Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 რამ, რაც ხელისუფლებამ (ვითომ) დათმო 2021 წელს


2021 წელმა საზოგადოების პროტესტის ფონზე ჩაიარა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამ პროტესტმა, ერთი შეხედვით, შედეგი გამოიღო, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთას ჯერ ასრულებდა, შემდეგ კი თავისი გადაწყვეტილებები ისევ უკან მიჰქონდა. გავიხსენოთ ხუთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი.

N1 „შარლ მიშელის შეთანხმება“

2021 წელს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირება იმდენად გამძაფრდა, რომ ქვეყანა მასშტაბური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, მთავრობას კი არჩევნების ხელახლა ჩატარება არ სურდა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე კონფლიქტის მოგვარების ყველა რესურსი ამოიწურა, საქმეში ევროკავშირი ჩაერთო და საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. მისი ინიციატივით, 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლის ხელმომწერებმა ვალდებულება იკისრეს, ერთი მხრივ, პარლამენტში შესვლაზე, მეორე მხრივ კი საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარებაზე. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"(პარტია შეთანხმებას სექტემბერში შეუერთდა), „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

შარლ მიშელი
შარლ მიშელი

„შარლ მიშელის შეთანხმება“ საზოგადოებაში კრიზისის დაძლევისკენ, დიალოგისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმებოდა, სანამ ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება ანულირებულად არ გამოაცხადა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მისი ცალმხრივად შესრულება მოჰბეზრდა.

„ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც უარი საქართველოს მხრიდან, გააგრძელოს სვლა დასავლეთისკენ. ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში პირველი იყო, ვინც ამ თემას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ პარტიას არა ქვეყნის, არამედ მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.

რატომ წავიდა მთავრობა საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ?

„ნებისმიერი გზით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას, ეს კი დიდხანს ვერ გაგრძელდება. საგარეო პოლიტიკაც იზოლაციონიზმისკენ მიდის, სტრატეგიულ პარტნიორებს არ უსმენ, მმართველობაში ჩართული არ არის ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია... ეს უკვე დემოკრატიის უკუსვლაც აღარაა, ეს არის ლტოლვა ავტორიტარიზმისკენ“, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

N2 გადაიყვანეთ სააკაშვილი

ბოლოს და ბოლოს გადაიყვანეთ სააკაშვილი ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში! - აღმოხდა აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში იან კელის, მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობისგან ციხეში გული წაუვიდა.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღიდან დაიწყო და 50 დღე გააგრძელა. თავდაპირველად ის სამართლიან სასამართლოს მოითხოვდა, შემდეგ კი მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის გავლა შესძლებოდა. ამას თან ერთოდა აქციები, გამოსვლები და დეპუტატ ელენე ხოშტარიას შიმშილობა იგივე მოთხოვნით. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ სახელმწიფო პატიმრებს სტანდარტის მიხედვით ეპყრობა და სააკაშვილის გამო გამონაკლის ვერ დაუშვებს.

ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანა, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

30 დეკემბერს ღამით კი ექსპრეზიდენტი ისევ რუსთავში, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი ჯერაც ძალიან ცუდადაა და გადაყვანისას მას წინააღმდეგობის გაწევის ძალაც კი არ ჰქონდა.

N3 ნამახვანი მორჩა თუ ჯერ არა?

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმეკაციანი პროტესტი დროთა განმავლობაში ლამის ახალ ეროვნულ მოძრაობად გადაიქცა. შიმშილობის აქციები, მრავალათასიანი მიტინგები, დაპირისპირება სპეცრაზმთან, საჯარო თუ დახურული დებატები...

საბოლოოდ "ნამახვანჰესი"ს მშენებელმა კომპანიამ, „ენკამ” განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და ჰესის აშენებაზე უარს ამბობს.

აქცია "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ
აქცია "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ

მაგრამ შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საზოგადოებრივმა ზეწოლამ ამჯერად მაინც მიზანს მიაღწია? „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თათული ჭუბაბრია მიიჩნევს, რომ ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, რადგან საბოლოოდ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

თავიდან დათმეს ის, რომ თქვეს, კაშხლის მშენებლობა გადაიდებაო. რომ ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ ამ მშენებლობაზე ჯერ არც იყო ნებართვა გაცემული. მერე ითქვა, რომ 99 წლით მიწის იჯარით გადაცემა არასწორია და კომპანიასთან ვადის შემცირებაზე მოილაპარაკებდნენ. მაგრამ მედიაციაზე ეს საკითხი არც კი დამდგარა.

ენკამგაავრცელა განცხადება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ შეწყდა მართლაც ეს პროექტი თუ არა, ჯერ ცნობილი არ არის. სამი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, 50/50-ზეა ალბათობა, რომენკაგავიდესო. მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას, ეხვეწებიან, რომენკადარჩეს“, - ამბობს თათული ჭუბაბრია.

N4 წალენჯიხა, როგორც გამონაკლისი

2021 წელს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. შედეგების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წალენჯიხა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მერად არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აირჩიეს. წალენჯიხა მაშინვე გახდა დაუმორჩილებლობისა და მომავალი ცვლილებების სიმბოლო. ოპოზიციური პარტიები და ბიზნესმენები წალენჯიხაში გადასახლებასა და იქ ბიზნესის წამოწყებაზეც კი ალაპარაკდნენ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მთავრობა, მონდომების შემთხვევაში, არჩევნების შედეგებს წალენჯიხაშიც გააყალბებდა, თუმცა ამჯერად ასე არ მოქცეულა.

კანდიდატებს შორის განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ წალენჯიხა ასეთ გაყალბებად არ უღირდათ. ამიტომ ტაქტიკურად უკან დახევა არჩიეს. თუმცა, მაგალითად უკან არ დაიხიეს ზუგდიდში“, - ამბობს ის.

N5 ნინოწმინდის პანსიონი

რამდენიმეთვიანი ბრძოლა და საზოგადოების მხარდაჭერა დასჭირდა სახალხო დამცველის აპარატს იმისთვის, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგისთვის შესულიყო.

ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა, როდესაც ომბუდსმენმა თქვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

ბლოკის მაღალი გალავნით შემოღობილი შენობა დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველისთვისაც დაკეტილი იყო და მედიისთვისაც. საბოლოოდ ნინო ლომჯარიამ პანსიონში შესვლა ივლისში მოახერხა, მას შემდეგ, რაც პანსიონმა დირექტორი შეიცვალა.

ნინო ლომჯარია და მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში.
ნინო ლომჯარია და მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის უამრავი ფაქტი გამოვლინდა. საზოგადოების ჩართულობის შედეგად, ნინოწმინდის აღსაზრდელების უმეტესობა ამჯერად პანსიონიდან სხვაგან გადაიყვანეს. ზაფხულში პანსიონი დატოვა 40-მდე აღსაზრდელმა. მათი ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ნაწილი მინდობით ოჯახში განთავსდა, ხოლო ექვსი აღსაზრდელი მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა. თუმცა პანსიონში დღემდე რჩება 15 არასრულწლოვანი.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადებში შემუშავდეს და დამტკიცდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა. ის ასევე მიმართავს პროკურატურას, გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე წარიმართოს სსკ-ის 144-ე მუხლით, რაც წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG