ჩაფლობის სურვილს, გვიყვება დედებზე, რომლებმაც ჩვენ თვალწინ უნდა იმშობიარონ, ესპანეთის აწმყოზე, მომავალზე და ამავე დროს სურს გაიაზროს წარსული, რომელსაც წლების მანძილზე ტაბუ ედო, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ყველა აღიარებდა - ფრანკიზმის ჭრილობები ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მოშუშებულა.
დროსა და სივრცესთან თამაში, მოგეხსენებათ, ალმოდოვარის სტიქიაა. ზოგიერთ ფილმში მას უჭირს ნაკუწების შეკვრა და მთლიანობის მიღწევა. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით "პარალელურ დედებზე" - დრამატურგიული თვალსაზრისით "პარალელური დედები" ესპანელი მაესტროს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, მთლიანი ნამუშევარია, რომელშიც არ არის პაუზები, გაწელილი, ანდა პირიქით, "მიფუჩეჩებული" ეპიზოდები. ერთი შეხედვით იაფფასიანი მელოდრამა მიტოვებულ ქალებზე, რომლებიც იღბალს არ ნებდებიან, იმდენად სცილდება "საპნის ოპერის" საზღვრებს, რომ სურათის მეორე ნაწილში, როცა ვხედავთ ხალხს, რომელიც მიწაში ერთიანად ჩაყრილი ნათესავების საფლავებს ეძებს, "პარალელური დედები" უახლოვდება ტრაგედიას, მისი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტით, ქოროთი... პედრო ალმოდოვარს, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის მთავარ პრობლემამდე მივყავართ - კონფრონტაციამდე, რომელსაც ქმნის "მე" და "ჩვენ", "ადამიანი" და "ხალხი"... რომელიც იქმნება პიროვნულ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის.
სიმართლის ძიება - როგორც "პირადი სიმართლისა", ასევე სოციალური, ისტორიული, პოლიტიკური სიმართლისა, "პარალელურ დედებში" ყველაფერს და ყველას აერთიანებს. ფილმის ერთ-ერთი ვიზუალური სახე, რომელიც "პარალელური დედების" რეაქტიული კადრია (ჰიჩკოკი კვლავ რჩება ალმოდოვარის საყვარელ რეჟისორად), არის "დნმ" - გენეტიკური და მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადამცემი ნაერთი, რომელიც აქ წარსულის, აწმყოსა და მომავლის მთლიანობას გამოხატავს. ჭეშმარიტების ძიების ეს პროცესი (და კინო ხომ თავისთავად "ბლოუ-აპია", დაუნახავის დანახვაა) ზედიზედ დაგვაყრის კითხვებს: რა არის დედობრივი ინსტინქტი? რამდენად მნიშვნელოვანია "სისხლით ერთობა" გრძნობაში, რომელიც აქვს დედას შვილის მიმართ? შეიძლება თუ არა განვიცადოთ ნამდვილი სიყვარული, თუკი ის ტყუილზე იქნება დაფუძნებული? რა გვირჩევნია - მტკივნეული სიმართლის გაგება, თუ სიმართლის არცოდნა და ამ არცოდნით ლაღი და უდარდელი ცხოვრება? ეს კითხვები დასმულია ყოველგვარი სწორხაზოვნების და პათოსის გარეშე, ალმოდოვარისთვის დამახასიათებელი სტილური და ჟანრული გრადაციებით, ცოტა არ იყოს "ვინტაჟური წაფენებით" დეტალებზე, რომლებიც ცალკეულ ეპიზოდებს აერთიანებენ.
ფილმის მსვლელობის პროცესში ვნებები იმდენად მძაფრდება და სიუჟეტი იმდენად მოულოდნელად იცვლის მიმართულებებს, რომ ალმოდოვარისთვის ტიპური ფემინისტური მანიფესტი თითქოს ქრება... მერე გაიღვიძებს, მაგრამ როგორ გაიღვიძებს! მეტი ვნებით, მეტი განცდებით, მეტი ცრემლით. თუმცა მაყურებელი აქ ხვდება, რომ ფილმის გმირების ცხოვრებაში პოლიტიკური ფონიც განსხვავებულია - ჯენისის მშობლები, ბებიები და ბაბუები რესპუბლიკელების მხარდამჭერები იყვნენ, ანას მამა აშკარად მემარჯვენე-კონსერვატორია. ეს განსხვავება მნიშვნელოვანი აღარაა, როცა ალმოდოვარი ორი ადამიანის ურთიერთობაზე, ორი ქალის დაახლოებაზე გვიყვება. წარმოუდგენლად რბილი გადასვლები ერთი ტემპორალურებიდან მეორეში, ალმოდოვარის კინოს ორგანული ნაწილია. მაგრამ ამ ფილმში პედრო არა მარტო ფორმალურ მთლიანობას აღწევს (თავისი ვიზუალური ნიჭით და სწორედაც რომ დათვალიერებისთვის განკუთვნილი კადრებით), არამედ, შეიძლება ითქვას, მთელი ესპანეთის (თუ არა მთელი სამყაროს) გაერთიანებასაც ახერხებს.
კი, ჯენისი, ისევე როგორც პედრო ალმოდოვარი, გულწრფელად შეწუხებულია საკუთარი ქვეყნის წარსულის მიმართ გულგრილობით და უპასუხისმგებლობით, რომელიც ანასთვის, საერთოდ, ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი. აქ როგორ არ გავიხსენოთ პედრო ალმოდოვარის "ახალგაზრდული კინო", რომლის მუდმივ ტირაჟირებას მოითხოვენ ხოლმე ზოგჯერ რეჟისორის ადრეული შემოქმედების თაყვანისმცემლები, თითქმის ბრძანებით რომ მიმართავენ: "არ დაბერდე, პედრო!", მაგრამ ალმოდოვარი 72 წლისაა! ამ ახალგაზრდულ თავქარიანობას (და, შესაბამისად, სექსუალურობას) ის უპირისპირებს პენელოპე კრუსის პერსონაჟის სასოწარკვეთილ სურვილს, გაერკვეს თავისი ქვეყნის წარსულში, თავისი ხალხის ცოდვებში. "არ იცი, რა ქვეყანაში ცხოვრობ?!" - ეკითხება ჯენისი ანას. არა, არ იცის. არ აინტერესებს. არა აქვს პროტესტის გრძნობა, სხვა, პარალელურ რეალობაში ცხოვრობს.
როგორი ნაცნობია ეს წუხილი ახალი თაობის გულგრილობის გამო! და როგორი ნაცნობია ახალი თაობის გაღიზიანება, როცა მათ მოქალაქეობრივ (და პოლიტიკურ) აქტიურობას ვთხოვთ ჩვენ, უფროსები.
ეგაა, რომ ალმოდოვარი არ იქნებოდა ალმადოვარი, ამ პარალელური ხაზების გაერთიანების რომ არ სჯეროდეს. სადღაც უსასრულობაში. მაგრამ მაინც - სჯერა, რომ სიბერე და სიჭაბუკე, საფლავი და საშვილოსნო, სიკვდილი და სიცოცხლე საბოლოო ჯამში მაინც ერთი მთლიანობაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პედრო ალმოდოვარი გამოუსწორებელი (და დაუბერებელი) ესპანელია.